გასული კვირის მთავარი ტექნოლოგიური სიახლეები

გასული კვირის მთავარი ტექნოლოგიური სიახლეები

თამამად შეიძლება ითქვას, რომ გასული კვირა ტექნოლოგიური სიახლეებით ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული აღმოჩნდა: Amazon-მა საყოფაცხოვრებო რობოტების შემქმნელი კომპანია, iRobot-ი შეიძინა, ხოლო Tencent-მა Ubisoft-ში საკუთარი წილის გაზრდა გადაწყვიტა. აქვე უნდა ითქვას, რომ ძალზე მნიშვნელოვანი სიახლეები დაფიქსირდა კრიპტომიმართულებითაც: ამერიკის უდიდესმა კრიპტობირჟამ, Coinbase-მა აქტივების მართვის მსოფლიოს უმსხვილეს კომპანიასთან, BlackRock-თან თანამშრომლობა დააანონსა, ხოლო მსოფლიოს ერთ-ერთმა წამყვანმა ფინტექ-სტარტაპმა, Revolut-მა, კრიპტოაქტივების მიმართულებით ასობით ახალი ვაკანსია გამოაქვეყნა. ამ და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს Forbes Georgia-ს ყოველკვირეულ ტექნოლოგიურ ბლოგში მოვუყარეთ თავი.

Amazon-მა საყოფაცხოვრებო რობოტების შემქმნელი კომპანია iRobot-ი შეიძინა

გასულ კვირას, ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში საინტერესო შესყიდვა დაფიქსირდა: მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე ძვირად ღირებულმა კომპანიამ, ამერიკულმა Amazon-მა საყოფაცხოვრებო გამოყენების რობოტების შემქმნელი ამერიკული კომპანია, iRobot-ი $1.7 მილიარდად შეიძინა, – ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ვკითხულობთ.

ფოტო: Amazon

„ვიცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დროის დაზოგვა, ხოლო ყოველდღიურ რუტინულ საქმიანობას იმ ძვირფას დროს გვახარჯვინებს, რომლის უკეთ გამოყენება მომხმარებლებს მათი საყვარელი საქმიანობისთვის შეუძლიათ“, – განაცხადა Amazon Devices-ის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა, დეივ ლიმპმა. „მრავალი წლის განმავლობაში, iRobot-ის გუნდმა დაამტკიცა, რომ საკუთარი საოცრად პრაქტიკული და ინოვაციური პროდუქტებით დასუფთავების პროცესის შეცვლა შეუძლია – ეს ეხება ყველაფერს, დაწყებული იმით თუ სად და როდის სურთ მომხმარებლებს დალაგება, მათ შორის გარკვეული წინაღობების გადალახვით, და დამთავრებული ნაგვის ურნის ავტომატური დაცლით. iRobot-ის პროდუქტები მომხმარებლებს ძალიან უყვართ და მოხალული ვარ, რომ iRobot-ის გუნდთან ერთად ვიმუშავებ, რათა ადამიანების ცხოვრება კიდევ უფრო მარტივი და სასიამოვნო გავხადოთ“.

ცნობისთვის გეტყვით, რომ iRobot-ი საყოფაცხოვრებო რობოტების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ბაზარზე ჯერ კიდევ 2002 წელს გამოჩნდა, როცა Roomba-ს ბრენდის პირველი რობოტი მტვერსასრუტი გამოუშვა. დღეს iRobot-ი გლობალური ბრენდია, რომელსაც მილიონობით რობოტი აქვს გაყიდული, რომლებიც, უმეტესწილად, დასუფთავების მიმართულებით გამოიყენება. თუმცა, iRobot-ის რობოტების ერთ-ერთი გამორჩეული უპირატესობა ისაა, რომ ტექნოლოგია, რომელსაც ისინი საცხოვრებელი ფართის რუკის შესადგენად და წინააღმდეგობების გადასალახავად იყენებენ – კონკურენტებთან შედარებით საკმაოდ განვითარებულია.

iRobot-ის და ნებისმიერი სხვა ჭკვიანი მტვერსასრუტის სამუშაო პროცესი, ასეთია: თავდაპირველად, iRobot-ის თითოეული რობოტი საცხოვრებელი ფართის დეტალურ რუკას ადგენს, რომელზეც ასახულია არამხოლოდ იატაკი, არამედ სხვადასხვა ტიპის წინაღობები, რომელთა გადალახვა რობოტს არ შეუძლია, მათ შორის ტახტები, კარები, ხალიჩები და სხვადასხვა ნივთები. მას მერე, რაც რობოტი ამგვარ რუკას შეადგენს, მომხმარებლის სახლის იატაკს ის დღეში რამდენიმეჯერ წმენდს და თუკი ამ დროს გარკვეული ნივთების განლაგება შეიცვლება, რობოტი ამ განსხვავებებს ავტომატურად აღწერს. თუმცა, ეს ყველაფერი როდია: საქმე ისაა, რომ iRobot-ის უახლესი მოდელის, j7-ის წინა მხარეს დამონტაჟებულია ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ჭკვიანი კამერა, რომელმაც გამოშვებიდან დღემდე, ადამიანების სახლებში 43 მილიონზე სხვადასხვა ნივთი ამოიცნო.

ფოტო: The Verge

ამგვარად, Amazon-ის მიერ iRobot-ის შესყიდვა მოულოდნელი სულაც არ არის, რადგან საყოფაცხოვრებო რობოტების მწარმოებელი კომპანიის დამატებით, ამერიკულმა გიგანტმა ჭკვიანი სახლის ტექნოლოგიების საკუთარ ბიზნესს კიდევ ერთი შრე შემატა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მთავარი დეტალი, რომელიც გარიგებას საფუძვლად დაედო, ის iRobot-ის მაღალგანვითარებული ტექნოლოგიაა, რადგან ჭკვიანი სახლების მოწყობის ბიზნესში,  საცხოვრებელი ფართის ამსახველი რუკა – ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსია. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ამგვარად, მსოფლიოს უდიდეს ონლაინმაღაზიას შესაძლებლობა უჩნდება მომხმარებლის ქცევა კიდევ უფრო საფუძვლიანად შეისწავლოს, რაც თავისთავად, კომპანიას მეტად მიზანმიმართული რეკლამის კეთების საშუალებას მისცემს.

თავისთავად ცხადია, რომ ამგვარი ინფორმაცია ერთგვარი ციფრული ოქროა ელექტრონულ კომერციაში ჩართული კომპანიებისთვის, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ეს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასთან დაკავშირებით გარკვეულ ლეგიტიმურ ეჭვებს აჩენს. ადამიანებს ავტომატიზაციის პროცესი მოსწონთ და სურთ, რომ მან გაცილებით უკეთესად იმუშაოს, მაგრამ არა საკუთარი ცხოვრების მეტად პირადული დეტალების გაზიარების ხარჯზე, ცხადია. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ საქმე მხოლოდ ჭკვიან მტვერსასრუტთან არ გვაქვს – Amazon-ი  ჭკვიანი კამერების კომპანიას, Ring-ს და Echo-ს ბრენდის ჭკვიან დინამიკებს ფლობს, რომლებიც მუდმივად ჩართულია. ამგვარად, სხვადასხვა ტექნოლოგიური პროდუქტების გაერთიანებით, Amazon-ს მისი მომხმარებლების ყოველდღიურ ცხოვრებაზე კოლოსალური ინფორმაციის მოგროვება შეუძლია.

