ღია ბიუჯეტის ინდექსით საქართველომ მსოფლიოს 115 ქვეყანას შორის მე-5 ადგილი დაიკავა

ღია ბიუჯეტის ინდექსით საქართველომ მსოფლიოს 115 ქვეყანას შორის მე-5 ადგილი დაიკავა

ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის (The International Budget Partnership) მიერ გამოქვეყნდა “ბიუჯეტის გამჭვირვალობის კვლევა 2017-ის” (Open Budget Survey 2017) შედეგები, რომლის თანახმადაც, საქართველომ 82 ქულით მე-5 ადგილი დაიკავა მსოფლიოს 115 ქვეყანას შორის.

აღნიშნული პოზიციით, საქართველო მოექცა სრულიად გამჭვირვალე ქვეყნების რიგში. საქართველო რეგიონიდან ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ამ კატეგორიაში გადავიდა და რომლის სტანდარტსაც ბოლო კვლევით მხოლოდ 5 ქვეყანა აკმაყოფილებს მსოფლიოში.

აღნიშნული კვლევა და ღია ბიუჯეტის ინდექსის დადგენა 2 წელიწადში ერთხელ ხორციელდება საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობის ორგანიზებით.

კვლევა ითვალისწინებს ერთი და იმავე მეთოდოლოგიით მსოფლიოს ყველა ქვეყნის ბიუჯეტის გამჭვირვალობის შეფასებას. ხორციელდება როგორც თითოეული ქვეყნის, ასევე მსოფლიო მასშტაბით საშუალო ქულის გამოთვლა, რაც საშულებას აძლევს ქვეყენებს, შეაფასონ მათი პროგრესი როგორც სხვა ქვეყენებთან, ისე გლობალურ საშუალო მაჩვენებელთან მიმართებაში, ასევე დაინახონ განვითარების დინამიკა წინა კვლევებთან შედარებით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კვლევა არ ხორციელდება მთავრობის მიერ თვითშეფასების გზით და კითხვარს ავსებენ ამ მიზნით დამოუკიდებლად შერჩეული არასამთავრობო ორგანიზაციები (საქართველოს შემთხვევაში, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“). შესაბამისად, შედეგები დამოკიდებულია ქვეყანაში არსებული სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ მოწოდებულ ინფორმაციზე.

კვლევა შეისწავლის მთავრობის მიერ საჯარო ფინანსების მართვის სისტემას:

  • ბიუჯეტის გამჭვირვალობის;
  • საბიუჯეტო პროცესში მხარეთა ჩართულობის; 
  • ბიუჯეტის მართვაზე ზედამხედველობის მიმართულებით.

ბიუჯეტის გამჭვირვალობის მაღალი ქულა (82 ქულა 100-დან) ნიშნავს, რომ საქართველო დროულად და სრულყოფილად აქვეყნებს საბიუჯეტო იფორმაციას. თუმცა, საქართველოს დაბალი ქულა (100-დან 22) აქვს საბიუჯეტო პროცესში საზოგადოების მონაწილეობაში. აღსანიშნავია ისიც, რომ 2015 წლის კვლევით, საქართველოს საზოგადოების მონაწილეობაში 46 ქულა ქონდა.

კვლევა პირველად 2006 წელს გამოქვეყნდა და საქართველო 34 ქულით, მხოლოდ 30-ე ადგილს იკავებდა (განახლებული მეთოდოლოგიით) და მხოლოდ მინიმალურად გამჭვირვალე ქვეყნების რიგში იყო.

2015 წლის კვლევით, ქვეყანა პირველად გადავიდა მნიშვნელოვნად გამჭვირვალე ქვეყნების რიგში და 66 ქულით, მე-16 ადგილი დაიკავა მსოფლიოს 109 ქვეყანას შორის.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.