Goldman Sachs-ის ხელმძღვანელი დისტანციურად მუშაობას არ ემხრობა. როგორც დევიდ სოლომონი ამბობს, სახლიდან მუშაობა არ შეიძლება იყოს „ახალი ნორმალური რეალობა“.
მისივე თქმით, 2020 წლის განმავლობაში ბანკის 10%-ზე ნაკლები მუშაობდა ოფისში. თუმცა მას შემდეგ, რაც თანამშრომელთა დიდი ნაწილი ოფისებს დაუბრუნდა, ბანკის ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ ეს ასეც უნდა იყოს და სახლიდან მუშაობა არ არის Goldman Sachs-ის სამუშაო კულტურის შესაფერისი.
„ ვფიქრობ, რომ ისეთი ბიზნესებისთვის, როგორიც ჩვენ ვართ, და რომელიც ინოვაციურ თანამშრომლობით კულტურას ეფუძნება, ოფისიდან მუშაობა იდეალური არ არის. დისტანციურად მუშაობა არ არის ახალი ნორმალური რეალობა. ეს უფრო ანომალიაა, რომელიც რაც შეიძლება მალე უნდა გამოვასწოროთ“, – განაცხადა დევიდ სოლომონმა.
მიუხედავად ამ განცხადებისა, სოლომონი მიიჩნევს, რომ კორონავირუსის პანდემია კომპანიას ციფრულ ტექნოლოგიებთან ადაპტირებაში დაეხმარა და საინვესტიციო ბანკისთვის სამუშაოს უფრო ეფექტიანად შესრულების გზები შექმნა. თუმცა, მისივე თქმით, ეს გრძელვადიან პერსპექტივაში გრანდიოზულ ცვლილებებს მაინც ვერ გამოიწვევს.
როგორც ჩანს, ფინანსურ სექტორში სოლომონი ერთადერთი არაა, ვინც ასე ფიქრობს. სექტემბერში JP Morgan-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა ჯემი დაიმონმა განაცხადა, რომ სახლიდან მუშაობა თანამშრომლების პროდუქტიულობაზე უარყოფით გავლენას ახდენდა. Barclays-ის ხელმძღვანელმა ჯეს სტეილიმაც ცოტა ხნის წინ გამოთქვა იმედი, რომ ვაქცინაცია თანამშრომლებს ოფისებში მალე დაბრუნების შესაძლებლობას მისცემს.
ამის საპირისპიროდ, ტექნოლოგიური კომპანიები დისტანციური მუშაობის მიმართ უფრო ენთუზიაზმით არიან განწყობილი. Microsoft-მა, Facebook-მა და Twitter-მა უკვე განაცხადეს, რომ ისინი თანმშრომლებს მუდმივად სახლიდან მუშაობის შესაძლებლობას მისცემენ. უფრო მეტიც, Facebook-ში განაცხადეს, რომ თანამშრომელთა ნახევარი მომდევნო 5-10 წელიწადში დისტანციურად მუშაობის რეჟიმზე გადავა.