გასული კვირის მთავარი ტექნოლოგიური სიახლეები

გასული კვირის მთავარი ტექნოლოგიური სიახლეები

გასული კვირა ტექნოლოგიური სიახლეებით განსაკუთრებით დატვირთული აღმოჩნდა, რაც მოულოდნელი სულაც არ არის, რადგან მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებულმა კომპანიამ, ამერიკულმა Apple-მა წლის მთავარი ღონისძიება გამართა, რომელზეც ახალი თაობის მოწყობილობები წარმოადგინა. ამ და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს Forbes Georgia-ს ყოველკვირეულ ტექნოლოგიურ ბლოგში მოვუყარეთ თავი.

ბრაზილიის ხელისუფლებამ იმ iPhone-ების გაყიდვა აკრძალა, რომელთაც დამტენი არ მოჰყვება

თამამად შეიძლება ითქვას, რომ გასული კვირა განსაკუთრებით დატვირთული აღმოჩნდა მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიისთვის – წლის მთავარ ღონისძიებამდე ერთი დღით ადრე, ბრაზილიის ხელისუფლებამ ქვეყანაში იმ iPhone-ების გაყიდვა აკრძალა, რომელთაც დამტენი არ მოჰყვება. თუმცა ეს ერთადერთი გადაწყვეტილება არ იყო, რომელიც ბრაზილიაში ოფიციალურად მიიღეს – აკრძალვის გარდა, Apple-ს ქვეყანაში ოპერირებისათვის საჭირო ლიცენზია გაუუქმდა და თან $2.3 მილიონის ჯარიმა დაეკისრა.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ბრაზილიის ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას Apple-იც გამოეხმაურა – კომპანიაში აღნიშნავენ, რომ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და მას ზედა ინსტანციის სასამართლოში გაასაჩივრებენ.

ქვეყანაში უდამტენო iPhone-ების გაყიდვის აკრძალვა ბრაზილიის მომხმარებელთა დაცვის სააგენტოს, Senacon-ს უკავშირდება, რადგან მთავრობის ეს გადაწყვეტილება სწორედ ამ სააგენტოს რეკომენდაციას ეფუძნება. როგორც ირკვევა, სააგენტოს თქმით, iPhone-ების დამტენის გარეშე გაყიდვა მომხმარებლებისთვის დიდი წნეხია, რადგან უდამტენო სმარტფონი არასრულყოფილი პროდუქტია. სააგენტოში ფიქრობენ იმასაც, რომ გარემოზე ზრუნვა Apple-ს უფრო ეფექტიანადაც შეუძლია, თუ, მაგალითად, მოწყობილობებში USB-C-ტიპის პორტს გამოიყენებს.

შეგახსენებთ, რომ თავის დროზე, 2020 წელს, Apple-ის მიერ iPhone-ის ყუთიდან დამტენისა  და ყურსასმენების ამოღების გადაწყვეტილება კომპანიამ სწორედ გარემოსდაცვითი მიზნებით გაამართლა. თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ ამ გადაწყვეტილების მთავარი მამოძრავებელი არა გარემოსდაცვითი პრაქტიკა, არამედ გაზრდილი შემოსავლის მიღება გახდა.

აღსანიშნავია, რომ ბრაზილიასა და მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებულ კომპანიას შორის დაძაბულობა ჯერ კიდევ მაშინ გაჩნდა, როცა Apple-მა iPhone 12 წარადგინა და მსოფლიოს საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ ამცნო – ამ გადაწყვეტილების გამო, ბრაზილიის ხელისუფლებამ Apple-ს $2-მილიონიანი ჯარიმა დააკისრა.

თუმცა საინტერესოა ისიც, რომ ბრაზილია ერთადერთი სახელმწიფო არ არის, რომელიც Apple-ს ამ დამტენებთან დაკავშირებული პრაქტიკის გამო ებრძვის. თავის დროზე, მსგავსი ვითარება იყო საფრანგეთშიც, სადაც ყოველ სმარტფონთან ერთად ყურსასმენების გაყიდვას Apple-ს კანონი ავალდებულებდა – თუმცა მოგვიანებით ეს კანონი შეიცვალა. მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიის ამ პრაქტიკას ევროკავშირიც ეწინააღმდეგება, მაგრამ განსხვავებულად – გაერთიანების წევრი სახელმწიფოების გადაწყვეტილების თანახმად, 2024 წლიდან Apple-სა და სხვა კომპანიებს უნივერსალურ დასამუხტ პორტზე, USB-C-ტიპის პორტზე მოუწევთ გადასვლა. ცნობისთვის გეტყვით, რომ ანალოგიური გადაწყვეტილება ბრაზილიაშიცაა მოსალოდნელი.

მომავალი წლიდან კრეატორები YouTube-ზე ფასიანი ვიდეოგაკვეთილების გაყიდვას შეძლებენ

თამამად შეიძლება ითქვას, რომ YouTube-ი ის სოციალური ქსელია, რომელსაც მილიონობით ადამიანი არა მხოლოდ გასართობად, არამედ განათლების მისაღებადაც იყენებს – ამას ცხადყოფს როგორც პლატფორმაზე ატვირთული ვიდეოგაკვეთილების რაოდენობა, ასევე იმ კრეატორთა რიცხვი, რომელთათვის სხვების განათლებაზე ზრუნვა ყოველდღიურ რუტინას წარმოადგენს.

თავისთავად ცხადია, რომ YouTube-ის ამგვარ დანიშნულებას მისი მესვეურებიც კარგად ხვდებიან, რაც მათ გადაწყვეტილებებზე აისახება – მომავალი წლიდან კრეატორები YouTube-ზე ფასიანი ვიდეოგაკვეთილების განთავსებას შეძლებენ. ამგვარად, კრეატორებს საკუთარი მომხმარებლების სხვა ვებგვერდებზე გადამისამართება აღარ დასჭირდებათ, რადგან ვიდეოგაკვეთილების მსგავსი ფასიანი კონტენტის განთავსებას ისინი YouTube-ზეც შეძლებენ.

როგორც ირკვევა, საკუთარ გადაწყვეტილებას YouTube-ი ღრმა და სტრუქტურირებული საგანმანათლებლო გამოცდილებების შექმნის აუცილებლობით ხნის და თან, კრეატორებს ფულის შოვნის ახალ გზას სთავაზობს. საინტერესოა, რომ პროგრამის ფარგლებში ატვირთულ ფასიან ვიდეოგაკვეთილებს არ ექნება რეკლამა და თან, მომხმარებლები მათ მოსმენას ჩაკეცილი აპლიკაციითაც შეძლებენ. აღნიშნული ფუნქციონალი, თავდაპირველად, სამხრეთ კორეასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოჩნდება, მაგრამ კომპანიას სურს, რომ ეს შესაძლებლობა გლობალურად იყოს ხელმისაწვდომი.

აღსანიშნავია, რომ ფასიანი ვიდეოგაკვეთილების გარდა, YouTube-ის კრეატორები გამოცდებისა და ტესტების ჩასატარებლად საჭირო ფუნქციონალსაც მიღებენ, სახელწოდებით YouTube Quizzes-ს. თუმცა ეს ყველაფერი როდია: საქმე ისაა, რომ საგანმანათლებლო აპლიკაციებისთვის YouTube-ი ცალკე პლატფორმას შექმნის, სახელწოდებით Player for Education-ს, რომელშიც არ იქნება რეკლამები, მაგრამ იქნება რეკომენდაციები და განათლების მისაღებად საჭირო დამატებითი მასალები. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ეს პლატფორმა Google Classroom-ზე გაცილებით უფრო დახვეწილი იქნება.

ირლანდიის მარეგულირებელმა Meta €405 მილიონით დააჯარიმა

გასულ კვირას ირლანდიის მონაცემთა დაცვის კომისიამ Meta €405 მილიონით დააჯარიმა, – ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Verge-ი წერს. როგორც ირკვევა, ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი ტინეიჯერი მომხმარებლების მონაცემების შენახვისა და დამუშავების არასათანადო პოლიტიკის გამო დაჯარიმდა – ამ საკითხს ირლანდიის მონაცემთა დაცვის კომისია თითქმის ორი წლის განმავლობაში სწავლობდა.

აღნიშნული გამოძიება Meta-ს მიერ ევროკავშირის მონაცემთა დაცვის პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი დოკუმენტის – „მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციის“ (GDPR) დარღვევას უკავშირდება. ირლანდიის მონაცემთა დაცვის კომისიის განცხადებით, აღნიშნული რეგულაცია Meta-მ ორგზის დაარღვია: პირველი Instagram-ზე 13-17 წლის მომხმარებლებისთვის ბიზნესანგარიშის გახსნის შესაძლებლობას უკავშირდება, ხოლო მეორე – ზოგიერთი ახალგაზრდა მომხმარებლის ანგარიშის ავტომატურ გასაჯაროებას.

ფოტო: Alex Castro / The Verge

ცნობისთვის გეტყვით, რომ ეს რიგით მესამე შემთხვევაა, როცა ირლანდიის მონაცემთა დაცვის კომისია Meta-ს აჯარიმებს. თავის დროზე, ირლანდიის მარეგულირებელმა Meta €225 მილიონით მას მერე დააჯარიმა, რაც გაარკვია, რომ WhatsApp-მა სათანადოდ არ შეატყობინა საკუთარ მომხმარებლებს, თუ როგორ და რა მიზნით აგროვებდა მათ მონაცემებს. მოგვიანებით, მონაცემთა დაცვისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო Meta კიდევ ერთხელ დაჯარიმდა, მაგრამ მხოლოდ €17 მილიონით. ამგვარად, ირლანდიის მონაცემთა დაცვის კომისიის მიერ ამჯერად გამოწერილი ჯარიმა რეკორდულად მაღალია.

აღსანიშნავია, რომ ირლანდიის მარეგულირებლის მიერ დაკისრებულ ჯარიმას Meta-ც გამოეხმაურა: ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ტინეიჯერი მომხმარებლების მონაცემებთან დაკავშირებული პოლიტიკა კომპანიამ ერთი წლის წინ შეცვალა. ამასთანავე, Meta-ში ირლანდიის მონაცემთა დაცვის კომისიის მიერ ჯარიმის დათვლის მექანიზმსაც არ ეთანხმებიან.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ირლანდიის მარეგულირებელი ორგანოს მიერ Meta-ს და მის შემადგენლობაში შემავალი კომპანიების სკრუპულოზური შესწავლა, დიდწილად, Meta-ს მეგანგაშეს, ფრენსის ჰოგენს და მის მიერ Instagram-ის ბავშვებისა და ტინეიჯერების მენტალურ ჯანმრთელობაზე უარყოფითი ზეგავლენის შესახებ მიცემულ მოწმის ჩვენებას უკავშირდება.

Uber Eats-მა და Nuro-მ საკვების მიწოდება თვითმართვადი ავტომობილებით დაიწყეს

გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ საკვების მიტანის მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესმა კომპანიამ, ამერიკულმა Uber Eats-მა და თვითმართვადი ელექტრომობილების მწარმოებელმა Nuro-მ ათწლიან პარტნიორობას ჩაუყარეს საფუძველი, რომლის ფარგლებში, Uber Eats-ის შეკვეთების ნაწილი,  ტეხასსა და კალიფორნიაში, თვითმართვადი ელექტრომობილების საშუალებით განხორციელდება.

ავტორიტეტული ამერიკული გამოცემის, TechCrunch-ის ინფორმაციით, Uber Eats-ის მომხმარებლებს არ ეცოდინებათ, საკვებს მათ ადამიანი მიუტანთ თუ რობოტი. ამასთანავე, მიტანის ნებისმიერი ვარიანტის შემთხვევაში, მიტანის საფასური ერთი და იგივე იქნება. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლებს მითითებული აქვთ ადამიანისთვის განკუთვნილი დამატებითი გადასახადი, ე.წ. „თიფი“, მაგრამ შეკვეთას მათ რობოტი მიუტანთ, მომხმარებლები ამ თანხას უკან მიიღებენ.

როგორც ირკვევა, რობოტის მიერ მოტანილი საკვების ასაღებად მომხმარებლებს გარეთ გასვლა და მანქანაში შესაბამისი კოდის შეყვანა მოუწევთ. ოპერირების პირველ ეტაპზე, Uber Eats-ის შეკვეთების მიტანა Nuro-ს R2-ტიპის თვითმართვადი ელექტრომობილებით განხორციელდება, რომელთაც 360 გრადუსზე განლაგებული ჩვეულებრივი და თერმული კამერები, ლიდარები და რადარები აქვს.

აღსანიშნავია, რომ Uber Eats-თან გაფორმებული შეთანხმება Nuro-სთვის პირველი არ არის, რადგან სწორედ Nuro არის ის კომპანია, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების უდიდესი ქსელთან,  Walmart-თან 2019 წლიდან თანამშრომლობს. ამასთანავე, სწორედ Nuro იყო ის კომპანია, რომელმაც კალიფორნიაში თვითმართვადი ავტომობილების გამოყენების პირველი კომერციული ლიცენზია მოიპოვა, ჯერ კიდევ 2020 წელს.

საინტერესოა, რომ Nuro ერთადერთი კომპანია არ არის, რომელთანაც Uber Eats-ი თვითმართვადი ავტომობილების კუთხით თანამშრომლობს. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის მაისში, Uber Eats-მა და Motional-მა საპილოტე პროექტი გაუშვეს, მაგრამ ამ შემთხვევაში თვითმართვადი ავტომობილის საჭესთან მაინც უნდა იჯდეს ადამიანი მძღოლი. ამ მიმართულებით Uber Eats-ი Serve Robotics-თანაც თანამშრომლობს, რომელთან ერთად დასავლეთ ჰოლივუდში გადაზიდვებს მცირე დისტანციაზე აწარმოებს.

United Airlines-მა საჰაერო ტაქსების კომპანიაში, Eve Air Mobility-ში $150 მილიონი დააბანდა

ამერიკის ერთ-ერთმა უდიდესმა ავიაკომპანიამ, United Airlines-მა საჰაერო ელექტროტაქსის მწარმოებელ ბრაზილიურ სტარტაპში, Eve Air Mobility-ში $150 მილიონი დააბანდა, – ამის შესახებ გამოცემა The Verge-ი წერს. როგორც ირკვევა, ინვესტიციასთან ერთად United Airlines-მა ბრაზილიურ კომპანიას ორასი ერთეული საჰაერო ელექტროტაქსიც დაუკვეთა – თითოეულ მათგანს ოთხი მგზავრის გადაყვანა შეუძლია.

ფოტო: United Airlines

ცნობისთვის გეტყვით, რომ Eve Air Mobility ტექნოლოგიური სტარტაპია, რომელსაც თვითმფრინავების ბრაზილიური მწარმოებელი, Embraer-ი ფლობს. როგორც ჩანს, United-ის მიერ ინვესტიცია სწორედ ამ კავშირმა განაპირობა, რადგან ბრაზილიურ გიგანტთან სიახლოვის ფონზე, Eve Air-ს სათადარიგო ნაწილებისა და საჭირო ტექნოლოგიური გადაწყვეტების მიღება არ გაუჭირდება. საინტერესოა, რომ თავის დროზე ამ მიმართულებით Embraer-ი Uber-თან აპირებდა თანამშრომლობას, მაგრამ ეს გარიგება არ შედგა.

საინტერესოა, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა United Airlines-მა ვერტიკალურად ასაფრენ-დასაჯდომი თვითმფრინავების (VTOL) მწარმოებელ კომპანიაში ინვესტიცია განახორციელა. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს United-მა გარკვეული ინვესტიცია დააბანდა VTOL-თვითმფრინავების SPAC-კომპანიაში, Archer-ში, მაგრამ გარიგების თანხა იმ დროს არ გასაჯაროებულა.

თუმცა, როგორც კომპანიების მიერ გავრცელებული პრესრელიზიდან ვიგებთ, United Airlines-სა და Eve Air Mobility-ს შორის გაფორმებული შეთანხმება გარკვეული პირობების შესრულებაზე არის დამოკიდებული. კონკრეტული პირობების ოფიციალური ჩამონათვალი ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საუბარია როგორც უსაფრთხოების სტანდარტების დაცვაზე, ასევე წარმოების ხარისხთან დაკავშირებული ნორმების შესრულებაზე.

საინტერესოა, რომ ბრაზილიურ კომპანიაში ინვესტიცია United Airlines-ის საკუთრებაში არსებულმა ვენჩურული კაპიტალის კომპანიამ განახორციელა, რომლის მთავარ მიზანს კომპანიის მიერ 2050 წლისთვის ემისიის ნულოვანი მაჩვენებლის მიღწევა წარმოადგენს, ნახშირორჟანგის ემისიის კომპენსირების ტრადიციული მეთოდების გარეშე.

აქვე უნდა ითქვას, რომ Eve Air Mobility  თვითმფრინავების მწარმოებელი პირველი სტარტაპი არ არის, რომელმაც United Airlines-ისგან ინვესტიცია მოიზიდა. გასულ წელს United Airlines-მა ამერიკულ კომპანიას, Boom Supersonic-ს თხუთმეტი ზებგერითი სიჩქარის მქონე თვითმფრინავი დაუკვეთა.

ცნობისთვის გეტყვით, რომ Eve Air Mobility-ის პირველი საჰაერო ელექტროტაქსის წარდგენა 2026 წლისთვისაა დაგეგმილი.

Far Out – ყველაფერი, რაც Apple-მა წლის მთავარ ღონისძიებაზე წარმოადგინა

თამამად შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიის, ამერიკული Apple-ისღონისძიებები ყველასაგან გამორჩეული და უნიკალურია. ასე მოხდა 7 სექტემბერსაც, როცა ღონისძიებაზე, სახელწოდებით Far Out, Apple-მა უახლესი მოწყობილობები, მათ შორის ახალი თაობის ჭკვიანი საათები, უსადენოყურსასმენები და სმარტფონები წარადგინა – თითოეულ მათგანს ამ ვრცელ სტატიაში განვიხილავთ.

ღონისძიება, ტრადიციულად, Apple-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, ტიმ კუკმა გახსნა, რომელმაცწლევანდელ გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა როგორც Apple-ის პროდუქტების ეკოსისტემურობაზე, ასევე მათიგამოყენების სიმარტივეზე. ისე, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ Apple-ის მთავარი ხიბლი სწორედ მისეკოსისტემაშია, რადგან თითოეული პროდუქტის სრული პოტენციალის გამოვლენა მხოლოდ მისი სხვამოწყობილობებთან შერწყმითაა შესაძლებელი.

Apple Watch Series 8

ისე კი, სწორედ ეკოსისტემურობაა მიზეზი იმისა, რომ წლევანდელი პრეზენტაცია უახლესი თაობის ჭკვიანისაათის, Apple Watch-ის რამდენიმე მოდელის წარდგენით დაიწყო – საუბარია Apple Watch 8-ზე, Apple Watch SE-სა დაზემძლავრ Apple Watch Ultra-ზე. თუმცა, ეკოსისტემურობის გარდა, Apple-ის ჭკვიანი საათი იმითაცაა გამორჩეული, რომ ის მსოფლიოში აღნიშნული სახის ყველაზე გაყიდვადი პროდუქტის სტატუსს  უკვე შვიდი წელია, ატარებს.

უახლესი Apple Watch 8 დახვეწილია როგორც ტექნოლოგიურად, ასევე დიზაინის მხრივ – ჭკვიან საათს დიდი ზომისგლუვი დისპლეი და მაქსიმალურად შემცირებული კანტები აქვს. საინტერესოა ისიც, რომ მომხმარებლებისთვისხელმისაწვდომია როგორც ალუმინის, ასევე უჟანგავი ფოლადის კარკასის მქონე მოდელები – საერთო ჯამში, საუბარია შვიდი სხვადასხვა ფერის მოდელზე.

თუმცა Apple Watch-თან დაკავშირებით მთავარი სიახლე მაინც მოწყობილობის ტექნოლოგიურობას უკავშირდება, უფრო კი განახლებულ სენსორებს, რომლებიც Apple-ის ჭკვიან საათს კიდევ უფრო ჭკვიანად აქცევს – საუბარიაროგორც ტემპერატურის, ასევე მოძრაობის სენსორებზე. უახლეს Apple Watch-ს ორი ტემპერატურული სენსორი აქვს, რომლებითაც ის მძინარე ადამიანის ტემპერატურას ყოველ ხუთ წამში ერთხელ ზომავს. ამასთანავე, ის საოცრადზუსტია, რადგან 0.1 გრადუსის ცვლილებასაც კი აღიქვამს. უახლესი ტემპერატურული სენსორები და Apple-ისჭკვიანი საათის სხვა ფუნქციონალი ადამიანებს მათი ჯანმრთელობის მუდმივი მონიტორინგის შესაძლებლობასაძლევს და ხშირად მათ სხვადასხვა დაავადების დროულ აღმოჩენასა და მკურნალობაში ეხმარება.

თუმცა ტემპერატურული სენსორების გარდა, უახლეს Apple Watch-ში მოძრაობის დახვეწილ სენსორებსაც ვხვდებით, რომელთა დახმარებით ჭკვიანი საათი აცნობიერებს, როცა ადამიანი, რომელიც მას ატარებს, ავტოსაგზაოშემთხვევაში ხვდება და მომხდარის შესახებ სასწრაფო-სამაშველო სამსახურს ავტომატურად ატყობინებს.

Apple Watch SE

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ წელს Apple-ი მხოლოდ ერთი ჭკვიანი საათის გამოშვებას არ დასჯერდა და2020 წლის შემდეგ პირველად, ჭკვიანი საათის ბიუჯეტური მოდელი – Apple Watch SE წარადგინა, რომელიც 20%-ითუფრო სწრაფია წინა თაობის მოდელთან შედარებით და თან, Apple Watch 8-ის არაერთ მნიშვნელოვან ფუნქციასითავსებს, მათ შორის ავტოსაგზაო შემთხვევების ამოცნობის ფუნქციონალს.

Apple Watch Ultra

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბოლო წლებში, მარკ გარმენის მსგავსი ანალიტიკოსების დახმარებით, Apple-ისუახლესი მოწყობილობების შესახებ ასე თუ ისე ბევრი რამ წინასწარაა ცნობილი. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, Apple-მა ჩემი გაოცება მაინც მოახერხა – ამ შემთხვევაში კიდევ ერთ ჭკვიან საათს, Apple Watch Ultra-სვგულისხმობ, რომელიც საუკეთესოა საუკეთესოთა შორის. ამ საათს 49-მილიმეტრიანი კარკასი აქვს, რომელიცტიტანისგანაა დამზადებული, რაც მას საოცრად გამძლე მოწყობილობად აქცევს. ამასთანავე, რადიკალურადააშეცვლილი მისი დიზაინი და მაქსიმალურადაა გაზრდილი მისი ელემენტის გამძლეობა – ეს საათი, ელემენტისერთი დამუხტვით, სულ მცირე 36 საათს ძლებს.

AirPods Pro 2

თუმცა ჭკვიანი საათების გარდა, ღონისძიებაზე Apple-მა უახლესი თაობის ყურსასმენები, AirPods Pro 2 წარმოადგინა. ტექნოლოგიური გიგანტის აღმასრულებელი ხელმძღვანელის, ტიმ კუკის შეფასებით, ეს Apple-ისტექნოლოგიურად ყველაზე განვითარებული ყურსასმენია, რაც უცნაური არ არის, თუ გავიხსენებთ, რომ ის Apple-ისმიერ წარმოებული H2 ჩიპითაა აღჭურვილი. ამასთანავე, მას სივრცითი აუდიოს ფუნქციონალი და ხმის ჩახშობისტექნოლოგია აქვს, რომელიც ორჯერ უფრო მძლავრია წინა მოდელთან შედარებით. ამ ყველაფერთან ერთად, დაიხვეწა ყურსასმენის ელემენტებიც – ამიერიდან, მათ გამოყენებას ექვსი საათის განმავლობაში შეძლებთ.

iPhone 14, iPhone 14 Plus, iPhone 14 Pro და iPhone 14 Pro Max

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ტექნოლოგიური ღონისძიების მთავარი მოვლენა მაინც ახალი თაობის ოთხისმარტფონის პრეზენტაცია გახდა – საუბარია iPhone 14-ზე, iPhone 14 Plus-ზე, iPhone 14 Pro-სა და iPhone 14 Pro Max-ზე. თუმცა, სანამ უშუალოდ მოდელების განხილვაზე გადავიდოდე, მინდა თქვენი ყურადღება ერთ დეტალზეგავამახვილო – როგორც ჩანს, Apple-ი ერთხელ და სამუდამოდ მიხვდა, რომ დროის გასვლასთან ერთად, ადამიანებს სულ უფრო და უფრო დიდი სმარტფონები სურთ და ამიტომაცაა, რომ წლევანდელ სიაში iPhone-ის mini-მოდელს არ ვხედავთ.

თუმცა შედარებით მცირე ზომის სმარტფონის არყოფნით გაჩენილი ვაკუუმი უმალ ამოავსო სტანდარტულზე უფროდიდი Plus მოდელის დაბრუნებამ – ამ სმარტფონს 6.7-ინჩიანი ეკრანი აქვს. ორთავე მოდელი, ჩვეულებრივი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი Apple-ის მიერ წარმოებული A15-ტიპის ბიონიკური ჩიპითაა აღჭურვილი. თავად ეს ჩიპიარახალია – ის წინა თაობის სმარტფონებშიც არის გამოყენებული, მაგრამ ამაში უცნაური არაფერია, რადგან Apple-მა შეგვაჩვია, რომ მის მოწყობილობებში გამოყენებულ მიკროჩიპებს ყოველწლიურად არ ცვლის.

თუმცა მიკროჩიპის შეუცვლელობა არ ნიშნავს იმას, რომ უახლესი თაობის iPhone-ები ტექნოლოგიურად არგანვითარებულა – სინამდვილეში, დაიხვეწა როგორც სმარტფონების ელემენტები, ასევე კამერა. როგორცპრეზენტაციაზე აღინიშნა, iPhone 14 Plus-ს საუკეთესოთა შორის საუკეთესო ელემენტი აქვს, რომელიც ყველა სხვაiPhone-ის ელემენტზე მეტხანს ძლებს. რაც შეეხება Apple-ის კიდევ ერთ განმასხვავებელ ნიშანს – კამერას, ის 12-მეგაპიქსელიანია და აქვს როგორც სენსორული სტაბილიზაციის, ასევე სიღრმის ასახვის ფუნქციონალი.

თუმცა აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ყველაზე საფუძვლიანი ცვლილებები მაინც iPhone 14 Pro-სა და iPhone 14 Pro Max-ის შემთხვევაში ვნახეთ. პირველი განსხვავება, რომელიც ახალი და ძველი თაობის სმარტფონებს შორისშეინიშნება – დისპლეია, რომელიც Apple-მა რადიკალურად შეცვალა. თავისთავად ეს ნაბიჯი Apple-ისთვისსაკმაოდ გაბედული აღმოჩნდა, რადგან ბოლო მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც iPhone-ის ეკრანმა განიცადა, 2017 წელს მოხდა, iPhone X-ის შემთხვევაში. უახლესი iPhone-ების უმთავრესი განსხვავება – ეკრანის ზედა ნაწილშიმოთავსებული დინამიკური კუნძულია, რომელიც ადამიანის iPhone-თან ურთიერთობის გამოცდილებას თავდაყირააყენებს. ამასთანავე, უახლესი Pro-მოდელები Apple-ის მიერ წარმოებული ეფექტიანი ბიონიკური მიკროჩიპით, A16-ითაა აღჭურვილი, რაც iPhone-ს გაცილებით უფრო ეფექტიან და მძლავრ სმარტფონად აქცევს.