გერმანია აშშ-ისგან €10 მილიარდის ღირებულების F-35-ებს შეიძენს

გერმანია აშშ-ისგან €10 მილიარდის ღირებულების F-35-ებს შეიძენს

გერმანია ამერიკული კომპანია Lockheed Martin-ის მიერ წარმოებულ F-35-ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს შეიძენს. თავდაცვის მინისტრ კრისტინ ლამბრეხტის განცხადებით, გარიგება €13-მილიარდიანი სამხედრო შესყიდვების ნაწილია.

გერმანიის პარლამენტის საბიუჯეტო კომიტეტმა ხარჯები, რომელიც მოიცავს 10 მილიარდ ევროს F-35-თვითმფრინავების, უკვე დაამტკიცა. აღსანიშნავია, რომ ეს ერთ-ერთი პირველი შემთხვევაა, როდესაც გერმანიამ თანხა სპეციალურად შექმნილი €100-მილიარდიანი ფონდიდან გამოიყენა. ცნობისთვის, კანცლერმა ოლაფ შოლცმა ფონდის შექმნის შესახებ განცხადება უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან რამდენიმე დღის შემდეგ გააკეთა.

ფონდი განკუთვნილია გერმანიის სამხედრო იარაღისა და აღჭურვილობის ძველ სტანდარტებზე დასაბრუნებლად, ცივი ომის დასრულებიდან ათწლეულებს შემდეგ. თუმცა, ლამბრეხტის განცხადებით, 100 მილიარდი ევრო ალბათ არ იქნება საკმარისი იმ ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რომლებიც გასული წლების განმავლობაში, გერმანიის მხრიდან შესყიდვების უგულებელყოფით წარმოიქმნა.

გერმანია ჯამში F-35 ტიპის 35 ერთეული საბრძოლო თვითმფრინავის შეძენას გეგმავს. ის ასევე აპირებს რაკეტებისა და სხვა საბრძოლო იარაღისა და აღჭურვილობის შესყიდვას. როგორც ირკვევა, ქვეყანა პირველ რვა თვითმფრინავს 2026 წელს მიიღებს.

F-35 საბრძოლო თვითმფრინავები მოძველებულ Tornado-ებს ჩაანაცვლებს. ეს არის ერთადერთი გერმანული საბრძოლო თვითმფრინავი, რომელსაც, საჭიროების შემთხვევაში, ქვეყანაში არსებული ამერიკული ბირთვული ქობინების გადატანა შეუძლია. Tornado-ს ეტაპობრივ ჩანაცვლებას გერმანია 2025-დან 2030 წლამდე განიხილავს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *