ფინანსურმა ჟურნალმა, Global Finance-მა ორი ქართული ბანკი, თიბისი ბანკი და საქართველოს ბანკი, საუკეთესო ბანკებს შორის დაასახელა.
Global Finance-მა თიბისი ბანკის ინტერნეტბანკი მსოფლიოში საუკეთესო ინტეგრირებულ ვებგვერდად აღიარა კორპორატიული სეგმენტისთვის.
ამ ნომინაციაში გამარჯვებულად თიბისი ბანკი ისეთ საერთაშორისოდ აღიარებული ბანკების გვერდით დასახელდა, როგორებიცაა: Wells Fargo, Citi, CaixaBank, Yapi Credi.
2017 წლის ზაფხულში, თიბისი ბანკმა უკვე მიიღო Global Finance-ისგან ჯილდო საქართველოში საუკეთესო ციფრული ბანკისთვის, ასევე აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში 4 სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულად დასახელდა. თუმცა, ამჯერად Global Finance-მა გამარჯვებული ბანკები მსოფლიო მასშტაბით გამოავლინა და თიბისი ბანკს მსოფლიოში საუკეთესო ინტეგრირებული ვებგვერდის ჯილდო მიანიჭა კორპორატიული სეგმენტისთვის.
გამარჯვებული ბანკები Global Finance-მა შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით შეარჩია: სწორი სტრატეგია ონლაინ მომხმარებლების მოზიდვისა და მომსახურებისთვის, კლიენტებისთვის საუკეთესო ციფრული სერვისების შეთავაზება, ინტერნეტ და მობაილბანკის მომხმარებელთა რაოდენობის ზრდა, შეთავაზებული პროდუქტებისა და მომსახურების მრავალფეროვნება, ვებგვერდის დიზაინი და ფუნქციონალი.
ციფრული მომსახურების სფეროში საუკეთესო ბანკები კონკურსში მონაწილე 300 ფინანსური ინსტიტუტიდან სპეციალურად ამ კონკურსისთვის დაკომპლექტებულმა ჟიურიმ შეარჩია, რომელთა შორის არიან მსოფლიოში წამყვანი სპეციალისტები საკონსულტაციო, საინფორმაციო და ტექნოლოგიური სფეროდან.
ამასთან, Global Finance-ის ჯილდოს – “საქართველოში 2018 წლის საუკეთესო პირადი საბანკო მომსახურება” მფლობელი საქართველოს ბანკი გახდა. აღნიშნულ კატეგორიაში მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო ბანკებს ცნობილი საერთაშორისო ჟურნალი Global Finance-ი უკვე მესამედ ავლენს. საქართველოს ბანკის დაგროვილი ქონების მართვის მიმართულება სადღეისოდ 1,818 მლნ ლარის მოცულობის აქტივებს მართავს და ემსახურება შეძლებულ პირებსა და მათ ოჯახებს, 60-ზე მეტი სხვადასხვა ქვეყნიდან.