გასული კვირის მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური სიახლეების ჩამონათვალში არაერთხელ შეხვდებით მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიის, ამერიკული Microsoft-ის სახელს, რომელმაც, ერთი მხრივ, ლონდონის საფონდო ბირჟის 4%-იანი წილი შეიძინა, ხოლო მეორე მხრივ, აშშ-ის ფედერალური სავაჭრო კომისიისგან ანტიმონოპოლიური სარჩელი მიიღო. ამასთანავე, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე მოვიდა ამერიკიდან, სადაც მიკროჩიპების მწარმოებელი უდიდესი კომპანია, ტაივანური TSMC-ი ორ ქარხანას ააშენებს. Forbes Georgia-ს ყოველკვირეულ ტექნოლოგიურ ბლოგში სწორედ ამ და სხვა განსაკუთრებით საყურადღებო ამბებს მოვუყარეთ თავი.
TSMC არიზონაში მიკროჩიპების მეორე ქარხანას ააშენებს – Apple-ი მისი მთავარი კლიენტი იქნება
გასული კვირის უმთავრესი ტექნოლოგიური მოვლენა მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებულ კომპანიას, ამერიკულ Apple-ს უკავშირდება, რომელიც ამიერიდან საკუთარ მოწყობილობებში ამერიკული წარმოების მიკროჩიპებს გამოიყენებს, – ამის შესახებ Apple-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ერთობლივი ბრიფინგის დროს განაცხადეს, რომელიც შტატ არიზონის ქალაქ ფინიქსში, TSMC-ის უახლესი ქარხნის გახსნაზე გაიმართა.
„ტიმ კუკი დაგიდასტურებთ, რომ ეს მიკროჩიპები iPhone-ებსა და MacBook-ებში იქნება გამოყენებული, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა. – თავის დროზე, მძლავრი მიკროჩიპების შესყიდვა Apple-ს საზღვარგარეთ უწევდა, მაგრამ ახლა კომპანიის მიწოდების ჯაჭვის დიდი ნაწილი სახლში იქნება“.
ფოტო: ჯო ბაიდენი უსმენს TSMC-ის თავმჯდომარეს, მარკ ლიუს | REUTERS / Jonathan Ernst
ჯო ბაიდენის განცხადების პათოსს გამოეხმაურა ტიმ კუკიც: „პროგრესმა, რომელსაც Apple Silicon-ის შექმნით მივაღწიეთ, ჩვენი მოწყობილობები შეცვალა. დაფიქრდით, რა შეუძლია მიკროჩიპების ტექნოლოგიას – ეს შესანიშნავია. ახლა კი, უამრავი ადამიანის დაუღალავი შრომის შედეგად, ამ მიკროჩიპებს ამაყად დაეწერება, რომ ისინი ამერიკაში არის წარმოებული“.
თავისთავად ცხადია, რომ TSMC-ის უახლესი ქარხნის უმსხვილეს კლიენტებს შორის სხვა ამერიკული გიგანტებიც არიან, მათ შორის AMD-ი და Nvidia – მათთვის, ისევე როგორც Apple-ისთვის, ამერიკაში TSMC-ის ქარხნის გახსნა მიწოდების ჯაჭვის გამართულობას ნიშნავს. როგორც ჩანს, მიკროჩიპების მსოფლიოს უდიდესი მწარმოებელი, ტაივანური TSMC-ი ერთ ქარხანაზე შეჩერებას არ აპირებს – მომავალი წლისთვის კომპანიამ შტატ არიზონაში მიკროჩიპების მეორე ქარხნის მშენებლობის დაწყება დააანონსა.
TSMC-ის მეორე ქარხნის მიმართ ინტერესი ზემოხსენებულმა ტექნოლოგიურმა გიგანტებმა უკვე დაადასტურეს. „TSMC-ი გლობალური პლატფორმაა, რომელზეც მსოფლიოს ტექნოლოგიური ინდუსტრია დგას, – განაცხადა Nvidia-ს აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, ჯენსენ ჰუანგმა. – ამერიკის შეერთებულ შტატებში TSMC-ის ინვესტიციის მოზიდვა ბრწყინვალე ნაბიჯია, რომელიც ინდუსტრიას სამუდამოდ შეცვლის“.
ფინიქსში მდებარე უახლეს ქარხანაში მიკროჩიპების წარმოება 2024 წლიდან დაიწყება – ტაივანური გიგანტის პირველი საწარმოო ხაზი უმეტესწილად 4-ნანომეტრიანი პროცესორების წარმოებით დაიტვირთება, ხოლო მეორე ქარხანა, რომელიც 2026 წლიდან ამუშავდება, 3-ნანომეტრიან პროცესორებზე იქნება ფოკუსირებული. ცნობისთვის გეტყვით, რომ დღეს წარმოებულ მიკროჩიპებს შორის 3-ნანომეტრიანი პროცესორი ზომით ყველაზე მცირე და აგებულებით ყველაზე კომპლექსური მოწყობილობაა.
აქვე უნდა ითქვას, რომ 3-ნანომეტრიანი და 4-ნანომეტრიანი მიკროჩიპები, რომელთა წარმოება TSMC-ის ამერიკულ ქარხნებში იგეგმება, გაცილებით უფრო მძლავრია, ვიდრე ისინი, რომელთაც ტექნოლოგიური კომპანიები დღეს იყენებენ. A16-ტიპის და M2-ტიპის პროცესორები, რომლებიც iPhone 14-ის Pro-მოდელებში და MacBook-ებში გამოიყენება 5-ნანომეტრიან არქიტექტურას ეფუძნება, თუმცა საინტერესოა ისიც, რომ მანამ, სანამ აშშ-ში მძლავრი მიკროჩიპების წარმოება დაიწყება, TSMC-ის ტაივანური ქარხანა 2-ნანომეტრიანი არქიტექტურის მქონე მიკროჩიპების წარმოებაზე გადაერთვება – ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობენ Nikkei Asia-ს ანალიტიკოსები.
აღსანიშნავია, რომ მიკროჩიპების ტაივანური მწარმოებლის მიერ არიზონაში ქარხნის გახსნა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მიწოდების ჯაჭვის კუთხით, არამედ ფინანსურადაც – ფინიქსში ორი ქარხნის ასაშენებლად TSMC-ი $40 მილიარდს გამოყოფს, რაც ერთ-ერთი უდიდესი პირდაპირი უცხოური ინვესტიციაა აშშ-ის ისტორიაში, რომელიც წარმოების მიმართულებით განხორციელდა. საერთო ჯამში, 2026 წლისთვის, არიზონის ორ ქარხანაში ექვსასი ათასი ფუძეშრის წარმოება იგეგმება – ოფიციალურ თეთრ სახლს თუ დავუჯერებთ, აღნიშნული რიცხვი საკმარისი იქნება მძლავრ მიკროჩიპებზე ამერიკაში არსებული მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად.
აუცილებლად უნდა ითქვას, რომ TSMC-ის მიკროჩიპების ქარხნის ამერიკის შეერთებულ შტატებში აშენება შემთხვევითი არ არის – ეს პანდემიის დროს მიწოდების გლობალურ ჯაჭვებში დაწყებული შეფერხებებით გამოწვეული ტენდენციის ერთი მაგალითია. დღეს მიკროჩიპების გლობალური მიწოდების 90% აზიაზე მოდის, დარჩენილი ნაწილი კი – ამერიკის შეერთებულ შტატებზე. გამომდინარე იქიდან, რომ ჩინეთში, რომელიც ამ მიმართულებით ერთ-ერთი ლიდერი სახელმწიფოა, კოვიდის მიმართ დღესაც ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა მოქმედებს, ამერიკულმა კომპანიებმა მიკროჩიპების წარმოება, ნაწილობრივ, აშშ-სა და სხვა ქვეყნებში გადაიტანეს.
