ტრამპმა კვლავ განაცხადა, რომ გრენლანდია აშშ-ის კონტროლის ქვეშ უნდა გადავიდეს

ტრამპმა კვლავ განაცხადა, რომ გრენლანდია აშშ-ის კონტროლის ქვეშ უნდა გადავიდეს

ფოტო: Getty Images

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ გრენლანდია ამერიკის კონტროლის ქვეშ უნდა მოექცეს და არა დანიის. ამასთან, მან მიანიშნა, რომ მომავალში შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა ევროპიდან სამხედრო ძალების ნაწილი გაიყვანოს.

ტრამპმა განცხადება თურქეთში, NATO-ს სამიტის წინ, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრისას, ჟურნალისტებთან საუბარში გააკეთა.

მისი თქმით, გრენლანდია „აშშ-ისთვის მნიშვნელოვანი ტერიტორიაა“ და ის „ჩინური და რუსული გემებით არის გარშემორტყმული“. თუმცა ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები მას არ წარმოუდგენია.

ტრამპმა გააკრიტიკა დანია და აღნიშნა, რომ კოპენჰაგენი არ დაეთანხმა ვაშინგტონის გეგმებს გრენლანდიის კონტროლთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ, მისი თქმით, აშშ დანიას რუსეთის წინააღმდეგ მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევს.

„გრენლანდია უნდა კონტროლდებოდეს შეერთებული შტატების მიერ და არა დანიის. სწორედ ამან დააზიანა ჩემი ურთიერთობა NATO-სთან“, – განაცხადა ტრამპმა.

შშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ევროპა „20 წლის წინანდელისგან სრულიად განსხვავებულია“ და კონტინენტს საიმიგრაციო და ენერგეტიკულ პოლიტიკასთან დაკავშირებით „ფრთხილად ყოფნისკენ“ მოუწოდა, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.

გრენლანდია დანიის თვითმმართველი, ავტონომიური ტერიტორიაა. როგორც დანიის, ისე გრენლანდიის ხელისუფლებამ არაერთხელ უარყო ტრამპის ინიციატივა კუნძულის აშშ-ის კონტროლქვეშ გადასვლის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ ტრამპმა იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონისთან ურთიერთობაზეც ისაუბრა. მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნის წინ იგი სოციალურ ქსელში მწვავედ გააკრიტიკა, ახლა განაცხადა, რომ მელონი „კარგი ადამიანია“. თუმცა კვლავ უსაყვედურა, რომ ირანთან დაკავშირებული კონფლიქტისა და ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს საკმარისად არ დაეხმარა.

NATO-სთან ურთიერთობის შეფასებისას ტრამპმა ალიანსის წევრი ქვეყნები კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. მისი თქმით, ვაშინგტონი NATO-ში „ტრილიონობით დოლარს“ დებს, თუმცა მოკავშირეები საკმარის მხარდაჭერას არ იჩენენ.

„ირანში რაც გავაკეთეთ, ამის შემდეგ ნატოს წევრების დამოკიდებულებით იმედგაცრუებული დავრჩი. დახმარება არც კი მითხოვია, მაგრამ მანამდე განაცხადეს, რომ ჩვენს გვერდით არ იქნებოდნენ“, – თქვა ტრამპმა.

ამავე დროს, ევროპიდან დამატებითი ამერიკული სამხედრო ძალების შესაძლო გაყვანასთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვაზე პრეზიდენტმა უპასუხა: „ვნახოთ.“