აზერბაიჯანმა უკრაინაში SOCAR-ის ბენზინგასამართ სადგურზე თავდასხმის გამო რუსეთის ელჩი დაიბარა

აზერბაიჯანმა უკრაინაში SOCAR-ის ბენზინგასამართ სადგურზე თავდასხმის გამო რუსეთის ელჩი დაიბარა

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის ელჩი უწყებაში ახსნა-განმარტებებისთვის დაიბარეს და საპროტესტო ნოტა გადასცეს. აღნიშნულის მიზეზი უკრაინაში, მიკოლაივის რეგიონში მდებარე ბენზინგასამართ სადგურზე რუსეთის დრონებით თავდასხმა იყო. ცნობისთვის, ის ნავთობისა და გაზის აზერბაიჯანული სახელმწიფო კორპორაცია SOCAR-ი ფლობს.

შეგახსენებთ, ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინა რუსულ ენერგოობიექტებს, ნავთობქარხნებსა და გაზის სადგურებს აქტიურად ბომბავს, რის გამოც რუსეთში მწვავე ენერგოკრიზისია. აღნიშნულის საპასუხოდ კი რუსეთი უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურას აზიანებს. შესაბამისად, SOCAR-ის კუთვნილ ნავთობსადგურზე თავდასხმა საპასუხო ტალღის ნაწილად განიხილება.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს არ არის აზერბაიჯანის კუთვნილ ენერგეტიკულ ობიექტზე თავდასხმის პირველი შემთხვევა. კერძოდ, რუსეთის დრონებით თავდასხმის შედეგად წარშულში ოდესაში მდებარე SOCAR-ის კუთვნილი ნავთობტერმინალიც დაზიანდა.

„ასეთი ინციდენტების გაგრძელება, განმეორებითი გაფრთხილებების მიუხედავად, მიუთითებს ამ თავდასხმების განზრახ ხასიათზე“ – ნათქვამია განცხადებაში აზერბაიჯანის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ჯერჯერობით აზერბაიჯანული მხარის ბრალდებებზე რუსეთის საგარეო უწყებას კომენტარი არ გაუკეთებია. შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანი რუსეთ-უკრაინის ომში ნეიტრალურ პოზიციას იკავებს. კერძოდ, 2022 წელს ომის დაწყების შემდეგ ქვეყნის ხელისუფლებამ უკრაინას ჰუმანიტარული დახმარება არაერთხელ გაუგაზვნა. თუმცა ამის პარალელურად ის დასავლური სახელმწიფოების მიერ დაწესებულ სანქციებს არ მიუერთდა.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.