ამ ტენდენციის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი – მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიაა. პოტენციური შეფერხებების თავიდან ასარიდებლად, ბოლო წლებში Apple-მა iPhone-ების წარმოება ნაწილობრივ ინდოეთში, ხოლო MacBook-ებისა და Apple Watch-ების წარმოება ვიეტნამში გადაიტანა. ცნობისთვის გეტყვით, რომ მიკროჩიპების დეფიციტის გამო, Apple-მა $6 მილიარდით ნაკლები შემოსავალი მიიღო.
ამერიკის შეერთებულ შტატებში TSMC-ის ქარხნის გახსნა არ ნიშნავს იმას, რომ ამერიკული გიგანტის ყველაზე გაყიდვადი პროდუქტის, iPhone-ის წარმოება სრულად აშშ-ში გადმოვა, მაგრამ არიზონაში მდებარე ქარხანა (და რამდენიმე წელიწადში – ქარხნები) კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
მიკროჩიპების წარმოების ქვეყანაში გადმოტანით ამერიკელი პოლიტიკოსებიც განსაკუთრებით არიან დაინტერესებულნი, რაც ბუნებრივიცაა, თუ ამ გადაწყვეტილების ფინანსურ და პოლიტიკურ გავლენებს გავითვალისწინებთ. ამერიკელი კანონმდებლების ეს სურვილი „ჩიპებისა და მეცნიერების აქტში“ გადაითარგმნა, რომელსაც ხელი პრეზიდენტმა ბაიდენმა მიმდინარე წლის აგვისტოში მოაწერა. აღნიშნული აქტი, რომელზეც ამ რუბრიკის ფარგლებში არაერთხელ დაგვიწერია, კომპანიებისთვის $52 მილიარდის გამოყოფას ითვალისწინებს – პროგრამა „ჩიპები ამერიკისთვის“, რომელიც ამ თანხების გაცემაზე არის პასუხისმგებელი, მომავალ წელს ამოქმედდება.
Microsoft-ი ლონდონის საფონდო ბირჟის 4%-ს ყიდულობს
გასულ კვირას გლობალურ საფონდო ბირჟაზე ბოლო დროის ყველაზე საინტერესო გარიგება შედგა: მსოფლიოს ერთ-ერთმა უდიდესმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ, ამერიკულმა Microsoft-მა ლონდონის საფონდო ბირჟის 4%-იანი წილი შეისყიდა – საუბარია მრავალმილიარდიან გარიგებაზე, რომლის ფარგლებში, მხარეები მონაცემთა ანალიტიკისა და ღრუბლოვანი ტექნოლოგიების მიმართულებით იმუშავებენ. წილი, რომელიც London Stock Exchange Group-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრობას ითვალისწინებს, ამ დრომდე Blackstone-ისა და Thomson Reuters-ის კონსორციუმს ეკუთვნოდა და Microsoft-მა ის რამდენიმე მილიარდ გირვანქა სტერლინგად შეიძინა.
აღნიშნული გარიგების შედეგად, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ტექნოლოგიური კომპანია ლონდონის საფონდო ბირჟის პარტნიორად იქცა. ეს უკანასკნელი მნიშვნელოვანი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქს ევროპის ფინანსური ცენტრის სტატუსს უნარჩუნებს. თუმცა საფონდო ბირჟაზე აქციების პირველადი განთავსების მაჩვენებლებს თუ შევხედავთ, დავინახავთ, რომ ლონდონის საფონდო ბირჟა მოწინავე პოზიციებს ნამდვილად არ იკავებს – Bloomberg-ის მონაცემების მიხედვით, გასულ წელს ევროპაში განხორციელებული IPO-ების შედეგად მოზიდული $20.9 მილიარდიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე მხოლოდ $1.8 მილიარდი მოდის, ანუ საერთო თანხის 9%.
ლონდონის საფონდო ბირჟის მთავარ კონკურენტებს შორისაა პარიზული Euronext-ი, რომელმაც გასულ თვეს, ცოტა ხნით, ლონდონის საფონდო ბირჟას საერთო საბაზრო კაპიტალიზაციით გადაასწრო. აღნიშნულ ფაქტს Euronext-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ ლონდონის საფონდო ბირჟა გაერთიანებული სამეფოს ფინანსური ცენტრია და არა – ევროპის. საინტერესოა, რომ ბოლო წლებში Euronext-მა კოლოსალური ზრდა განიცადა, რაც უმეტესწილად ირლანდიისა და იტალიის საფონდო ბირჟების შესყიდვამ განაპირობა. თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, ლონდონის საფონდო ბირჟა მაინც საინტერესო აქტივად მიიჩნევა – უმეტესწილად იმიტომ, რომ London Stock Exchange Group-ი ანგარიშსწორების მსოფლიოს უდიდესი პალატის, LCH-ის საკონტროლო პაკეტს ფლობს.
Microsoft-სა და ლონდონის საფონდო ბირჟას შორის გაფორმებული ხელშეკრულება მოულოდნელი სულაც არ არის – LSEG-ს, Bloomberg-სა და S&P Global-ს სურთ, ინვესტორებს მონაცემთა ანალიზისთვის საჭირო ახალი ხელსაწყოები შესთავაზონ, რომლებიც მათ დიდი მონაცემების ანალიზში დაეხმარებათ. აი, სწორედ ასეთ თანამშრომლობას ითვალისწინებს პარტნიორობის ათწლიანი მემორანდუმი, რომელიც Microsoft-სა და LSEG-ს შორის გაფორმდა – პარტნიორობის მთავარ მიმართულებებს შორის ვხედავ როგორც შემდეგი თაობის მონაცემების გენერაციასა და ანალიტიკას, ასევე ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურის გადაწყვეტებს. მარტივად რომ ვთქვათ, ლონდონის საფონდო ბირჟის მონაცემებს და ღრუბლოვან ტექნოლოგიებს ამიერიდან Microsoft-ი მიხედავს, ხოლო ბირჟის ყოველდღიურ ოპერაციებში სწორედ ამერიკული გიგანტის პროგრამული უზრუნველყოფა იქნება გამოყენებული.
Microsoft-თან პარტნიორობით, ლონდონის საფონდო ბირჟის მმართველ ჯგუფს შემოსავლების მკვეთრი გაზრდა აქვს გადაწყვეტილი. როგორც ჩანს, ასე ფიქრობენ ინვესტორებიც, რადგან სიახლის გავრცელების ფონზე, LSEG-ის აქციების ფასმა 4%-ით იმატა.
აშშ-ის ჯარის დასახმარებლად Kodiak-მა ქვეყნის ხელისუფლებისგან $50 მილიონი მიიღო
თვითმართვად სატვირთო ავტომობილებზე მომუშავე ამერიკული სტარტაპი, Kodiak Robotics-ი ამერიკის შეერთებული შტატების ჯარის კონტრაქტორი გახდა, რისთვისაც $50 მილიონი მიიღო, – ამის შესახებ გამოცემა The Verge-ი წერს. როგორც ირკვევა, ორწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში, კალიფორნიული სტარტაპი თვითმართვად სატრანსპორტო საშუალებებს შექმნის, რომელთაც ამერიკული ჯარი ტაქტიკური დაზვერვის, თვალთვალისა და სხვა მაღალრისკიანი დავალებების შესასრულებლად გამოიყენებს.
კონკრეტულად რა ტიპის სატრანსპორტო საშუალებებზე იმუშავებს Kodiak-ი, ამ ეტაპზე უცნობია. თუმცა, როგორც კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ვიგებთ, საუბარია ისეთი სახის თვითმართვად ტრანსპორტზე, რომლის გამოყენება კომპლექსურ რელიეფსა და რთულ კლიმატურ პირობებში შეიძლება, თანაც დისტანციური მართვის ფუნქციონალის საშუალებით. კომპანიის თქმით, ამგვარი ტექნოლოგიის გამოყენებით ჯარისკაცების წინაშე არსებული რისკი მკვეთრად მცირდება, ხოლო მოპოვებული ინფორმაციის ხარისხი – იმატებს.
ფოტო: Kodiak Robotics
„მჯერა, რომ თვითმართვად ტექნოლოგიას ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია – Kodiak-იც სწორედ ამ ხედვით დავაფუძნე. ამერიკის შეერთებული შტატების ჯარისთვის თვითმართვადი სატრანსპორტო საშუალებების წარმოება ამ ხედვას იდეალურად მიესადაგება“, – ვკითხულობთ Kodiak Robotics-ის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი ხელმძღვანელის, დონ ბერნეტის განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ თვითმართვად ტექნოლოგიაზე მომუშავე კომპანიებს და ამერიკის ჯარს შორის თანამშრომლობა – არახალია. შეიძლება ითქვას, რომ ამ ტექნოლოგიის აღორძინება სწორედ აშშ-ის ჯარს და რამდენიმე ათწლეულის წინ დაწყებულ სახელმწიფო პროგრამას, DARPA-ს უკავშირდება. არ უნდა დაგვავიწყდეს დრონები და სხვა მოწყობილობებიც, რომელთაც დღეს თითქმის ყველა სახელმწიფოს ჯარში იყენებენ – ისინიც სწორედ თვითმართვად ტექნოლოგიას ეფუძნება.
ამ დრომდე კალიფორნიული Kodiak-ი კომერციული გამოყენების თვითმართვად სატვირთო ავტომობილებს აწარმოებდა – ამ მიმართულებით სტარტაპი ავეჯის მწარმოებელ შვედურ გიგანტთან, Ikea-სთან თანამშრომლობს.
საყიდლების ველში, Amazon-მა TikTok-ის მსგავსი ფუნქციონალი დანერგა
სოციალური შოპინგის წასახალისებლად, მსოფლიოს უდიდესმა ონლაინმაღაზიამ, ამერიკულმა Amazon-მა საკუთარ საყიდლების ველში TikTok-ის მსგავსი ფუნქციონალი დანერგა, – პირველად სიახლის შესახებ The Wall Street Journal-მა დაწერა. მარტივად რომ ვთქვათ, Amazon-ის თითოეულ მომხმარებელს მასზე მორგებული გვერდი, ე.წ. „ფიდი“ ექნება, რომელზეც გასაყიდი ნივთები სურათებისა და ვიდეოების ფორმატში ამოტივტივდება.
ფოტო: Amazon
Amazon-ის აპლიკაციაში აღნიშნული ფუნქციონალის გამოჩენა მოულოდნელი სულაც არ არის – მის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ აგვისტოში გავრცელდა – მაშინ ფუნქციონალი, სახელწოდებით Inspire, სატესტო რეჟიმში იყო გაშვებული. აღნიშნული ფუნქციონალის გააქტიურების შემდეგ, რომელიც აპლიკაციაში ნათურის ფორმის ვიჯეტით იქნება გამოსახული და არა ბრილიანტით, როგორც ეს ტესტირებისას იყო, ონლაინმაღაზიის მომხმარებლები ისეთ გვერდზე გადავლენ, რომელზეც სურათებისა და ვიდეოების უწყვეტი ნაკადი არის წარმოდგენილი – სწორედ ისე, როგორც TikTok-ში.
აღსანიშნავია, რომ ის, რასაც Amazon-ი აკეთებს, ახალი სულაც არ არის – ეს ერთგვარი ტრენდია, რომელიც ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში TikTok-ის გამოჩენის შემდეგ დაწინაურდა. თუმცა არ შევცდებით თუ ვიტყვით, რომ ამ მხრივ, TikTok-თან კონკურირება ყველაზე კარგად სწორედ Amazon-ს შეუძლია. საქმე ისაა, რომ ჩინური სოციალური ქსელი კარგი სივრცეა სხვადასხვა ტიპის პროდუქტების მარკეტინგისთვის, მაგრამ როცა საქმე გაყიდვებზე მიდის – პროცესი არცთუ ისე მარტივად ვითარდება. პროდუქტები, რომელთაც მომხმარებლები TikTok-ზე აწყდებიან, უმეტესწილად Amazon-ზე იყიდება, ასე რომ ამ მომხმარებლების გადაბირების პრობლემა ამერიკულ გიგანტს ნამდვილად არ ექნება. თან, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ Amazon-ის მსგავსი გამართული ონლაინმაღაზიის შექმნა გაცილებით უფრო რთული და კაპიტალინტენსიურია, ვიდრე აპლიკაციაში TikTok-ის მსგავსი ფუნქციონალის დამატება.
შეგახსენებთ, რომ Amazon-ის საწინააღმდეგო მიმართულებით მუშაობს TikTok-იც, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე აპლიკაციაში ჩაშენებული ონლაინმაღაზიის ფუნქციონალს ტესტავს. აღნიშნული ფუნქციონალი, რომელიც ამ დრომდე გაერთიანებულ სამეფოსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რამდენიმე სახელმწიფოში იყო ხელმისაწვდომი, მომხმარებლებს პროდუქტების ყიდვის საშუალებას აპლიკაციიდან გაუსვლელად სთავაზობს. როგორც ირკვევა, აშშ-ის ბაზრის შემდეგ, TikTok-ის ეს ფუნქციონალი სხვა ქვეყნებშიც გახდება ხელმისაწვდომი. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ Amazon-ის გააქტიურება ამ პროცესს საგრძნობლად დააჩქარებს.
CNH Industrial-მა თვითმართვადი ელექტროტრაქტორის პროტოტიპი წარმოადგინა
სასოფლო-სამეურნეო მძიმე ტექნიკის მწარმოებელმა ამერიკულ-ბრიტანულმა კომპანიამ, CNH Industrial-მა მსოფლიოში პირველი თვითმართვადი ელექტროტრაქტორის პროტოტიპი, New Holland T4 Electric Power-ი წარმოადგინა, – ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ვკითხულობთ. როგორც ირკვევა, აღნიშნული ტრაქტორი სრულად თვითმართვადი, უგამონაბოლქვო და ჩუმია, რაც, კომპანიის განცხადებით, დიზელისძრავიან მოდელებთან შედარებით, უახლეს ტრაქტორს ნაკლებად ხარჯიან მოდელად აქცევს.
ამასთანავე, CNH Industrial-ის უახლესი ტრაქტორი მეტად ტექნოლოგიურიცაა, რაშიც მასზე დამონტაჟებული სენსორები და კამერები უდიდეს როლს თამაშობს – საყურადღებოა ისიც, რომ ტრაქტორის დაქოქვა სმარტფონიდან შეიძლება, ისევე როგორც, მაგალითად, ჭკვიანი მტვერსასრუტის. რაც შეეხება ტრაქტორის აგებულებას, ის საკმაოდ გამართული და დახვეწილია – ტრაქტორს 120 ცხენის ძალის მქონე ძრავა აქვს, რომლითაც ის 40 კმ/სთ-ში სიჩქარეს ავითარებს. ამასთანავე, საკმაოდ გამძლეა ტრაქტორის ელემენტიც, რომელიც ერთი სრული დამუხტვით ერთ სამუშაო დღეს ძლებს.
აქვე უნდა ითქვას, რომ პირველადი დანიშნულების გარდა, New Holland-ის უახლესი ტრაქტორის კვების ბლოკად გამოყენებაც შეიძლება – ისე, როგორც ეს Ford-ის F-150 Lightning-ის შემთხვევაში არის შესაძლებელი. იგულისხმება როგორც მარტივი ხელსაწყოების ჩართვა და გამოყენება, ასევე გადაუდებელ შემთხვევებში ტრაქტორის დენის წყაროდ გადაქცევა. აღსანიშნავია, რომ თვითმართვადი ტრაქტორების გამოშვებას CNH Industrial-ი 2023 წლის ბოლოსთვის გეგმავს, მაგრამ სატრანსპორტო საშუალებების ფასი ჯერჯერობით უცნობია.
თუმცა, როგორც ირკვევა, New Holland-ის უახლესი ტრაქტორის მთავარ მიზანს – ფერმერების ბიუჯეტის დაზოგვა წარმოადგენს. როგორც პრესრელიზიდან ვიგებთ, T4 Electric-ის გამოყენებით ფერმერებს საოპერაციო ხარჯების 90%-მდე შემცირება შეუძლიათ.
Microsoft-ისა და Activision Blizzard-ის $68.7-მილიარდიანი გარიგება ჩაშლის პირასაა
ვიდეოთამაშების ინდუსტრიის ისტორიაში დაფიქსირებული ერთ-ერთი უმსხვილესი გარიგება, რომელიც ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის, Microsoft-ის მიერ ვიდეოთამაშების დეველოპერის, Activision Blizzard-ის შესყიდვას უკავშირდება, შესაძლოა, ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ (FTC) ჩაშალოს. აღსანიშნავია, რომ მსგავსი წინააღმდეგობების გადალახვა Microsoft-ს გაერთიანებულ სამეფოში და ევროკავშირშიც უწევს.
საუბარია სარჩელზე, რომელიც FTC-მ Microsoft-ის წინააღმდეგ გასულ კვირას შეიტანა შეიტანა. როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური სავაჭრო კომისიის განცხადებიდან ვიგებთ, Activision Blizzard-ის შესყიდვით „Microsoft-ი მისი კონკურენტების Xbox-ის სათამაშო კონსოლებისა და საკუთარი სწრაფად მზარდი ღრუბლოვანი ვიდეოთამაშების ბიზნესის სასარგებლოდ შევიწროებას შეძლებს“.
საინტერესოა, რომ ფედერალური სავაჭრო კომისიის ამ გადაწყვეტილებას განსხვავებული პათოსით გამოეხმაურა Microsoft-ის პრეზიდენტი, ბრედ სმიტი: „გვჯერა, რომ ამ გარიგების შედეგად კონკურენცია გაიზრდება, ხოლო გეიმერებისა და ვიდეოთამაშების დეველოპერებისთვის გაცილებით მეტი შესაძლებლობა შეიქმნება. კონკურენციასთან დაკავშირებულ საკითხებზე საუბრისთვის პირველივე დღიდან მზად ვართ. გვჯეროდა, რომ ამ საკითხის მოგვარება მშვიდობიანად შეიძლებოდა, მაგრამ ჩვენს პოზიციაშიც დარწმუნებულები ვართ და ამ თემაზე სასამართლოს წინაშე წარდგომას მივესალმებით“.
უდავოა, რომ განცხადება, რომელიც ბრედ სმიტმა ამერიკულ გამოცემასთან, The Verge-თან საუბრისას გააკეთა, ეხმიანება გასულ თვეს მომხდარ კიდევ ერთ მოვლენას – შეგახსენებთ, რომ Microsoft-მა მის პირდაპირ კონკურენტს, Sony-ს Call of Duty-ის ფრენჩაიზის გამოყენებასთან დაკავშირებით ათწლიანი თანამშრომლობა შესთავაზა, მაგრამ იაპონურ გიგანტს პასუხი ჯერჯერობით არ გაუცია.