გოლფი ბავშვებისთვის

გოლფი ბავშვებისთვის

Tbilisi Hills Golf & Residences საქართველოში გოლფერების პირველ თაობას აღზრდის.
 

გოლფის თამაშის კულტურა საქართველოში ამ დრომდე არ არსებობდა. რატომ? – პასუხი ერთია – იმიტომ რომ არ არსებობდა შესაბამისი ბაზა და პირობები გოლფის შესასწავლად. ამის მიუხედავად, კომპანიაში Tbilisi Hills Golf & Residences მიიჩნევენ, რომ გოლფ-კლუბი, როგორც ბიზნესი,  საქართველოში სარისკო წამოწყება სულაც არ არის.  პირიქით,  მოქმედ მენეჯმენტს მიაჩნია, რომ ბაზარზე პირველობა  და გოლფის კულტურის აღორძინების მისია დიდი პატივია. ამ კუთხით გარკვეული გეგმებიც აქვთ. ფიქრობენ, რომ მისიის შესრულება პირველ რიგში გოლფერების ახალი თაობის აღზრდით უნდა დაიწყონ. მკითხველისთვის განვმარტავთ, რომ უკვე რამდენიმე თვეა  თბილისის თავისუფლების მოედნიდან 15 წუთის სავალზე, მსოფლიო სტანდარტების პროფესიონალური გოლფის მოედანი ფუნქციონირებს, სადაც პროფესიონალი გოლფერების გარდა ახალბედა მოთამაშეებს და ბავშვებსაც აქვთ შანსი სპორტის ამ სახეობას დაეუფლონ. სწორედ Tbilisi Hills Golf & Residences აპირებს აღზარდოს ქართველი გოლფერების პირველი თაობა.

საქართველოში გოლფის კულტურის განვითარებას Tbilisi Hills Golf & Residences-თან ერთად ესტონელი გოლფერი პოლ პოჰი ცდილობს, რომელიც აღნიშნულ გოლფ-კლუბს ხელმძღვანელობს. ის აქტიურად იყო ჩართული ანალოგიურ პროცესებში ესტონეთშიც, თუმცა ამბობს რომ საქართველოში ამ ნაბიჯების გადადგმა გაცილებით გამარტივდება, რადგან ესტონური მაგალითისგან განსხვავებით, გარკვეული შეცდომების გამეორებას აღარ აპირებს. სწორედ ესტონურ გამოცდილებაზე დაყრდნობით  მიიღო მან გადაწყვეტილება განსაკუთრებული აქცენტი პატარა გოლფერებზე და მათ მომზადებაზე გაეკეთებინა.

პოლ პოჰის განმარტებით, მისთვის საქართველო ერთგვარი გამოწვევაა და აპირებს, რომ გოლფის განვითარებაში მაქსიმალური ძალისხმევა ჩადოს. სანამ ქართველი გოლფერების პირველი თაობა დაკომპლექტდება, Tbilisi Hills Golf & Residences სკოლის მოსწავლეებს გაცნობითი ხასიასთის გაკვეთილებს სთავაზობს. პოლ პოჰი ფიქრობს, რომ ბავშვების მოედანზე მიყვანა და გოლფის წესების ადგილზე გაცნობა აუცილებელია, რადგან მათ თავად უნდა მიეცეთ  საშუალება კარგად გააცნობიერონ – რამდენად აქვთ სურვილი ამ სპორტით დაკავდნენ.

ესტონელი გოლფერი პოლ პოჰიც, მისი ცხოვრების გოლფთან დაკავშირებას, მოედანზე პირველად მისვლის პრეცენდენტს მიაწერს: “პირველად გოლფის მოედანზე მამამ 12 წლის ასაკში წამიყვანა. დღეს უკვე ვფიქრობ, რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ღირებული მოვლენა ჩემს ცხოვრებაში, რადგან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების საწინდარი გახდა. საწყის ეტაპზე, გაკვეთილების მიმდინარეობისას მეც სხვა ბავშვების მსგავსად ხეებსა და ბუნებას ვაკვირდებოდი, თუმცა შემდეგ თან და თან გავაცნობიერე, თუ რამდენად მომწონდა ეს სპორტი. გოლფის მოედანზე პატარები სწავლობენ ურთიერთპატივისცემას, უვითარდებათ კონცენტრაციის უნარი და რაც მთავარია ეს შესანიშნავი საშუალებაა იმისთვის, რომ 21-ე საუკუნის პირობებში ბავშვები ცოტა ხნით მაინც ჩამოვაშოროთ სმარტ-ფონებს. გოლფის მოედანზე პატარები ამყარებენ ახალ ურთიერთბებს, იძენენ ახალ სანაცნობო წრეს და ეს ურთიერთბები დიდ როლს თამაშობენ მათ პიროვნულ განვითარებაში” – აღნიშნავს გოლფ-კლუბის დირექტორი, ესტონელი გოლფერი პოლ პოჰი.

გოლფ-კლუბის დირექტორის განმარტებით, Tbilisi Hills Golf & Residences-ს საბავშვო გოლფთან დაკავშირებით რამდენიმე შეთავაზება აქვს. სკოლის მოსაწავლეთა ჯგუფებს, გაცნობითი ხასიათის გაკვეთილების ფარგლებში შეუძლიათ 2 საათი გაატარონ გოლფის მოედანზე და შესაბამისი აღჭურვილობით პრაქტიკაში გაეცნონ თამაშის წესებს, ეს მომსახურება სიმბოლური ფასი, ერთი პერსონისთვის 10 ლარი ღირს. თუმცა, ასევე შაბათობით, გოლფ კლუბში ტარდება  უფასო გაკვეთილებიც  4 ასაკობრივი ჯგუფისთვის, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება, მათ შორის ბავშვებსაც 5 წლის ასაკიდან.

პოლ პოჰი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია გოლფი საქართველოში არამხოლოდ მაღალშემოსავლიანი ოჯახებისთვის იყოს ხელმისაწვდომი, რათა უფრო მეტ მსურველს მიეცეს საშუალება შეისწავლოს ეს სპორტი. მით უმეტეს, როდესაც საქართველოში, თბილისის თავისუფლების მოედნიდან 6,5 კმ-ის დაშორებით მწვანე გარემოსა და სუფთა ჰაერზე, პროფესიონალური, ყველა საჭირო დეტალით აღჭურვილი გოლფის მოედანი ფუნქციონირებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *