ღვინის ბლოკჩეინის კონსორციუმი მეღვინე ქალებს ხელშეწყობას ჰპირდება

ღვინის ბლოკჩეინის კონსორციუმი მეღვინე ქალებს ხელშეწყობას ჰპირდება

საქართველოში WiV Technology-ის მხარდაჭერით ქართული ღვინის ბლოკჩეინის კონსორციუმი დაარსდა. ეს გახლავთ მსოფლიოში პირველი ღვინის ბლოკჩეინ კონსორციუმი, რაც ქართული მეღვინეობისათვის განვითარების მრავალ შესაძლებლობას გააჩენს.

აღნიშნული გადაწყვეტილებით საქართველომ სფეროში პიონერის სტატუსი დაიმსახურა. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ეს არ გახლავთ შემთხვევითი, რადგან საქართველო ღვინის სამშობლოა და ამ სფეროსთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ტექნოლოგიური განვითარების პერსპექტივები სწორედ საქართველოს უნდა უკავშირდებოდეს.

შეგახსენებთ, რომ ქართული ღვინო ბლოკჩეინ პლატფორმაზე რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა. აღნიშნული პროექტი ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ბლოკჩეინ პლატფორმის, WiV Technology-ის, ერთობლივი ნაწარმია.

ნავარაუდებია, რომ ტექნოლოგია და ინოვაცია ხელს შეუწყობს როგორც ღვინის ხარისხის გაუმჯობესებას, ისე მისი გაყიდვებისა და მარკეტინგის ეფექტიანობის გაზრდასაც. გარდა ამისა, ეს ნაბიჯი შექმნის გარკვეულ ნიშს, რომელსაც საკუთარი წარმოება ქვეყანაში მოღვაწე ყოველმა მეღვინემ უნდა გაუთანაბროს. პროექტი  მეღვინეებს დამატებითი კაპიტალის მოძიებას გაუმარტივებს. კონსორციუმის დაფუძნებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სპეციალური პროგრამებისა და გადამზადების კურსების დახმარებით პროექტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება მეღვინე ქალებისთვის ხელშეწყობას დაეთმობა.

ქართული მეღვინეობის ხელშესაწყობად, კონსორციუმის ფარგლებში მხოლოდ ღვინისათვის 100 მილიონ დოლარამდე ინვესტიციის მოზიდვაა დაგეგმილი.

შეგახსენებთ, რომ ღვინის ეროვნულმა სააგენტომ და ნორვეგიულმა ბლოკჩეინ პლატფორმა WiV Technology-მ თანამშრომლობა რამდენიმე თვის წინ დაიწყეს. ფართო აუდიტორიის მოსაზიდად კოლაბორაციის ფარგლებში ქართულ ღვინოს NFT სტატუსი მიენიჭა.

 

ფოტო: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია