Google-ი SpaceX-ისგან სუპერკომპიუტერებს თვეში თითქმის $1 მილიარდად იქირავებს

Google-ი SpaceX-ისგან სუპერკომპიუტერებს თვეში თითქმის $1 მილიარდად იქირავებს

ფოტო: AP

 

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Google-მა, გამომთვლელი სიმძლავრეების იჯარით აღებაზე ილონ მასკის SpaceX-თან $30-მილიარდიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. მხარეებს შორის გაფორმებული შეთანხმების პირობებით, სუპერკომპიუტერებით სარგებლობისთვის Google-ი მასკის კომპანიას, მომდევნო 32 თვის განმავლობაში, ყოველთვიურად $920 მილიონს გადაუხდის.

შეთანხმება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ SpaceX-ი მომავალ კვირაში დანიშნული რეკორდული IPO-სთვის ემზადება. გარდა ამისა, 2026 წლის თებერვალში, ილონ მასკმა, კოსმოსში AI-მონაცემთა ცენტრების განთავსების მიზნით, თავისი კოსმოსური კომპანია თავისივე ხელოვნური ინტელექტის სტარტაპ xAI-თან გააერთიანა.

პარასკევს გამოქვეყნებული მარეგულირებელი დოკუმენტაციის მიხედვით, Google-ი მასკის კომპანიის მონაცემთა ცენტრებში განთავსებულ 110,000 ერთეულ Nvidia-ს გრაფიკულ პროცესორს (GPU), ასევე სხვა ტიპის პროცესორებსა და მეხსიერების კომპონენტებს გამოიყენებს. ხელშეკრულების პირობები ამერიკულ საძიებო ფირმას SpaceX-ის გამოთვლითი სიმძლავრით სარგებლობის უფლებას 2026 წლის ოქტომბრიდან 2029 წლის ივნისამდე პერიოდში მისცემს.

ხელშეკრულების თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ SpaceX-ი 2026 წლის 30 სექტემბრამდე ვერ შეძლებს პირობებით განსაზღვრული რაოდენობის GPU-ს მიწოდებას, Google-ი უფლებას იტოვებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს შეთანხმება ან, ერთთვიანი საშეღავათო პერიოდის შემდეგ, ისინი შედარებით დაბალი ღირებულებით მიიღოს.

საინტერესოა, რომ ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტებს შორის გაფორმებული შეთანხმებით როლები რადიკალურად შეიცვალა: სულ რაღაც ხუთი თვის წინ, Google-ი დათანხმდა SpaceX-ისთვის გამოთვლითი რესურსების მიწოდებას, რომელსაც მასკის კომპანია უკვე Starlink-ის თანამგზავრებით ინტერნეტსერვისის უზრუნველსაყოფად იყენებდა. თუმცა მას შემდეგ, რაც SpaceX-მა xAI შეიერთა, კომპანიის კონტროლქვეშ Colossus-ის სახელით ცნობილი, აშშ-ში მდებარე რამდენიმე მსხვილი მონაცემთა ცენტრი გადავიდა. მათი საერთო გამომთვლელი სიმძლავრე 2 გიგავატს აჭარბებს, ხოლო მასკის მიერ გაერთიანებული კომპანიის — SpaceX/AI-ის სავარაუდო ღირებულება ამჟამად $1.25 ტრილიონს შეადგენს.

ცნობისთვის, Google-ის მფლობელმა კომპანიამ, Alphabet-მა, მასკის SpaceX-ში ინვესტიცია ჯერ კიდევ 2015 წელს განახორციელა. მაშინ მასკის კოსმოსური სტარტაპი მხოლოდ $12 მილიარდად იყო შეფასებული. არსებული ინფორმაციით კი, SpaceX-ი მომდევნო კვირაში დაგეგმილ IPO-ზე $75 მილიარდის მოზიდვას და $1.75-ტრილიონიანი საბაზრო ღირებულების მიღწევას გეგმავს, რაც მას ისტორიაში საფონდო ბირჟაზე უმსხვილეს საჯარო განთავსებად აქცევს.