Ghost Robotics-მა ცეცხლსასროლი იარაღით აღჭურვილი ოთხფეხა რობოტი შექმნა

Ghost Robotics-მა ცეცხლსასროლი იარაღით აღჭურვილი ოთხფეხა რობოტი შექმნა

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა კომპანია Ghost Robotics-მა ავტონომიური ოთხფეხა რობოტი წარმოადგინა, რომელიც მცირე ზომის ცეცხლსასროლი იარაღების კომპანიის, Sword International-ის მიერ წარმოებული იარაღით არის აღჭურვილი. როგორც გავრცელებულ სურათებზე ჩანს, Sword International-ის იარაღი უნივერსალურია და სავარაუდოდ, სხვადასხვა ზომისა და ფორმის რობოტის ჩარჩოებს მოერგება. რაც შეეხება 6.5-კალიბრიან იარაღს, რომელიც მიზანში 1200 მეტრის მანძილზე ისვრის, ის 30X ოპტიკური სამიზნით, თერმული კამერითა და დღისა და ღამის სენსორებით არის აღჭურვილი.

ეს სამხედრო მანქანა პირველად აშშ-ის არმიის ასოციაციის 2021 წლის ყოველწლიურ კონფერენციაზე, ვაშინგტონში გამოჩნდა. თუმცა ჯერჯერობით უცნობია, Sword International-ისა და Ghost Robotics-ის ეს სამხედრო დანადგარი იყიდება, თუ – არა. ისე კი, Sword-ის ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ: „SWORD-ის უსაფრთხოების სისტემების მიერ წარმოებული SPUR-ი ავტონომიური საიარაღო სისტემების მომავალია და ეს მომავალი უკვე დადგა“.

Ghost Robotics-ისა და Sword International-ის თანამშრომლობის დეტალები ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ Ghost Robotics-ის რობოტები ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ცდებში უკვე მონაწილეობენ. გასულ წელს ოთხფეხა რობოტები ფლორიდაში გამართულ რეგულარულ სამწვრთნელო ოპერაციებშიც გამოიყენეს – ეს რობოტები იმ ადგილებს ზვერავენ, სადაც ადამიანისა და მანქანების ყოფნა არასასურველია.

Boston Dynamics-ი ოთხფეხა რობოტების წარმოებაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და საზოგადოებისთვის უფრო ნაცნობი კომპანიაა, თუმცა პროდუქტების დემილიტარიზაცია მათი შიდა პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია. როგორც ჩანს, Ghost Robotics-სა და ბაზარზე არსებულ სხვა მოთამაშეებს განსხვავებული გეგმები აქვთ. ცნობისთვის, ოთხფეხა რობოტების გამოყენება შეიძლება როგორც ფოტო- და ვიდეოგადაღებისთვის,  ისე რუკების შესადგენად, მათგან მობილური გადაცემის ხაზების შესაქმნელად, ნაღმების განსანაღმავად და ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ატომური მასალის აღმოსაჩენად. თავისთავად ცხადია, რომ დროის გასვლასთან და ოთხფეხა რობოტების დახვეწასთან ერთად, მათთვის ახალი ფუნქციები გამოჩნდება.

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე, ამერიკის კანონმდებლობა ე.წ. „მკვლელი რობოტების“ შექმნასა და გამოყენებას არ კრძალავს, რაც Ghost Robotics-ისა და მსგავსი კომპანიების საქმიანობას აიოლებს.