გასული კვირის მთავარი ტექნოლოგიური სიახლეები

გასული კვირის მთავარი ტექნოლოგიური სიახლეები

გასული კვირა საინტერესო ტექნოლოგიური სიახლეებით დატვირთული აღმოჩნდა: Meta-მ ავატარების მაღაზია წარმოადგინა, რითაც მეტავერსის ხორცშესხმისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა, ხოლო Amazon-მა აშშ-ში დრონებით მიწოდების სერვისი გაუშვა. თუმცა გასული კვირა საინტერესო იყო გარკვეული ინფორმაციის გავრცელებითაც: YouTube-მა განაცხადა, რომ მის მოკლემეტრაჟიან სერვისს, YouTube Shorts-ს ყოველთვიურად 1.5 მილიარდი მომხმარებელი ჰყავს, ხოლო გამოცემა The Verge-მა Facebook-ის ალგორითმის ცვლილების შესახებ განაცხადა. ამ და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს Forbes Georgia-ს ყოველკვირეულ ტექნოლოგიურ ბლოგში მოვუყარეთ თავი.

Meta-მ ავატარებისთვის ციფრული ტანსაცმლის მაღაზია შექმნა

ამიერიდან Facebook-ის, Instagram-ისა და Messenger-ის მომხმარებლები Meta-ს ავატარების მაღაზიით ისარგებლებენ, სადაც საკუთარი ავატარისთვის ცნობილი ბრენდების ციფრული სამოსის შეძენას შეძლებენ. აქვე უნდა ითქვას, რომ თავისთავად ეს გადაწყვეტილება, რეალურად, მეტავერსის იდეის ხორცშესხმისაკენ გადადგმული ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია – მარკ ცუკერბერგს არაერთხელ უთქვამს, რომ ციფრული პიროვნების იდეა  მეტავერსშიც ისეთივე მნიშვნელოვანი იქნება, როგორც რეალურ სამყაროში. თავისთავად ცხადია, რომ სამოსი – თვითგამოხატვის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი საშუალებაა.

ფოტო: Meta

„Facebook-ზე, Instagram-სა და Messenger-ში ავატარების მაღაზია გავუშვით, რომელშიც თქვენი ავატარისთვის ციფრული ტანსაცმლის შეძენას შეძლებთ. ციფრული ნივთები მეტავერსში თვითგამოხატვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება და შემოქმედებითი ეკონომიკის მნიშვნელოვანი დასაყრდენი იქნება. ერთი სული მაქვს, ბევრი ახალი ბრენდი დავამატოთ და ყველაფერი ეს ვირტუალურ რეალობაში მალე გადავიტანოთ. მე და ევა ჩენმა Balenciaga-ს, Prada-ს და Thom Browne-ის ახალი სამოსი გამოვცადეთ, რაც ერთგვარი სიახლეა ჩემს ნაჩეჩხაოიანი ქსოვილისგან დამზადებულ სვიტერთან შედარებით“ – წერს მარკ ცუკერბერგი Facebook-ში.

აღსანიშნავია, რომ ბრენდული ტანსაცმლის ფასების შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი, მაგრამ მოულოდნელი არ იქნება, თუ Balenciaga-ს და Prada-ს ციფრული ტანსაცმლისთვის მომხმარებლებს ნამდვილი ფულის გადახდა მოუწევთ. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ Meta-ს ავატარების მაღაზიაში მომხმარებელს უფასო ციფრულ ტანსაცმელსაც შესთავაზებენ.

მარკ ცუკერბერგის თქმით, Meta-ს ავატარების მაღაზიაში მხოლოდ ბრენდული ტანსაცმელი არ გაიყიდება – პირიქით, მაღაზია ღია იქნება დეველოპერებისთვისაც, რომლებიც იქ საკუთარი წარმოების ტანსაცმლის გაყიდვას შეძლებენ. Meta-ს ავატარების მაღაზია, ამ კვირიდან, თავდაპირველად ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადაში, ტაილანდსა და მექსიკაში გაეშვება.

როგორც უკვე აღინიშნა, Meta-ს ავატარების მაღაზიის შექმნა მეტავერსის იდეის სრულყოფისკენ კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. შეგახსენებთ, რომ თავად სამგანზომილებიანი ავატარებიც შედარებით ახალი ფუნქციონალია, რომელიც წლის დასაწყისში გაეშვა. მოგვიანებით ამ ავატარების გადატანას მომხმარებლები ვირტუალურ რეალობაში შეძლებენ, ხოლო დროთა განმავლობაში მათი გამოსახულება კიდევ უფრო დაიხვეწება და რეალური გახდება. რამდენიმე წელიწადში კი მათი გარჩევა რეალურისგან  თითქმის შეუძლებელი იქნება. ყოველ შემთხვევაში, სწორედ ასეთი გეგმა აქვს მარკ ცუკერბერგს.

ისე კი, ტექნოლოგიური კომპანიების მოდის ინდუსტრიის ცნობილ ბრენდებთან კოლაბორაცია – არახალია. გასულ წელს, მაგალითად, მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა ვიდეოთამაშმა, Fortnite-მა საკუთარ მომხმარებლებს Balenciaga-ს ციფრული ტანსაცმელი შესთავაზა, ხოლო ვიდეოთამაშ Roblox-ში მოთამაშეებს Gucci-ს ქალაქის დათვალიერება შეუძლიათ. თავისთავად ცხადია, რომ დღეს ამ ტენდენციის დასაწყისს ვუყურებთ და დროთა განმავლობაში ტექნოლოგიურ კომპანიებსა და მოდის ინდუსტრიაში არსებულ კომპანიებს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო დაიხვეწება.

დემოკრატ სენატორებს აშშ-ში უნივერსალური დასამუხტი პორტის შემოღება სურთ

დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი სენატორების ნაწილს, მათ შორის საკმაოდ მძიმეწონიან ელიზაბეტ უორენსა და ბერნი სანდერსს სურთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ტექნოლოგიური კომპანიებისთვის უნივერსალურ დასამუხტ პორტზე  გადასვლის აუცილებლობა შეიქმნას, – ამ შინაარსის წერილი გაუგზავნეს სენატორებმა ვაჭრობის დეპარტამენტის მდივანს, ჯინა რაიმონდოს.

თავისთავად ცხადია, რომ სენატორების ეს წერილი მათი ევროპელი კოლეგების ცოტა ხნის წინ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლის მიხედვით, ტექნოლოგიურ კომპანიებს დაევალათ, რომ 2024 წლის შემოდგომისთვის ევროკავშირის ბაზარზე გაყიდული ყველა სმარტფონი და პლანშეტი USB-C-ტიპის პორტით აღჭურვონ. შეგახსენებთ, რომ თავისთავად ამ კანონპროექტზე ევროკომისიამ მუშაობა ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში დაიწყო – მიზეზად მაშინ საერთო სტანდარტის შემოღების აუცილებლობა და ნაგავსაყრელებზე აღმოჩენილი კოლოსალური რაოდენობის დამტენებთან ბრძოლა დასახელდა.

ფოტო: WCCFTECH

„ევროკავშირმა საჯარო ინტერესის გათვალისწინებით იმოქმედა და ამ სამომხმარებლო და გარემოსდაცვით საკითხთან მიმართებით ძლევამოსილ ტექნოლოგიურ კომპანიებს აღუდგა“, – წერენ ამერიკელი სენატორები, რომელთა აზრით „ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იგივე უნდა გააკეთოს“.

დემოკრატი სენატორების აზრით, Apple-ის მსგავსი ძლევამოსილი ტექნოლოგიური კომპანიები კოლოსალური მოცულობის ელექტრონულ ნარჩენებს ქმნიან და თან, მრავალი სხვადასხვა ტიპის მოწყობილობის მქონე მომხმარებლებს არასაჭირო ფინანსურ წნეხს უქმნიან. „წლები გადის, ამერიკელები კი სულ უფრო და უფრო მეტ დასამუხტ კაბელს ყრიან ნაგავსაყრელებზე და სულ უფრო და უფრო მეტ ფულს უხდიან ტექნოლოგიურ კომპანიებს ახალი დასამუხტი კაბელების საყიდლად“, – განაცხადა დემოკრატმა სენატორმა, ედ მარკიმ გამოცემა The Verge-თან საუბრისას.

თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკელი სენატორების მიერ შემოთავაზებული კანონპროექტი ევროკავშირის საკანონმდებლო ინიციატივისგან იმით განსხვავდება, რომ ის უნივერსალურ სტანდარტად USB-C-ტიპის პორტის დაკანონებას არ ითხოვს – სენატორები ვაჭრობის დეპარტამენტს საკუთარი სტრატეგიის შემუშავებისკენ მოუწოდებენ.

საინტერესოა, რომ ამერიკელი სენატორებისგან წამოსული ამგვარი მოთხოვნა მოულოდნელი სულაც არ არის, რადგან ხშირად ხდება ისე, რომ ტექნოლოგიური სფეროს რეგულირებისას, ამერიკელი კანონმდებლები მათი ევროპელი კოლეგების გამოცდილებას იზიარებენ.

Facebook-ის ალგორითმი იცვლება – სოციალურ ქსელს სურს, TikTok-ს დაემსგავსოს

როგორც ჩანს, უახლოეს მომავალში Facebook-ის ალგორითმი ისე შეიცვლება, რომ სოციალური ქსელი მის ჩინურ კონკურენტს, TikTok-ს დაემსგავსება, – ასეთი შინაარსის შიდა წერილი ამერიკულმა გამოცემამ, The Verge-მა გაავრცელა. Meta-ს აღმასრულებლები ფიქრობენ, რომ სოციალური ქსელი არასაკმარისად სწრაფად ვითარდება და Facebook-ზე TikTok-ის მსგავსი პლატფორმის, Reels-ის დამატება ჩინურ კომპანიასთან კონკურირებისთვის საკმარისი არ არის.

როგორც აპრილით დათარიღებული შიდა წერილიდან ირკვევა, Meta-ს ერთ-ერთი აღმასრულებელი, ტომ ალისონი ფიქრობს, რომ Facebook-ის მომხმარებლებმა მხოლოდ დამეგობრებული ადამიანების და გამოწერილი გვერდების პოსტები კი არ უნდა ნახონ, არამედ ყველა ისეთი პოსტი, რომელიც მათ ინტერესებთან თემატურად ახლოს იქნება – სწორედ ისე, როგორც TikTok-ის ალგორითმი ფუნქციონირებს. ამასთანავე, Meta-ს Facebook-ისა და Messenger-ის პლატფორმების გაერთიანებაც სურს, რათა სოციალური ქსელი TikTok-ს შეტყობინებების გაგზავნის ფუნქციონალითაც დაემსგავსოს.

ფოტო: Alex Castro / The Verge

საინტერესოა, რომ ამგვარი მიდგომა Meta-სთვის ახალი სულაც არ არის – კომპანიამ ტრანსფორმაცია მაშინაც განიცადა, როცა მის მთავარ კონკურენტად იმ დროს ძალიან სწრაფად მზარდი Snapchat-ი წარმოადგენდა – თუმცა, TikTok-ის შემთხვევაში, Facebook-ს გაცილებით უფრო დიდი და ძლევამოსილი კონკურენტი ჰყავს რომელთან ბრძოლა არცთუ ისე მარტივია.

საინტერესოა, რომ მას მერე, რაც The Verge-მა ტომ ალისონის შიდა წერილი მოიპოვა, Facebook-ის აღმასრულებელი გამოცემასთან ინტერვიუს დათანხმდა. როგორც გაირკვა, Facebook-ისთვის TikTok-ი მართლაც სერიოზული კონკურენტია, რომლის დასამარცხებლად მხოლოდ ერთი გზა არსებობს – Facebook-მა მომხმარებელს ისეთივე დახვეწილი ფუნქციონალი უნდა შესთავაზოს, როგორიც TikTok-ის „For You“ გვერდია. ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები Facebook-მა უკვე გადადგა, როცა საკუთარ News Feed-ს პირველი სიტყვა ჩამოაშორა.

თუმცა TikTok-ისა და Facebook-ის მთავარი გვერდები ერთმანეთისგან მაინც საგრძნობლად განსხვავდება და ამის მთავარი მიზეზი სწორედაც რომ ალგორითმია. საქმე ისაა, რომ Facebook-ი მომხმარებლის გემოვნებას იმის მიხედვით სწავლობს, თუ ვის უმეგობრდება ან რა გვერდის გამომწერი ხდება ის. რაც შეეხება TikTok-ის ალგორითმს, ის გაცილებით უფრო დახვეწილია, რადგან მომხმარებელთა თვისებებს სწავლობს და მათ ვიდეოებს ისე სთავაზობს, რომ მომხმარებლებს მათი კრეატორების გამოწერა არც კი სჭირდებათ. ამგვარად, შეიძლება TikTok-ის მომხმარებელს გამომწერები სულაც არ ჰყავდეს, მაგრამ ერთ დღეში ინფლუენსერად მაინც იქცეს.

თავისთავად ცხადია, რომ ეს განსხვავებები კომპანიების ფინანსურ მონაცემებზეც აისახება: მობილური აპლიკაციების კვლევითი ორგანიზაციის, Sensor Tower-ის ინფორმაციით, TikTok-ი, რომელსაც ჩინური კონგლომერატი, ByteDance-ი ფლობს, საერთო ჯამში, 3.6 მილიარდჯერ არის გადმოწერილი. გასულ წელს TikTok-ი 20%-ით უფრო ხშირად გადმოიწერეს, ვიდრე Facebook-ი და 21%-ით უფრო ხშირად, ვიდრე – Instagram-ი. ამასთანავე, მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში iPhone-ის მომხმარებლებმა TikTok-ში 78%-ით მეტი დრო დაყვეს, ვიდრე Facebook-ზე.

ისე კი, Facebook-ის მდგომარეობა არცთუ ისე სავალალოა, კომპანიას ხომ 2.94 მილიარდი ყოველთვიური მომხმარებელი ჰყავს. თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ Facebook-მა პიკური მაჩვენებელი უკვე გამოიარა. ამ მოსაზრებას ის ფაქტიც ამყარებს, რომ გასული წლის ბოლოს Facebook-ის მომხმარებელთა რიცხვი კომპანიის ისტორიაში პირველად შემცირდა. ამასთანავე, კომპანიიდან გამოჟონილი შიდა დოკუმენტაციით ირკვევა, რომ Facebook-ის მომხმარებელთა საშუალო ასაკი საგრძნობლადაა მომატებული, რაც ზემოხსენებული ტრენდის 180 გრადუსით შემოტრიალების სირთულეზე მიუთითებს.

ამ ყველაფრის ფონზე, Facebook-ის ტრანსფორმაციის შესახებ გავრცელებული სიახლეები უცნაურად საერთოდ აღარ გვეჩვენება – პირიქით, ჩნდება მოსაზრება, თითქოს ეს აუცილებელიც კი არის.

YouTube Shorts-ის ვიდეოებს ყოველთვიურად 1.5 მილიარდ ადამიანზე მეტი უყურებს

თავისთავად ცხადია, რომ სოციალური ქსელების ბაზარზე TikTok-ის გამოჩენის შემდეგ Facebook-ი ერთადერთი პლატფორმა არ იყო, რომელმაც ჩინური გიგანტისგან განსაკუთრებული წნეხი განიცადა – ანალოგიურ მდგომარეობაში აღმოჩნდა ამერიკული YouTube-იც, რომელმაც 2020 წელს TikTok-ის მსგავსი პლატფორმა, YouTube Shorts-ი გაუშვა და, როგორც ირკვევა, ეს სერვისი საკმაოდ წარმატებულიც აღმოჩნდა.

გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ YouTube Shorts-ის ვიდეოებს, ყოველთვიურად, პლატფორმის სისტემაში შესული 1.5 მილიარდი ადამიანი უყურებს – ამგვარი რიცხვი განსაკუთრებით საყურადღებოა, რადგან უშუალოდ YouTube-ზე, ყოველთვე, 2 მილიარდი სისტემაში შესული ადამიანი სტუმრობს.

როგორც მოგახსენეთ, YouTube Shorts-ი ჯერ კიდევ 2020 წელს გაეშვა, როგორც TikTok-ის ერთგვარი კლონი. მას მერე მოკლემეტრაჟიანი ვიდეოების ამ პლატფორმამ YouTube-ზე ფეხი მყარად აიდგა – Google-ის ინფორმაციით, Shorts-ზე განთავსებულ ვიდეოებს ყოველდღე 30 მილიარდი ნახვა უგროვდებათ.

ფოტო: YouTube

„ამგვარი გაფართოების, პლატფორმაზე მულტიფორმატული კრეატორის ახალი ტრენდი შეიქმნა“, – ვკითხულობთ YouTube-ის პრესრელიზში. თუმცა ზემოხსენებული ტრენდის გაჩენა არცთუ ისე ბუნებრივად მოხდა, რადგან YouTube Shorts-ის მიმართულების გასააქტიურებლად კომპანიამ $100-მილიონიანი ფონდი შექმნა, რომლიდანაც პოპულარულ კრეატორებს ყოველთვიურად $10 ათასამდე ხვდათ წილად. ცხადია, რომ ჰონორარის სახით გაცემული ანაზღაურება ინდივიდუალურად, ამა თუ იმ კრეატორის მიერ მოგროვებული ნახვების მიხედვით დგებოდა.

საინტერესოა, რომ ტრადიციულად YouTube-ი იმგვარ სოციალურ ქსელად ითვლება, რომელიც პლატფორმაზე რეგისტრირებულ კრეატორებს ფულის შოვნის ყველაზე მეტ საშუალებას აძლევს. თუმცა Shorts-ის შემთხვევაში, ეს პროცესი ჯერ კიდევ არ არის დადგენილი – კომპანია მონეტიზაციის სხვადასხვა გზას ეძებს. თუმცა YouTube-ს ეს არ გაუჭირდება, მით უმეტეს, როცა კომპანიის მიერ შექმნილ ახალ ქვეპლატფორმას, YouTube Shorts-ს, ყოველთვიურად, სისტემაში შესული 1.5 მილიარდი მომხმარებელი იყენებს.

Pinkfong-მა Baby Shark-ის მეორე NFT-კოლექცია გამოუშვა

გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ სამხრეთკორეულმა Pinkfong-მა, რომელსაც YouTube-ის ყველა დროის ყველაზე მეტჯერ ნანახი ვირუსული ვიდეო, Baby Shark-ი ეკუთვნის, ამ სიმღერის გმირების გამოსახულებით რიგით მეორე NFT-კოლექცია გამოუშვა. აღნიშნული კოლექცია ხელოვნურად დაგენერირებული ათი ათასი NFT-ნამუშევრისგან შედგება, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული NFT-კოლექციის, Bored Ape Yacht Club-ის მიხედვით არის შექმნილი.

ფოტო: Pinkfong

როგორც ირკვევა, ეს Baby Shark-ის თემატიკაზე შექმნილი რიგით მეორე NFT-კოლექციაა. პირველი NFT-კოლექცია, რომლის შესახებ ცნობები არცთუ ისე ფართოდ იყო გავრცელებული, თურმე გასული წლის ბოლოს გამოჩნდა და გამოსვლისთანავე სრულად გაიყიდა. საინტერესოა, რომ ამ NFT-ებში ადამიანებმა ასობით და ათასობით დოლარი გადაიხადეს.

Amazon- წელს კალიფორნიაში დრონებით მიწოდების პირველ სერვისს აამოქმედებს

Amazon-მა განაცხადა, რომ წელს შტატ კალიფორნიის ქალაქ ლოქფორდში დრონებით მიწოდების პირველ სერვისს გაუშვებს – ამ ეტაპზე კომპანია შესაბამისი მარეგულირებლის ნებართვას ელოდება. „დრონებით მიწოდების სერვისის შექმნის დაპირება ხშირად სამეცნიერო ფანტასტიკას ჰგავდა“, – ვკითხულობთ Amazon-ის პრესრელიზში. „ამ რეალობის შესაქმნელად თითქმის ათწლეული ვიმუშავეთ“.

როგორც ირკვევა, შტატ კალიფორნიის ქალაქი ლოქფორდი, რომელშიც 4000-მდე ადამიანი ცხოვრობს, Amazon-ს შემთხვევით არ შეურჩევია, რადგან ის საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილია გლობალური საავიაციო ინდუსტრიისთვის – სწორედ ამ ქალაქში ცხოვრობდა ავიაციის ერთ-ერთი პიონერი, უელდონ ბაქსტერ კუკი. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ლოქფორდი ამ ტექნოლოგიისთვის სატესტო ადგილია – კომპანია გვპირდება, რომ სულ მალე დრონებით მიტანის სერვისი სხვა ქალაქებშიც ამოქმედდება.

ფოტო: Amazon

„ლოქფორდში სერვისის გაშვების პარალელურად, ადგილობრივ კომუნაში ინვესტიციას განვახორციელებთ, სამუშაო ადგილებს შევქმნით, ადგილობრივ ორგანიზაციებთან პარტნიორობას საფუძველს ჩავუყრით და ნახშირორჟანგის ემისიების შემცირებაში საკუთარ წვლილს შევიტანთ – ყველაფერი ეს იმ ფუტურისტული ტექნოლოგიის წყალობით, რომელსაც შეუძლია, ერთ დღეს ისეთივე ჩვეულებრიობად იქცეს, როგორიც Amazon-ის ავტოფურგონის გამოჩენაა თქვენი სახლის მისადგომებთან“, – ვკითხულობთ კომპანიის პრესრელიზში.

ამანათების დრონებით მიტანის სერვისის ფუნქციონალს Amazon-ი შემდეგნაირად ხსნის: მას მერე, რაც ლოქფორდის მცხოვრებლები სპეციალური წესით დარეგისტრირდებიან, აპლიკაციაში ის ნივთები გამოუჩნდებათ, რომელთა მიტანა Prime Air-ის სერვისით იქნება შესაძლებელი. ნივთის შეძენის შემდეგ კი მოტანის სავარაუდო დროც გამოუჩნდებათ, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება ხოლმე. „ამანათებისთვის დრონი გამოძახების მისამართზე მიფრინდება, მომხმარებლის უკანა ეზოში უსაფრთხო სიმაღლემდე დაეშვება, ამანათს ჩამოაგდებს და უკან გაფრინდება“, – წერია Amazon-ის განცხადებაში.

საინტერესოა, რომ მიტანის სერვისში ამ ტექნოლოგიის ინტეგრირებაზე საუბარი  არახალია: Amazon-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ჯეფ ბეზოსმა ჯერ კიდევ 2013 წელს განაცხადა, რომ დრონებით მიტანის სერვისი ხუთ წელიწადში ამოქმედდებოდა. ამ დანაპირებმა სახე 2019 წელს იცვალა, როცა Amazon-მა განაცხადა, რომ ეს სერვისი რამდენიმე თვეში გაეშვებოდა. აღსანიშნავია, რომ მედია იმ თემაზეც სპეკულირებდა, თითქოს დრონებით მიტანის სერვისს Amazon-ი საკუთარი პრემიუმ-მიტანის სერვისის, Amazon Prime-ის რეკლამისთვის იყენებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *