აფრიკაში სწრაფი და ხელმისაწვდომი ინტერნეტის უზრუნველყოფისა და მეწარმეობის განვითარებისთვის, Google-ი $1 მილიარდის ინვესტიციას განახორციელებს. მომავალი გეგმების შესახებ კომპანიამ ოთხშაბათს განაცხადა.
მსოფლიო ბანკის მონაცემებით, კონტინენტის 1,3-მილიარდიანი მოსახლეობის მესამედი ფართოზოლოვან ქსელთანაა დაკავშირებული, რაც აფრიკაში ინტერნეტის საიმედოობის პრობლემას ქმნის. ამის მიუხედავად, კონტინენტი, რომლის მოსახლეობის თითქმის ნახევარი 18 წელს ქვემოთაა, პერსპექტიულ ბაზრად ითვლება. აღსანიშნავია, რომ ახალი გარიგებით Google-ი აფართოებს ოთხი წლის წინ გამოცხადებულ დაპირებას, რომელიც 10 მილიონი ახალგაზრდა აფრიკელისა და მცირე ბიზნესების ციფრულ უნარ-ჩვევებში გადამზადებას გულისხმობდა.
Google-ის $1-მილიარდიანი ინვესტიცია ხელს შეუწყობს ციფრულ ტრანსფორმაციას, კავშირისა და წვდომის გაუმჯობესების მიზნით. გამოყოფილი თანხა ასევე მოხმარდება ინფრასტრუქტურის, მათ შორის Equiano-ს წყალქვეშა სადენის განვითარებას, რომელიც სამხრეთ აფრიკას, ნამიბიას, ნიგერიასა და წმინდა ელენეს კუნძულს ევროპასთან აკავშირებს.
აფრიკის კონტინენტზე ინტერნეტთან წვდომის პრობლემას მეტად ართულებს მოსახლეობის მხრიდან სმარტფონებზე შეზღუდული ხელმისაწვდომობა. Google-ის განცხადებით, კენიის სატელეკომუნიკაციო გიგანტ Safaricom-თან პარტნიორობით, Android-ის სმარტფონების დაბალბიუჯეტიანი მოდელების გამოშვება იგეგმება. Google-ის პროექტში მოგვიანებით Airtel-ი, MTN-ი, Orange და Vodacom-იც ჩაერთვებიან.