როგორც ჩანს, ამ გარიგებაში Amazon-ს თავად ტექნოლოგია და მისი შესაძლებლობები უფრო აინტერესებს, ვიდრე ჭკვიანი მტვერსასრუტები, რომელთა შექმნა Amazon-ს თავადაც შეუძლია – ამაზე მიუთითებს ისიც, რომ iRobot-ი კომპანია ახლა შეიძინა და არა წლების წინ, როცა ეს გაცილებით უფრო იაფი დაუჯდებოდა. თუმცა, რამდენიმე წლის წინ ადამიანების საცხოვრებელი ფართის აღწერის ტექნოლოგია ისეთი დახვეწილი არ ყოფილა, როგორიც დღეს არის. თუმცა, მიუხედავად ამისა, iRobot-ი Amazon-მა მაინც შედარებით იაფად შეისყიდა – მას მერე, რაც კომპანიამ შემოსავლის 30%-იანი კლება დააფიქსირა.

საინტერესოა ისიც, რომ ამგვარი მონაცემების მოგროვება Amazon-მა თავისით სცადა, როცა ბაზარზე საკუთარი წარმოების ჭკვიანი სახლის რობოტი, ასტრო გამოუშვა, რომელიც, თავის დროზე, ამერიკული გიგანტის ყველაზე ამბიციურ საყოფაცხოვრებო პროდუქტად ითვლებოდა მასში გაერთიანებული რობოტიკის, ხელოვნური ინტელექტის, სახლის მონიტორინგისა და ქლაუდ-სერვისების გამო. აღსანიშნავია, რომ რეალურად, ტექნოლოგიური თვალსაზრისით, ასტროს შეუძლია ყველაფერი ის, რაც iRobot-ის ჭკვიან მტვერსასრუტებს (გარდა დალაგებისა, ცხადია). თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ასტრო, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ ლიმიტირებული რაოდენობითაა გამოშვებული და თან ათასი დოლარი ღირს, კომპანიას იმ მასშტაბის ინფორმაციას ვერ მიაწვდის, რასაც iRobot-ის მტვერსასრუტები.

Amazon-ის სახლის რობოტი | ფოტო: Amazon via The Verge

ამგვარად, იმ კონტექსტის გათვალისწინებით, რომელსაც iRobot-ის საყოფაცხოვრებო რობოტები Amazon-ს სხვა ტიპის ჭკვიან მოწყობილობებთან ერთად სთავაზობენ, ეს შერწყმა მსოფლიოს უდიდეს ონლაინმაღაზიას საკუთარი მომხმარებლების კიდევ უფრო უკეთესად გაცნობის საშუალებას მისცემს, რაც თავისთავად, დადებითად აისახება არამხოლოდ კომპანიის ფინანსურ მაჩვენებლებზე, არამედ მის ჰეგემონიაზეც.

კრიპტობირჟა Coinbase-ი აქტივების მართვის უმსხვილეს კომპანიასთან, BlackRock-თან თანამშრომლობას აანონსებს

ამერიკის შეერთებული შტატების უდიდესმა კრიპტობირჟამ, რომლის აქციები Nasdaq-ის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება, აქტივების მართვის მსოფლიოს უმსხვილეს კომპანიასთან, BlackRock-თან თანამშრომლობას აანონსებს, – ამის შესახებკრიპტობირჟის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ვკითხულობთ.

თანამშრომლობის ფარგლებში, BlackRock-ი, რომელიც $10 ტრილიონი აქტივებს მართავს, Coinbase-ისგან სხვადასხვა ტიპის კრიპტოსერვისებს მიიღებს, მათ შორის საინვესტიციო და ტრეიდინგ-პლატფორმებზე წვდომას. ამასთანავე, თანამშრომლობის შედეგად, BlackRock-ის მენეჯმენტი ინსტიტუციურ და ინდივიდუალურ ინვესტორებს და ფონდებს საკუთარ პორტფელში კრიპტოაქტივების დამატებას შესთავაზებს, რასაც, ტექნიკურად, Coinbase-ი უზრუნველყოფს.

აღსანიშნავია, რომ საბროკერო პარტნიორად Coinbase-ის არჩევა შემთხვევითი არ ყოფილა და ის მეტად მარტივი მიზეზითაა განპირობებული – ის მსოფლიოს ერთადერთი კრიპტობირჟაა, რომლის აქციები ამერიკულ საფონდო ბირჟაზე არის განთავსებული და შესაბამისად, მისი ფინანსური ანგარიშგება და საქმიანობა სრულად გამჭვირვალეა, რაც BlackRock-ის მსგავსი ავტორიტეტული ფინანსური ორგანიზაციისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

საინტერესოა, რომ ამგვარი თანამშრომლობა მეტად დროულია. საქმე ისაა, რომ BlackRock-ის წარმომადგენლობის განმარტებით, ინვესტორების მიერ ციფრული და კრიპტოაქტივებით დაინტერესება მუდამ იზრდება, რის გამოც, კაპიტალის მართვის მსოფლიოს უმსხვილესი ორგანიზაცია თავს ვალდებულად მიიჩნევს, რომ მომხმარებელს ეს საინვესტიციო შესაძლებლობაც შესთავაზოს.

„ჩვენი ინსტიტუციური კლიენტები მეტად დაინტერესებულნი არიან ციფრული აქტივების ბაზრებით და სურთ, ამ აქტივების საოპერაციო ციკლების ეფექტიანად მართვაში უკეთ გაერკვნენ“, – განაცხადა BlackRock-ის სტრატეგიული ეკოსისტემური პარტნიორობების გლობალურმა ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ჩალომმა.

თავისთავად ცხადია, რომ ამ კოლოსალურად მნიშვნელოვან სიახლეს ინვესტორები და ტრეიდერები დადებითად შეხვდნენ, რის გამოც Coinbase-ის აქციების ღირებულება მკვეთრად გაიზარდა – ერთკვირიან ჭრილში, ეს მაჩვენებელი დაახლოებით 50%-ითაა გაზრდილი. რაც შეეხება BlackRock-ის აქციათა ღირებულებას, ის 5.3%-ით გაიზარდა.

ჩინურ Tencent-ს სურს Ubisoft Entertainment-ის უმსხვილესი აქციონერი გახდეს

გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ჩინურ ტექნოლოგიურ გიგანტს, Tencent Holdings-ს სურს, რომ ვიდეოთამაშების ფრანგულ დეველოპერის, Ubisoft Entertainment-ის უმსხვილესი აქციონერი გახდეს, – სიახლის შესახებ, პირველად Reuters-მა დაწერა. როგორც ირკვევა, წამყვანი ჩინური სუპერ აპის (და შეიძლება ითქვას, რომ ჰიპერ აპისაც კი), WeChat-ის შემქმნელ Tencent-ს სურს, რომ ფრანგულ კომპანიაში საკუთარი წილი 15%-მდე გაზარდოს და ამისთვის, აქციების შეძენას საჯარო ინვესტორებისგანაც არ გამორიცხავს.

ფოტო: WCCFTECH

შეგახსენებთ, რომ Tencent-ი ამ დრომდეც იყო Ubisoft-ის აქციონერი – ფრანგული ტექნოლოგიური კომპანიის 5%-იანი წილი ჩინურმა გიგანტმა ჯერ კიდევ 2018 წელს შეიძინა. Reuters-ის ინფორმაციით, Tencent-ის მესვეურები უკვე დაუკავშირდნენ Ubisoft-ის 15%-იანი წილის მფლობელ ფრანგულ კომპანიას, Guillemot-ს და საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ აუწყეს. ცნობისთვის გეტყვით, რომ დღეს, Ubisoft-ი, რომელიც მათ შორის Assassin’s Creed-ის, Prince of Persia-ს და Ranbow Six-ის ფრენჩაიზებს ფლობს, $5.3 მილიარდადაა შეფასებული.

აღსანიშნავია, რომ პოტენციური შეთანხმება იმითაც არის საინტერესო, რომ ეს Tencent-ის პირველი საერთაშორისო გარიგება იქნება 2020 წლის ბოლო თვეების შემდეგ, როცა ჩინეთში ტექნოლოგიურ კომპანიებთან დაკავშირებით კანონმდებლობა გამკაცრდა. აქვე უნდა ითქვას, რომ Tencent-ის პორტფელში საერთაშორისო კომპანიების წილის გაზრდის გარდა, ამგვარი გარიგება ჩინურ კომპანიას ადგილობრივ ბაზარზეც უფრო კონკურენტუნარიანს გახდის – შეგახსენებთ, რომ ჩინეთის ვიდეოთამაშების ბაზარი მსოფლიოში უდიდესია.

იმ შემთხვევაში, თუკი Ubisoft-ის ერთ აქციაში Tencent-ი €100-ს გადაიხდის, რაზეც რამდენიმე წყარო საუბრობს, საბოლოო ჯამში, ეს 127%-იანი პრემია იქნება კომპანიის აქციის მიერ ბოლო სამი თვის განმავლობაში დაფიქსირებულ ფასთან შედარებით. თავად ეს ფასი კი, არც თუ ისე შორსაა კომპანიის აქციების ფასის მიერ 2018 წელს დაფიქსირებულ მაქსიმუმთან – მაშინ, კომპანიის აქციები €108-დ ივაჭრებოდა.

აღსანიშნავია, რომ Tencent-ს ახალი ვიდეოთამაშების გამოსაშვებად საჭირო ლიცენზია ჩინური მარეგულირებლისგან გასული წლის ივნისის შემდეგ თითქმის ცხრა თვის განმავლობაში არ მიუღია. მოგვიანებით, ლიცენზიების გაცემა განახლდა, მაგრამ Tencent-ის მიერ გამოსაშვებ ვიდეოთამაშებზე არც ერთი მათგანი არ გავრცელებულა. ამგვარად, Tencent-მა ამა წლის მაისში განაცხადა, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, კომპანიის მიერ ჩინეთის ბაზარზე დაფიქსირებული შემოსავალი 1%-ით შემცირდა, ხოლო საერთაშორისო ბაზარზე 4%-ით გაიზარდა.

აქვე უნდა ითქვას, რომ Ubisoft-ი ერთადერთი დასავლური კომპანია არ არის, რომლის აქციონერად ჩინური Tencent-ი გვევლინება. ფრანგული კომპანიის გარდა, Tencent-ი წილებს ფლობს ამერიკულ Epic Games-სა და Riot Games-ში. შეგახსენებთ იმასაც, რომ 2016 წელს, ჩინურმა გიგანტმა $8.6 მილიარდად შეიძინა მობილური ვიდეოთამაშების მწარმოებელი Supercell-ი, რომლის ფლაგმანი თამაშია საკულტო Clash of Clans-ი. ამასთანავე, Tencent-ი 9%-იან წილს ფლობს ბრიტანულ Frontier Developments-ში.

ამგვარად, Ubisoft-ში საკუთარი წილის გაზრდა ჩინური ტექნოლოგიური გიგანტის საერთაშორისო ექსპანსიის კიდევ ერთი ნაბიჯია.

PayPal-ის ფინანსურ დირექტორად EA-ის ყოფილი აღმასრულებელი, ბლეიკ იორგენსენი დაინიშნა

მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ფინანსურ-ტექნოლოგიური კომპანიის, PayPal-ის ფინანსურ დირექტორად ვიდეოთამაშების მწარმოებელი ამერიკული გიგანტის, Electronic Arts-ის ყოფილი ფინანსური დირექტორი, ბლეიკ იორგენსენი დაინიშნა, – ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს. აღსანიშნავია, რომ ამ თანამდებობაზე იორგენსენი ჯონ რეინის შეცვლის, რომელიც, თავის წილ, PayPal-იდან Walmart-ში გადაბარგდა. აღსანიშნავია, რომ იორგენსენი, რომელმაც ბოლო დეკადა Electronic Arts-ში დაყო, სადაც ფინანსური დირექტორისა და ოპერაციული დირექტორის თანამდებობებს იკავებდა, მანამდე ფინანსებს Levi Strauss & Co.-ში მუშაობდა, ამავე თანამდებობაზე.

ფოტო: PayPal

როგორც ჩანს, იორგენსენს PayPal-ის არაერთი ფინანსური პრობლემის მოგვარება მოუწევს. შეგახსენებთ, რომ ამა წლის თებერვალში ამერიკულმა კომპანიამ მიმდინარე წლის მოსალოდნელი მოგების მაჩვენებელი შეამცირა, რაც, უმეტესწილად, ელექტრონული კომერციის ინდუსტრიის მიერ პანდემიის დროს დაფიქსირებული მაჩვენებლების გადინების შედეგია. თუმცა, ამასთანავე, ინდუსტრიის წინაშე სხვა პრობლემებიც დგას, მათ შორის მზარდი ინფლაცია და მიწოდების ჯაჭვში არსებული ხარვეზები. ცნობისთვის გეტყვით, რომ უკანასკნელ კვარტლის მონაცემებით, PayPal-ის შემოსავლებმა 9%-ით იმატა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და $6.8 მილიარდი შეადგინა, მაგრამ მიუხედავად ამისა, კომპანიამ $341 მილიონით იზარალა, რაც მეტად კონტრასტულია ერთი წლით ადრე დაფიქსირებულ $1.2-მილიარდიან მოგებასთან.

ბლეიკ იორგენსენის მიერ მოსაგვარებელ საკითხებს შორის იქნება ხარჯების მენეჯმენტიც, რადგან PayPal-ს, მიმდინარე წელს, $900 მილიონის, ხოლო მომავალ წელს $1.3 მილიარდის დაზოგვა აქვს გადაწყვეტილი. ამასთანავე, ახალი ფინანსური დირექტორის მოვალეობაში იქნება ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის ზრდა, რაც, უმეტესწილად, უძრავი ქონების ახალი ობიექტებში გადასვლაზე უარის თქმით და მეტად ბიუჯეტური კორპორაციული ფართების ათვისებით იქნება მიღწეული. როგორც ირკვევა, კომპანია დაზოგილი თანხის ნაწილის რეინვესტირებას გეგმავს ციფრული საფულეებისა და ონლაინვაჭრობის სხვადასხვა ფუნქციონალების განვითარების მიმართულებით.

აღნიშნულ თანამდებობაზე, ბლეიკ იორგენსენი $750 ათასს მიიღებს საბაზო ანაზღაურების სახით, ხოლო მისი წლიური ბონუსი მისი წლიური ხელფასის 125%-ითაა განსაზღვრული, – ვკითხულობთ The Wall Street Journal-ის მასალაში. ამასთანავე, იორგენსენი კომპანიის $10 მილიონის ღირებულების სხვადასხვა ტიპის აქციებს და $6 მილიონის მოცულობის წინასწარ ბონუსს მიიღებს, ნაღდი ფულის სახით.

Netflix-მა უკრაინელ კინემატოგრაფებს $820 ათასი გამოყო და ონლაინკურსები ჩაუნიშნა

რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, უკრაინელმა კინემატოგრაფებმა დაფინანსების მთავარი წყაროსთან, სახელმწიფო ბიუჯეტთან წვდომა დაკარგეს და კერძო ინიციატივებისამარა დარჩნენ, ისიც დროებით. გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი სტრიმინგ-გიგანტი, Netflix-ი უკრაინელ კინემატოგრაფებს $820 ათასზე მეტს გამოუყოფს და თან, მათ ონლაინკურსებსაც ჩაატარებს, – ამის შესახებ უკრაინული Forbes-ი წერს.

ცნობისთვის გეტყვით, რომ აღნიშნული დონაცია Netflix-ის, უკრაინის კინოაკადემიისა და ევროკავშირის თანამშრომლობის შედეგად, House of Europe-ის პროგრამის ფარგლებში შედგა, რომელიც კრეატიული ინდუსტრიების გრანტებით მომარაგებას გულისხმობს. აღნიშნული პროგრამის შედეგად, უკრაინელი კინემატროგრაფები ორგზის დაფინანსდებიან: პირველად – $720 ათასითა და ონლაინგაკვეთილებით საერთაშორისოდ აღიარებულ პროფესიონალებთან; ხოლო მეორედ – €100 ათასით, საგანმანათლებლო სტიპენდიებისთვის.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ Netflix-ისთვის ფინანსური დახმარების ამგვარი პროგრამების ჩატარება ახალი ხილი სულაც არ არის – ამერიკული გიგანტი კინემატოგრაფებს ხშირად აფინანსებს Netflix Fund-ისა და Creative Equity-ის პროგრამების ფარგლებში. ამასთანავე, Netflix-ი ინდივიდუალურ პროგრამებსაც აფინანსებს, რომელთა მიზანი ტალანტების მოძიებაა. ცოტა ხნის წინ, მაგალითად, Netflix-ის ფონდმა აფრიკაში სასტიპენდიო პროგრამისთვის $1 მილიონი გამოყო, ხოლო მანამდე, სამხრეთ ამერიკაში რეჟისორების დატრენინგების ერთწლიანი პროგრამა გამოაცხადა.

ცნობისთვის გეტყვით, რომ უკრაინის კინოაკადემიისა და House of Europe-ის ერთობლივი პროექტი მიმდინარე წლის 28 ივლისს დაიწყო და მასში მონაწილეობა კინოინდუსტრიის იმ სპეციალისტებს შეუძლიათ, რომლებიც უკრაინაში ცხოვრობენ ან ომის გამო სხვა ქვეყანაში გადაბარგდნენ.

Revolut-ი კრიპტოტექნოლოგიებზე მომუშავე თანამშრომლების რიცხვს 20%-ით გაზრდის

კრიპტოვალუტების ბაზრის კრიზისის ფონზე, მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ფინტექ-სტარტაპი, ბრიტანული Revolut-ი კრიპტოტექნოლოგიებზე მომუშავე თანამშრომლების რიცხვს, მომავალი ნახევარი წლის განმავლობაში 20%-ით გაზრდის, – ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის დასაწყისიდან, Revolut-მა ორმოცდასამი ასეთი თანამშრომელი უკვე აიყვანა.

როგორც ირკვევა, ზემოხსენებული სპეციალისტების ძებნის შესახებ განცხადებები Revolut-მა ცამეტ სხვადასხვა პოზიციაზე გამოაცხადა, მათ შორის სამართლებრივი შესაბამისობის, ე.წ. ქომფლაიენსისა და ფინანსურ თაღლითობასთან ბრძოლის მიმართულებით. ამასთანავე, Revolut-ი ციფრულ ვალუტების სფეროში გამოცდილ იურისტებსაც ეძებს.

ცნობისთვის გეტყვით, რომ მიმდინარე წელს, Revolut-მა ორმოცდასამი კრიპტოსპეციალისტი უკვე დაიქირავა, რის შედეგადაც, ამ მიმართულებით დასაქმებული პერსონალის რიცხვი სამჯერ გაიზარდა 2021 წლის ივლისის მაჩვენებელთან შედარებით. დღეს, Bloomberg-ის მონაცემებით, Revolut-ს 230-ზე მეტი ვაკანსია აქვს გამოცხადებული.

„კრიპტოვალუტებს გრძელვადიან ჭრილში ვუყურებთ და კრიპტოინდუსტრიის მიმართ ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი“, – განაცხადა Revolut-ის კრიპტომიმართლების ხელმძღვანელმა, ემილ ურმანშინმა Bloomberg-თან საუბრისას. აღმასრულებელმა დასძინა, რომ დღეს, კრიპტოაქტივებზე Revolut-ის გლობალური შემოსავლის 5-10%-მდე მოდის.

საინტერესოა, რომ Revolut-ის ზემოხსენებული გადაწყვეტილება ერთგვარ წინააღმდეგობაში მოდის გლობალურ ტექნოლოგიურ კომპანიებში ბოლო დროს დამკვიდრებულ ტრენდთან. შეგახსენებთ,  რომ ბოლო დროს, წამყვანმა კრიპტოკომპანიებმა, მათ შორის Coinbase-მა, Bitpanda-მ, Crypto.com-მა, Gemini Trust Co.-მ და BlockFi-მ თანამშრომლების შემცირების შესახებ განაცხადეს. აქვე უნდა ითქვას, რომ მსგავსი ტენდენცია ფიქსირდება გლობალურ ტექნოლოგიურ კომპანიებში, რომლებიც ახალი თანამშრომლების აყვანის ტემპი საგრძნობლად შეამცირეს – ასეთი კომპანიების ჩამონათვალში Apple-ს, Google-სა და Twitter-ს ვხვდებით.

მიერიდან, Crosty-ის პროდუქციის ყიდვა კრიპტოვალუტითაც შეიძლება

პრემიუმ-კლასის ფეხსაცმლის ქართულმა მწარმოებელმა, Crosty-მ გადახდების საკუთარ სისტემას კრიპტოვალუტებით ანგარიშსწორების შესაძლებლობა დაამატა. როგორც ირკვევა, ქართული ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის ბრენდის ნაწარმის შეძენა ბიტკოინის, ეთერისა და ლაითკოინის საშუალებით არის შესაძლებელი. როგორც Crosty-ის განცხადებიდან ირკვევა, ის პირველი ბრენდია ქართული მოდის ინდუსტრიაში, რომელმაც კრიპტოვალუტების მიღება დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ Crosty-ის მიერ კრიპტოვალუტებით გადახდის ფუნქციონალის დამატება პირველი ნაბიჯი არ არის, რომელიც კომპანიამ თანამედროვე ტექნოლოგიების, კერძოდ კი Web3-ის მიმართულებით გადადგა. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ივნისში Crosty-მ ციფრული ფეხსაცმელების რამდენიმე ნაირსახეობა გამოუშვა, რომელთა მორგებას მომხმარებლები მეტავერსში შეძლებენ – ამ პროექტისთვის, ქართულმა კომპანიამ ციფრული ტანსაცმლის მსოფლიოს უდიდეს პლატფორმასთან, DRESSX-თან ითანამშრომლა.

რაც უნდა უცნაური იყოს, კრიპტოვალუტებით გადახდის ფუნქციონალი განსაკუთრებულად პოპულარული სწორედ მაღალი მოდის ინდუსტრიაში არის. თანამედროვე ტრენდებთან სიახლოვით, კომპანიები, როგორც წესი, საკუთარი პროდუქციით ახალგაზრდა მომხმარებლების დაინტერესებას ცდილობენ. დღეს, კრიპტოვალუტებით გადახდის ფუნქციონალს მათ შორის Gucci, Louis Vuitton-ი, Prada და Cartier-ი იყენებენ.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ Crosty-ი პირველი ქართული კომპანია არ არის, რომელმაც კრიპტოვალუტებით გადახდის ფუნქციონალი გაააქტიურა. ამგვარი ფუნქციონალი ხელმისაწვდომია, როგორც უდიდეს ქართულ C2C-მარკეტფლეისზე, MyMarket-ზე, ასევე iPlus-ისა და Beko-ს მაღაზიებსა და Vendoo-ს და Swoop-ის პლატფორმებზე. საინტერესოა, რომ ამ მიმართულებით მუშაობს ქართული კომპანია MyCoins-იც, რომლის ერთ-ერთი მიმართულება კომპანიებისთვის კრიპტოგადახდების ფუნქციონალის გააქტიურება წარმოადგენს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *