საქართველოს მთავრობის მიერ ახალი ციფრული დერეფანის პროექტის განვითარებისთვის ხელისშეშლასა და კომუნიკაციების სექტორში დაჩქარებული წესით მიღებულ კანონმდებლობას გეოპოლიტიკური განზომილება აქვს – ამის შესახებ ფრანგული გამოცემის, La Tribune-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში არის საუბარი.
საერთაშორისო ურთიერთობების ანალიტიკოსის, ჟერარ ვესპიერის სტატიაში საუბარია ორ კონკრეტულ საქმეზე, რომლებიც კომუნიკაციების სექტორის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას ასახავენ. პირველი საკითხი ჩინურ კომპანია Huawei-სა და რამდენიმე ქვეყანას – აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, ავსტრალიასა და კანადას შორის მიმდინარე დავას ეხება. საუბარია 5G ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტზე, რომელსაც ჩინური კომპანია Huawei არაერთ ქვეყანას სთავაზობს. თუმცა, ამ კომპანიასა და ჩინეთის მთავრობასა და უშიშროების სამსახურებთან მჭიდრო კავშირების გამო, არაერთი ქვეყნის შეფასებით არის რისკები იმისა, რომ ჩინეთმა დასავლური ქვეყნების კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე მოიპოვოს გავლენა.
როგორც ჟერარ ვესპიერი წერს, არსებობს Huawei-სთან შედარებით ნაკლებად გახმაურებული საქმე, რომელიც ციფრული კომუნიკაციების სექტორის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას აღწერს და ეს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ახალი ციფრული დერეფანის პროექტია, რომლის განხორციელებასაც აზერბაიჯანული კომპანია NEQSOL-ი გეგმავს. La Tribune-ის სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობამ ამ პროექტის განვითარების შესაფერხებლად დაჩქარებული წესით მიიღო უმკაცრესი ხასიათის რეგულაციები, რომლებიც მთლიანად კომუნიკაციების სექტორისთვის არის რისკის შემცველი.
“კავკასიის რეგიონს უდიდესი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აქვს, რადგან ის ერთდროულად რამდენიმე რეგიონის – ევროპის, აზიისა და რუსეთის გზაგასაყარზე მდებარეობს.
შესაბამისად, ჩვენი სტატიის ინტერესი საქართველოზე გამავალი ციფრული მაგისტრალია, რომელიც შესაძლოა იქცეს აზიასა და ევროპას შორის ციფრული ნაკადის ერთ-ერთ სტრატეგიულ გამტარად, რომელსაც შავი და კასპიის ზღვის ფსეკრზე არსებული კაბელებით ქვეყნების დაკავშირება შეეძლება.
შესაბამისად, ნებისმიერ კომერციულ პროექტს, რომელსაც ამ მასშტაბის პოტენციალი აქვს ნამდვილად იმსახურებს უფრო მეტ ყურადღებას. თუმცა, გასული ერთი წლის განმავლობაში ამ პროექტთან მიმართებით ფართო საზოგადოების თვალთახედვის მიღმა მნიშვნელოვანი ბატალიები მიმდინარეობდა,”- წერს ვესპიერი.
La Tribune-ის სტატიაში ნათქვამია, რომ 2018 წელს აზერბაიჯანის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ჰოლდინგმა NEQSOL-მა ციფრული დერეფანის პროექტის განხორციელების მიზნით შავი ზღვის ფსკერზე არსებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის მფლობელი კომპანიის, “კავკასუს ონლაინის” შესყიდვა გადაწყვიტა.
“საქართველოს მთავრობასთან კონტაქტების დამყარების შემდეგ, 2019 წელს გარიგების ფინალიზება მოხდა. NEQSOL-ის პროექტი საქართველოს მნიშვნელოვანი მოცულობის ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობას აძლევს. პროექტის შედეგად საერთაშორისო ოპერატორებს ქვეყანაში დატა ცენტრების გახსნა შეეძლებათ. შესაბამისად, პროექტმა ციფრული თვალსაზრისით იმავე ეფექტი შეიძლება შეასრულოს, რასაც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი ასრულებს,”- აღნიშნავს ავტორი.
La Tribune-ის სტატიაში ნათქვამია, რომ მიუხედავად მკაფიო სარგებლისა, რომლის მოტანაც ამ პროექტს საქართველოსთვის შეუძლია, მისი განვითარება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, რაც პირველ რიგში მთავრობის მიერ დაჩქარებული წესით მიღებულ კანონმდებლობას უკავშირდება.
“2020 წლის პირველ ივლის კომუნიკაციების კომისიამ ქვეყნის უმსხვილეს ოპერატორებს განუცხადა, რომ მთავრობამ პარლამენტს დაჩქარებული წესით დასამტკიცებლად წარუდგინა ახალი კანონპროექტი, რომელიც “კრიტიკული მნიშვნელობის” მქონე ციფრულ ინფასტრუქტურას უკავშირდებოდა. ცვლილებები მარეგულირებლის უფლება-მოსილების გაფართოებას ემსახურებოდა, რაც მას სატელეკომუნიკაციო სპეციალური მმართველების დანიშვნის შესაძლებლობას აძლევს. ამ ცვლილებების მიღებას კერძო სექტორის მხრიდან მკაცრი კრიტიკა მოჰყვა, თუმცა პარლამენტმა ისინი მაინც დაამტკიცა.
ცხადია, რომ ამ ცვლილების მთავარი ადრესატი “კავკასუს ონლაინი” იყო. კომუნიკაციების კომისიამ კომპანიას ვადა 20 სექტემბრამდე მისცა რათა NEQSOL-ის მიერ მისი წილების შესყიდვის გარიგება შებრუნდეს, წინააღმდეგ შემთხვეაში კომპანიაში სპეციალური მართვის რეჟიმი დაწესდება.
La Tribune-ის სტატიის თანახმად, საქართველოს მთავრობის მრიდან ახალი ციფრული მაგისტრალის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები რამდენიმე მიზეზით იყოს განპირობებული.
“მნიშვნელოვანია პირველ რიგში ავღნიშნოთ, რომ საქარვველოს მთავრობის მიერ გამოყენებული მეთოდები და დაჩქარებული წესით მიღებული კანონები შეშფოთებას უნდა იწვევდნენ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამგვარი რადიკალური პრაქტიკის გამოყენება ხდება ქვეყანაში, რომელსაც ევროკავშირთან დაახლოების სურვილი აქვს.
თავად ამ რადიკალური მეთოდების გამოყენებას კი რამდენიმე ახსნა შეიძლება ჰქონდეს. შესაძლოა ეს იყოს მიუღებლობა იმისა, რომ ქვეყნის სტრატეგიული ინფრასტრუქტურის მეწილე გახდა მეზობელი ქვეყნის ინდუსტრიული ჯგუფი. ამ დაშვების მიხედვით, არსებული კონფლიქტი სრულად გეოპოლიტიკური ხასიათისაა.
სხვა ახსნა კი შესაძლოა რუსეთის ფაქტორს უკავშირდებოდეს. 2008 წლის ომის შემდგომ, რუსეთს საქართველოს ტერიტორია – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი აქვს ოკუპირებული. შესაბამისად მოსკოვს აქვს ბერკეტები იმისთვის, რათა საქართველოზე გავლენა მოახდინოს. შესაბამისად ამგვარი ბერკეტების არსებობის პირობებში არ არის გამორიცხული, რომ ადგილი ჰქონდეს მათ გამოყენებას. რუსეთს შესაძლოა არ სურდეს, რომ ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი მაგისტრალი მას უვლიდეს გვერდს, შესაბამისად რუსეთმა შესაძლოა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ამ საკითხთან დაკავშირებით დაძაბულობის პროვიცირებას შეუწყოს ხელი.
ცალსახაა, რომ დღეს არსებული სიტუაცია, როდესაც საქართველოს მთავრობა მზადაა ჩაერიოს და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს გარიგება, რომელიც ორ კერძო კომპანიას შორის დაიდო, საქართველოს არ წარმოაჩენს, როგორც საინვესტიციოდ მიმზიდველ ქვეყნად. კერძო საკუთრების პატივისცემა ინვესტორთა ნდობის მოპოვებისთვის გადამწყვეტ მნიშვნელობას ატარებს, ხოლო ის რთული ეკონომიკური ვითარება, რომელშიც საქართველო 2020 და 2021 წლებში იქნება საკუთრების პატივისცემასა და მეტ ღიაობას მოითხოვს,”- ნათქვამია სტატიაში.