ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი, Google-ი, თავისი AI-მონაცემთა ცენტრების ბირთვული რეაქტორებით აღჭურვას გეგმავს. როგორც ირკვევა, კომპანიამ რეაქტორების შესყიდვასთან დაკავშირებით შეთანხმებას უკვე მიაღწია.
ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ცენტრების სუფთა ენერგიით მომარაგების მიზნით, Google-მა კონტრაქტი აშშ-ში დაფუძნებულ Kairos Power-თან გააფორმა. ეს უკანასკნელი მცირე მოდულურ რეაქტორებს (SMR) ავითარებს.
პირველი რეაქტორი, რომელიც Google-ის მონაცემთა ცენტრებს ამუშავებს, სავარაუდოდ, 2030 წლისთვის ამოქმედდება. დამატებითი რეაქტორების განლაგება კი 2035 წლამდე იგეგმება. საერთო ჯამში ეს რეაქტორები 500 მეგავატამდე სუფთა ენერგიას გამოიმუშავებს, რაც ყოველწლიურად დაახლოებით 360,000 სახლის ელექტროენერგიით უზრუნველყოფისთვის არის საკმარისი.
მონაცემთა ცენტრები ციფრული ეკონომიკის მამოძრავებელი ძალაა და მათი ენერგიის ჯამური მოხმარება, სავარაუდოდ, 2023-დან 2028 წლამდე გაორმაგდება. როგორც პროგნოზირებენ, ეს მაჩვენებელი საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის 857 ტერავატ საათს მიაღწევს.