ქართული ღვინის ინდუსტრია Blockchain-ზე გადის

ქართული ღვინის ინდუსტრია Blockchain-ზე გადის

ქართული ღვინის წარმოების ტრადიციისა და კულტურის პოპულარიზაციის გასაზრდელად სახელმწიფო Blockchain-ეკოსისტემას გამოიყენებს. ღვინის ეროვნული სააგენტო ნორვეგიულ ბლოქჩეინ-პლატფორმა WiV-თან ითანამშრომლებს და უფრო ფართო აუდიტორიის მოსაზიდად ქართულ ღვინოს NFT-ის სტატუსს მიანიჭებს. კოლაბორაციის მიზანი ქართული ღვინის ცნობადობისა და რეპუტაციის ამაღლება იქნება.

WiV სახელმწიფოს არა მხოლოდ ქართული ღვინის ბრენდებისათვის NFT-სტატუსის მინიჭებაში, არამედ ღვინის ეროვნულ სააგენტოს ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის შექმნაშიც დაეხმარება. მყიდველებს პლატფორმაზე შეეძლებათ როგორც ღვინის, ისე ინდუსტრიასთან დაკავშირებული სხვა პროდუქციის შეძენაც.

ცნობისათვის, NFT (არაჩანაცვლებადი ტოკენი) – ეს გახლავთ უნიკალური კოდი, იგივე ციფრული კრიპტოერთეული,  რომელიც ფაილების ავთენტიკურობას ადასტურებს. ამ ინფორმაციას კი დეცენტრალიზებულ ქსელში, ბლოქჩეინში ინახავს. იგი მისი სტატუსის მქონე საქონლის უნიკალურობასა და ჩაუნაცვლებლობას განსაზღვრავს. მაგალითისათვის, ცნობილი ტექნოლოგიური გიგანტის, Twitter-ის აღმასრულებელი დირექტორის პირველი ტვიტი პლატფორმაზე სწორედ NFT სტატუსით გაიყიდა. მისი უნიკალურობის გამო კი ტვიტის ღირებულებამ 2.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

პარტნიორობის ფარგლებში, ქართული ღვინო და მისი წარმოშობა, რომელიც სწორედ მისი 8000-წლიანი ისტორიითაა უნიკალური, NFT-ის სტატუსით სწორედ WiV-პლატფორმაზე განთავსდება.

საქართველოს პარლამენტმა ახლახან მიიღო ახალი საკანონმდებლო პროექტი, რომელიც საქართველოში წარმოებული ყველა ღვინის სერტიფიცირებას მოითხოვს. WiV-ის აღმასრულებელი დირექტორის, ტომი ჯენსენის თქმით, შედეგად ყველა მეღვინეს და მეწარმეს ექნება საშუალება, საკუთარი პროდუქცია ბლოქჩეინ-პლატფორმაზე განათავსოს, რაც მათთვის დიდი უპირატესობის მომტანი იქნება. შესაბამისად, პლატფორმაზე განთავსებულ ღვინოებს თან დაერთვება სერტიფიკატიც, რომელიც მათ წარმომავლობას დაადასტურებს.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, Non-Fungible Token (NFT)-ების მიერ ღვინის წარმოშობის დადასტურება მნიშვნელოვნად დაეხმარება ღვინის ფიზიკური აქტივების უფრო სწრაფად და ეფექტიანად ვაჭრობის პროცესს. ეს ნიშნავს, რომ ღვინის წარმოშობის, როგორც ცალკე აღებული ღირებულებისათვის NFT-სტატუსის მინიჭება დიდ რეკლამას გაუწევს უშუალოდ ქართული ღვინის ბრენდებსაც. გარდა ამისა, აღნიშნული ნაბიჯი ქართული ღვინის წარმოების ხარისხსაც გაზრდის. მეღვინეობებს მოუწევთ საკუთარი სამეწარმეო სტანდარტების დასავლურ-ევროპულ ღვინოებთან დაახლოება, რაც საბოლოო ჯამში, ინდუსტრიაზე დადებითად აისახება.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2019 წელს საქართველოდან ექსპორტზე 94 მილიონი ბოთლი, 240 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების, ღვინო გავიდა.

შეგახსენებთ, რომ 2017 წელს აღმოჩენილი ნიმუშების მიხედვით, საქართველოს ღვინის ქვევრში წარმოების 8000-წლიანი ტრადიცია აქვს, რაც მას ღვინის სამშობლოს სტატუსს ანიჭებს. დღესდღეობით საქართველოში ყურძნის 525 ჯიშია აღმოჩენილი და ქვეყანას 1800-ზე მეტი ღვინის მწარმოებელი ჰყავს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *