ორშაბათს, გერმანიამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების სახით გადაცემული აღჭურვილობის სია განაახლა. ამის შესახებ უკრაინული მედია გერმანიის ფედერალური მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე დაყრდნობით წერს.
მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სამხედრო დახმარების ბოლო პაკეტში შედის 56 ერთეული MRAP-ტიპის ჯავშანმანქანა, Leopard 1 ტიპის მთავარი საბრძოლო ტანკებისთვის განკუთვნილი ამუნიცია და ქვეითთა საბრძოლო მანქანები – Marder. გარდა ამისა, გერმანიის მთავრობა იტყობინება საზენიტო კომპლექს Gepard-ისთვის განკუთვნილი 282,000 ერთეული ამუნიციის გადაცემის შესახებ, ასევე რაკეტებზე IRIS-T SLM და IRIS-T SLS ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებისთვის.
ამასთან ერთად, უკრაინას, ნორვეგიისა და დანიის მიერ ერთობლივად დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, ოთხი ერთეული თვითმავალი ჰაუბიცა – Zuzana 2 გადაეცა. გერმანიამ კი ომში მყოფ ქვეყანას კიდევ 50 000 ერთეული 155 მმ-იანი და 2 000 ერთეული 122 მმ-იანი საარტილერიო ჭურვი გაუგზავნა.
გერმანიის მთავრობამ ასევე განაცხადა უკრაინისთვის თავდასხმისა და სადაზვერვო დრონების მიწოდებასთან დაკავშირებით, რომელთა შორისაა: 300 HF-1, 51 Vector, 245 RQ-35 Heidrun, 29 Songbird და 14 Hornet XR.
როგორც მთავრობის ვებგვერდზე ვკითხულობთ, საერთო ჯამში, გერმანიის მიერ უკრაინისთვის უკვე გადაცემული სამხედრო დახმარებისა და მომავალი წლებისთვის აღებული ვალდებულებების ღირებულება დაახლოებით 28 მილიარდ ევროს შეადგენს. მხოლოდ 2024 წელს, უსაფრთხოების შესაძლებლობების განვითარების ინიციატივის ფარგლებში, ქვეყნის მიერ უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარების ღირებულებამ 7.1 მილიარდი ევრო შეადგინა.