ერთი წლის წინ 2022 წლის გამოწვევების შესახებ ვწერდი, რომ მთავარი გამოწვევა მაღალი ინფლაციის ტემპი იქნებოდა, რაც, სამწუხაროდ, ახდა და ფასების სწრაფად ზრდა 2022 წელსაც გაგრძელდა. ფასების 10%-ზე მეტად ზრდამ არ მისცა ეროვნულ ბანკს საშუალება, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი შეემცირებინა, პირიქით, 11%-მდე გაზარდა.
2022 წელი მოსალოდნელზე პოზიტიური აღმოჩნდა პანდემიის დასრულების მხრივ. გაზაფხულიდან პანდემია თითქმის დასრულდა, რამაც ტურიზმის სექტორს სრულად მოუხსნა შეზღუდვები, ქვეყნის ბიუჯეტიდან კოვიდ 19-ის წინააღმდეგ მიმართული ხარჯები კი მნიშვნელოვნად შეამცირა.
წლის მთავარი მოულოდნელობა რუსეთ-უკრაინის ომი იყო. ომმა ეკონომიკაში ბევრი გაურკვევლობა წარმოშვა. მოლოდინი იყო, რომ ეკონომიკურად საქართველოც საგრძნობლად დაზარალდებოდა, თუმცა პირიქით მოხდა. რუსეთის მოქალაქეების საქართველოში მიგრაციამ საქართველოს ეკონომიკის ზრდა დააჩქარა და ლარის კურსი გაამყარა.
ლარის გამყარებამ და მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ სახელმწიფო ვალის ტვირთი შეამსუბუქა, რაც 2020 წლის ბოლოს კრიტიკულ ზღვარს, მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 60%-ს გადასცდა.
ეკონომიკური ზრდა
2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 10.5%-ით გაიზარდა, რაც ძირითადად პოსტპანდემიური პერიოდის დამსახურება იყო. 2020 წლის 6.8%-იან კლებას ზრდა მოჰყვა. 2019 წელთან შედარებით ზრდა 3% იყო.
2021 წლის ბოლოს, 2022 წლისთვის საქართველოს მთავრობა ეკონომიკის 6%-ით ზრდას პროგნოზირებდა. თებერვლის ბოლოს უკრაინაში ომი დაიწყო და საქართველოს ეკონომიკის მომავალი ბუნდოვანი გახდა. მარტ-აპრილში საერთაშორისო ორგანიზაციებმა საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 3%-მდე შეამცირეს. ამ პერიოდში საქართველოს მთავრობას პროგნოზი არ შეუცვლია და შემოდგომამდე 6% დატოვა. ნოემბერში კი 2022 წლის მოსალოდნელი ზრდის პროგნოზი 10%-მდე გაზარდა.
საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი
აღმოჩნდა, რომ უკრაინა-რუსეთმა საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი კი არ შეანელა, პირიქით, დააჩქარა. ამის მთავარი მიზეზი რუსეთიდან და ბელარუსიდან საქართველოში საცხოვრებლად ჩამოსული 100 ათასამდე მიგრანტია. პირველ რიგში, მიგრაცია უძრავი ქონების სექტორს დაეტყო, გაიზარდა საცხოვრებელი სახლების ყიდვასა და ქირაობაზე მოთხოვნა. იანვარ-ნოემბერში საქართველომ რუსი ვიზიტორებისგან (მათ შორის, მიგრანტებისგან) და რუსეთიდან ფულადი გზავნილებით 2.5 მილიარდი აშშ დოლარი მიიღო. ამას თუ დავუმატებთ „ჯიბით“ და სხვა გზებით შემოტანილ ფულს, ეს თანხა, სავარაუდოდ, 3 მილიარდ დოლარამდე იქნება.
მაღალ ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა იანვარ-ნოემბერში 32%-ით გაზრდილმა ექსპორტმაც. 2022 წლის 11 თვეში ექსპორტით საქართველომ 1.2 მილიარდი დოლარით მეტი შემოსავალი მიიღო, ვიდრე 2021 წლის 11 თვეში.
2022 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 15%-ით გაიზარდა, რაც ძირითადად ისევ პოსტპანდემიურ ეფექტთან იყო კავშირში. 2021 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 4%-ით შემცირდა, რამაც 2022 წლის პირველ კვარტალში მაღალი ზრდის ტემპის მიღწევა მნიშვნელოვნად განაპირობა.
მეორე კვარტალში ეკონომიკა 7.2%- ით, ხოლო მე-3 კვარტალში 9.8%-ით გაიზარდა. 10 თვეში, იანვარ-ოქტომბერში კი ზრდამ 10% შეადგინა.
ცნობილია, რომ 2022 წლის იანვარსექტემბერში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა შემდეგ დარგებში დაფიქსირდა: ელექტროენერგიის მიწოდება – 52%, ინფორმაცია და კომუნიკაცია – 45%, ტრანსპორტი – 29%, სამთომოპოვებითი მრეწველობა – 22% და სასტუმროები და რესტორნები – 21%. ჯანდაცვის სექტორი 4.7%-ით შემცირდა.
ინფლაცია და ლარის კურსი
წლიური ინფლაციის დონემ იანვარ-ნოემბერში 10.4% შეადგინა. კიდევ უფრო მაღალი იყო წლის დასაწყისში – 13.9%, რაც ბოლო 10 წლის რეკორდული მაჩვენებელია. ყველაზე მეტად – 16.8%-ით სურსათი და უალკოჰოლო სასმელები გაძვირდა. სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების მომსახურება 15.9%-ით გაძვირდა. ბინის ქირა და კომუნალური გადასახადები 15.4%-ით გაიზარდა. 9.6%-ით გაძვირდა ავეჯი და საოჯახო ნივთები. თუ ჩაშლილად, ცალკეული საქონლისა და მომსახურების მიხედვით ვნახავთ, ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად, 83%-ით, სიმინდის ფქვილი გაძვირდა. შემდეგ სარეცხი საპონი მოდის, რომელიც 43%-ით გაძვირდა. კარტოფილი და რძის შემცველი პროდუქტები 39%-ით გაძვირდა.
2022 წელს ინფლაცია მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ იყო, მან მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა შეაწუხა. გლობალურ დონეზე ინფლაციის მთავარი მიზეზი პანდემიის გამო გაზრდილი სახელმწიფო ბიუჯეტების დეფიციტი და შემსუბუქებული მონეტარული პოლიტიკა იყო. გარკვეულწილად სიტუაცია ლოგისტიკურმა სირთულეებმაც გაამძაფრა. თუმცა მაღალი ინფლაცია 2021 წელს დაიწყო და 2022 წელს მსოფლიო ინფლაციის ტემპის შემცირებას ელოდებოდა. ასე არ მოხდა, რადგან უკრაინაში ომის დაწყებამ ნავთობის, გაზისა და სხვა პროდუქტების ფასი მნიშვნელოვნად გაზარდა. არავინ იცის ზუსტად, რა მოხდებოდა, რომ არა ეს ომი. სავარაუდოდ, ინფლაცია მაინც მაღალი იქნებოდა, რადგან ფუნდამენტური საფუძვლებიც ჰქონდა, მაგრამ არა ისეთი მაღალი, როგორიც იყო.
წლიური ინფლაცია საქართველოში
2022 წლის დასაწყისში ლარის კურსი დოლარის მიმართ 3.08 იყო. თებერვლის შუა რიცხვებში 2.95-მდე გამყარდა, ომის დაწყების შემდეგ კი სწრაფად გაუფასურდა და მაქსიმუმს 3.40-ს 10 მარტს მიაღწია. ამის შემდეგ ლარმა გამყარება დაიწყო და მაისის მეორე ნახევარში 3 ლარს ჩამოსცდა. ლარის გამყარება დეკემბრამდე გაგრძელდა და 20 დეკემბრისთვის 2.66 ლარი შეადგინა. ასეთი დაბალი ლარის კურსი 2019 წლის შემდეგ აღარ ყოფილა. ლარის კურსის ასეთი გამყარება ქვეყანაში დოლარის შემომავალი ნაკადების ზრდამ განაპირობა. ამ ნაკადებში ყველაზე დიდი წვლილი გაზრდილ ფულად გზავნილებს მიუძღვის. შემდეგ მოდის ტურიზმი და ინვესტიციები. მართალია, ექსპორტიც მნიშვნელოვნად გაიზარდა, მაგრამ იმპორტი კიდევ უფრო მეტად გაიზარდა და, საბოლოო ჯამში, საგარეო ვაჭრობამ ლარის კურსზე ნეგატიური გავლენა მოახდინა.
ლარის კურსის ცვლილების ანალიზისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს ეროვნული ბანკის ინტერვენციები სავალუტო ბაზარზე. 9 მარტს ლარის კურსის გაუფასურების შესაჩერებლად ეროვნულმა ბანკმა 40 მლნ დოლარი გაყიდა. მაისიდან ოქტომბრამდე პირიქით, ჯამში 375 მლნ დოლარი იყიდა, რომ კურსის გამყარების ტემპი შეემცირებინა. მიუხედავად ამისა, მაისის შემდეგ ლარი მაინც 11%-ით გამყარდა.
2022 წლის დეკემბერში, 2021 წლის დეკემბერთან შედარებით, ლარის საშუალო გაცვლითი კურსი 13.3%-ით იყო გამყარებული.
საგარეო ვაჭრობა
2022 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 32.2%-ით გაიზარდა. ექსპორტი 31.8%-ით გაიზარდა და 5 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 32.4%-ით გაიზარდა და 12 მილიარდი დოლარი შეადგინა.
ექსპორტის ზრდა ძირითადად შემდეგმა პროდუქტებმა განაპირობა: მსუბუქი ავტომობილები (ზრდა 345 მლნ დოლარი), სპილენძის მადნები და კონცენტრატები (ზრდა 183 მლნ დოლარი), აზოტოვანი სასუქები (ზრდა 151 მლნ დოლარი), ელექტროენერგია (ზრდა 68 მლნ დოლარი), ფეროშენადნობები (ზრდა 40 მლნ დოლარი) და ღვინო (ზრდა 16 მლნ დოლარი).
ქვეყნების მიხედვით ექსპორტი ყველაზე მეტად გაიზარდა სომხეთში (ზრდა 270 მლნ დოლარი), ბულგარეთში (ზრდა 152 მლნ დოლარი), პერუში (ზრდა 122 მლნ დოლარი), ყაზახეთში (ზრდა 116 მლნ დოლარი) და აშშ-ში (ზრდა 107 მლნ დოლარი).
იმპორტის ზრდა ყველაზე მეტად მსუბუქმა ავტომობილებმა და ნავთობპროდუქტებმა (საწვავი) განაპირობა. ავტომობილების იმპორტი 551 მლნ დოლარით გაიზარდა, ხოლო საწვავის იმპორტი – 498 მლნ დოლარით. ბუნებრივი აირის იმპორტი 88 მლნ დოლარით გაიზარდა.
ქვეყნების მიხედვით იმპორტი ყველაზე მეტად რუსეთიდან გაიზარდა – 679 მლნ დოლარით და 1.6 მილიარდი დოლარი შეადგინა. ევროკავშირიდან იმპორტი 624 მლნ დოლარით გაიზარდა, თურქეთიდან – 536 მლნ დოლარით, აშშ-დან – 241 მლნ დოლარით, ჩინეთიდან – 227 მლნ დოლარით და სომხეთიდან – 163 მლნ დოლარით.
იანვარ-ნოემბერში სავაჭრო დეფიციტმა 7 მილიარდ დოლარამდე შეადგინა, რაც 2021 წლის 11 თვის დეფიციტზე 1.7 მილიარდი დოლარით მეტია.
ტურიზმი და ფულადი გზავნილები
2021 წელს ტურიზმზე ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა პანდემიას და პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებს. 2022 წლიდან შეზღუდვების თანდათან მოხსნა დაიწყო და ზაფხულისთვის სრულად მოიხსნა.
2021 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში 1.7 მლნ ვიზიტორი ჩამოვიდა, 2022 წლის იანვარ-ნოემბერში კი თითქმის 3-ჯერ მეტი, 4.9 მლნ-მდე. მათ შორის, ტურისტი (ვინც საქართველოში მინიმუმ 24 საათს გაჩერდა) 3.3 მლნ იყო. 2019 წელთან შედარებით 2022 წელს 30%-ით ნაკლები რაოდენობის ტურისტი შემოვიდა, ანუ პანდემიამდელ რაოდენობას ვერ დავუბრუნდით.
ფულადი გზავნილები საზღვარგარეთიდან, მლნ დოლარი
იანვარ-ნოემბერში ყველაზე მეტი ვიზიტორი – 998 ათასი რუსეთიდან შემოვიდა, 2021 წელთან შედარებით ზრდა 413%-ია, ხოლო 2019 წელთან შედარებით 29%-ით ნაკლებია. შემდეგ თურქეთი მოდის 726 ათასი ვიზიტორით. მესამე ადგილზე სომხეთია 666 ათასით, მეოთხეზე ისრაელია 195 ათასით და მეხუთეზე უკრაინაა 156 ათასით.
მიუხედავად იმისა, რომ 2022 წლის იანვარ-ნოემბერში ვიზიტორების რაოდენობა 2019 წლის მაჩვენებელს არ დაუბრუნდა, ვიზიტორებისგან მიღებულმა შემოსავალმა მაინც გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს. 2019 წლის 11 თვეში საქართველომ ვიზიტორებისგან 3.1 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, ხოლო 2022 წლის 11 თვეში 3.5%-ით მეტი – 3.2 მილიარდი დოლარი. 2019 წელთან შედარებით შემოსავლების ზრდა ინფლაციამ განაპირობა, ტურისტებს მეტი თანხა ეხარჯებათ. შემოსავალი ყველაზე მეტად – 651 მლნ დოლარით – რუსეთის მოქალაქეებისგან გაიზარდა. 207 მლნ დოლარით გაიზარდა თურქეთის მოქალაქეებისგან და 177 მლნ დოლარით – ბელარუსის მოქალაქეებისგან.
ეკონომიკაში 2022 წლის მთავარი მოულოდნელობა საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილების გაორმაგება იყო. 2021 წლის 11 თვეში საქართველოში 2.1 მილიარდი დოლარი ჩამოირიცხა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 3.8 მილიარდი დოლარი. იანვარ-მარტში გზავნილები თვეში საშუალოდ 10%-ით იზრდებოდა, რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში საცხოვრებლად გადმოსვლის შემდეგ კი თვეში საშუალოდ 104%-ით იზრდებოდა. თუ ცალკე რუსეთიდან გზავნილებს ვნახავთ, აპრილ-ნოემბრის შუალედში 6-ჯერ გაიზარდა და 1.7 მილიარდი დოლარი შეადგინა. 2022 წელს საქართველოს მიერ გზავნილებით მიღებული თანხის ნახევარი რუსეთზე მოდის.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები
დღეისათვის 2022 წელს საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების პირველი სამი კვარტალის (იანვარ-სექტემბრის) სტატისტიკაა ცნობილი, რომლის მიხედვით, საქართველოში 1,676 მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, რაც 2021 წლის ანალოგიური პერიოდის ინვესტიციებზე 2-ჯერ მეტია. 2022 წლის 9 თვეში მეტი ინვესტიცია შემოვიდა, ვიდრე 2019 წლის 12 თვეში.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, მლნ დოლარი
ინვესტიციები ყველაზე მეტად ესპანეთიდან (358 მლნ დოლარით), აშშ-დან (126 მლნ დოლარით), ირლანდიიდან (119 მლნ დოლარით) და ჩინეთიდან (94 მლნ დოლარით) გაიზარდა.
სექტორების მიხედვით, 2022 წლის 9 თვეში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია უძრავი ქონების სექტორში შემოვიდა – 418 მლნ დოლარი. შემდეგ მოდის საფინანსო სექტორი 324 მლნ დოლარით და ენერგეტიკა 322 მლნ დოლარით. ყველაზე მცირე ინვესტიცია სამთომოპოვებით მრეწველობაში განხორციელდა – 2.4 მლნ დოლარი. ინვესტიციების ყველაზე დიდი კლება (-18 მლნ დოლარი) ჯანდაცვაში დაფიქსირდა.
სახელმწიფო ბიუჯეტი და ვალი
რადგან 2022 წელს ეკონომიკა გაცილებით მეტად გაიზარდა, ვიდრე თავდაპირველი პროგნოზი იყო და, ამასთან ერთად, ინფლაციამაც მოსალოდნელზე მეტი შეადგინა, სახელმწიფო ბიუჯეტში თავდაპირველ გეგმაზე გაცილებით მეტი თანხა შევიდა. კერძოდ, ბიუჯეტის შემოსულობები 600 მლნ ლარით გაიზარდა და 20.5 მილიარდი ლარი შეადგინა. შემოსულობების ზრდა ძირითადად საგადასახადო შემოსავლების ზრდამ განაპირობა, რომელიც 492 მლნ ლარით გაიზარდა.
ბიუჯეტის გადასახდელები (ფართო გაგებით ხარჯები) 507 მლნ ლარით გაიზარდა. დაფინანსება მნიშვნელოვნად გაეზარდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს – 330 მლნ ლარით და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს – 95 მლნ ლარით.
მოსალოდნელზე მეტმა ეკონომიკურმა ზრდამ და ბიუჯეტის შემოსავლებმა 2022 წლის ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის 3.2%-მდე შეამცირა, როცა თავდაპირველად 4.4%-ით იყო მოსალოდნელი.
საქართველოს მთავრობის ვალი
2022 წლის 11 თვეში (იანვარნოემბერში) მთავრობის ვალი 2.6 მილიარდი ლარით შემცირდა და 30 ნოემბრის მდგომარეობით 27.2 მილიარდი ლარი შეადგინა. მთავრობის ვალის შემცირება საგარეო ვალის შემცირებამ და ლარის გამყარებამ განაპირობა. იანვარ-ნოემბერში საგარეო ვალი 248 მლნ დოლარით შემცირდა, მაგრამ ლარის გამყარების გამო, ლარში გამოსახული საგარეო ვალი 3.6 მილიარდი ლარით შემცირდა. მთავრობის საშინაო ვალი კი 1 მილიარდი ლარით გაიზარდა.
ნოემბრის ბოლოს მთავრობის ვალი მშპ-ის მიმართ 37.7%-იყო. 2021 წლის ბოლოს სახელმწიფო ვალი მშპ-ის მიმართ 49.5% იყო. მშპ-ის მიმართ ვალის ფარდობის შემცირებას ხელი შეუწყო როგორც ლარში გამოსახული ვალის შემცირებამ, ასევე ეკონომიკის (მშპ-ის) ზრდამ.
2023 წლის გამოწვევები
2023 წლის მთავარი ეკონომიკური გამოწვევა კვლავ ინფლაციის დონის შემცირებაა, ფასების ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად უნდა შემცირდეს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 2022 წლის მაღალ ინფლაციას 2023 წელს საბაზისო ეფექტი ექნება (გაძვირება ართულებს კიდევ მეტად გაძვირებას) და ამასთან ერთად მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს მნიშვნელოვნად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა აქვთ, წელს ინფლაციის დონე საგრძნობლად უნდა შემცირდეს. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ომი გრძელდება და პროგნოზირება გართულებულია.
თუ მსოფლიოში გასულ წელთან შედარებით სტაბილური ფასები იქნება, ინფლაციის დონე კლებას დაიწყებს და ეროვნულ ბანკს მიეცემა საშუალება, საკმაოდ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა თანდათან შეარბილოს, მნიშვნელოვნად დასწიოს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი.
2022 წელს ლარი მნიშვნელოვნად გამყარდა, თუმცა გამყარებას საკმაოდ სპეციფიკური მიზეზი ჰქონდა – უცხოური ვალუტის მოულოდნელი ნაკადები, რაც, რამდენად შენარჩუნდება, არ ვიცით. თუმცა ამავე დროს ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვები 10%-ით გაიზარდა და ბანკი, აუცილებლობის შემთხვევაში, ლარის კურსის სტაბილურობისთვის გაყიდის.
2022 წლისთვის საქართველოს მთავრობა ეკონომიკის 5%-ით ზრდას პროგნოზირებს, რაც მაღალი მაჩვენებელი არ არის, მაგრამ აქაც გაურკვევლობა მაღალია. ჯერჯერობით გასულმა წელმა აჩვენა, რომ საქართველოს ეკონომიკის დონე ამაღლდა, მაგრამ რა ფაქტორებმაც ეკონომიკური ზრდა დააჩქარა (მაგალითად, ფულადი გზავნილები), ეს ფაქტორები შესაძლოა, ერთჯერადი იყოს და 2023 წელს აღარ გაუმჯობესდეს. ამ ეტაპზე არავინ იცის, უფრო მეტი მიგრანტი შემოვა საქართველოში და მეტ ფულს შემოიტანენ, თუ პირიქით, ან ომი როდის დასრულდება და პირიქით, უფრო ფართო მასშტაბებს ხომ არ მიიღებს.