სი ძინპინი ოფიციალური ვიზიტით ჩრდილოეთ კორეას ეწვია

სი ძინპინი ოფიციალური ვიზიტით ჩრდილოეთ კორეას ეწვია

ფოტო: Xie Huanchi/Xinhua via AP

 

უკანასკნელი შვიდი წლის განმავლობაში პირველად, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ოფიციალური ვიზიტით ჩრდილოეთ კორეას ეწვია. აღსანიშნავია, რომ ჩინეთის პირველი პირის ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე, ჩრდილოეთ კორეის პრეზიდენტმა კიმ ჩენ ინმა კიდევ ერთხელ ღიად დაადასტურა ამბიციები თავისი ქვეყნის ბირთვული არსენალის „ექსპონენციური“ გაფართოების შესახებ.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დღეს, სამშაბათს, სი ძინპინისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრაა დაგეგმილი. შეხვედრა განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ჩრდილოეთ კორეის პრეზიდენტმა ბოლო წლებში რუსეთთან მჭიდრო ეკონომიკური და სამხედრო კავშირები კიდევ უფრო გაამყარა. ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ ჩინეთს სურს, ჩრდილოეთი კორეა მეზობელ სახელმწიფოებთან დიალოგზე დაიყოლიოს, მათ შორის დენუკლეარიზაციის საკითხზე. ამ უკანასკნელმა განსაკუთრებული აქტუალობა მას შემდეგ შეიძინა, რაც კიმ ჩენ ინის რიტორიკა ბირთვულ ამბიციებთან დაკავშირებით სულ უფრო აგრესიული გახდა.

„ჩინეთის პერსპექტივიდან გამომდინარე, ჩრდილო კორეამ მეზობელ ქვეყნებთან მშვიდობისა და დენუკლეარიზაციის შესახებ მოლაპარაკებები უნდა აწარმოოს“, — განუცხადა საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით ნანძინგის უნივერსიტეტის მკვლევარმა ჭუ ფენგმა გამოცემა Financial Times-ს. მისივე თმით, ქვეყანამ მეზობლებთან ეკონომიკური და სოციალური ჩართულობა უნდა სცადოს, რათა ნაკლებად იზოლირებული და უფრო მეტად მშვიდობაზე ორიენტირებული გახდეს.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ფხენიანში ვიზიტამდე, სი ძინპინმა ბოლო დროს პეკინში მაღალი დონის სამიტების სერიას უმასპინძლა. პეკინში იმყოფებოდნენ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. ცნობისთვის, ტრამპს ვიზიტისას აშშ-ის ტექნოლოგიური ინდუსტრიის ლიდერებით დაკომპლექტებული დელეგაციაც ახლდა, რომელთა შორის იყო მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ილონ მასკი და Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორი ჯენსენ ჰუანგი.

ჩინეთის საინფორმაციო სააგენტო Xinhua-ს ცნობით, ორდღიანი სახელმწიფო ვიზიტის დაწყებისთანავე, სიმ კიმ ჩენ ინთან ორმხრივ შეხვედრაზე მხარეებს „სტრატეგიული კოორდინაციისა და თანამშრომლების გაღრმავებისკენ“ მოუწოდა, რათა მათ კავშირებს უფრო „ძლიერი იმპულსი“ შესძინონ. სი ძინპინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩინეთი მზადაა გააფართოოს თანამშრომლობა ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: ეკონომიკა, ვაჭრობა, სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა, მშენებლობა, მეცნიერება და ტექნოლოგიები.

ჩინეთის პრეზიდენტსა და მის მეუღლეს, პენ ლიუანს, ფხენიანის აეროპორტში ჩაფრენისას პირადად დახვდნენ ჩრდილოეთ კორეის პრეზიდენტი კიმ ჩენ ინი და პირველი ლედი რი სოლ ჯუ. მოგვიანებით პრეზიდენტებმა მოლაპარაკებები გამართეს და სახელმწიფო რეზიდენციაში ბანკეტს დაესწრნენ. სი ძინპინმა კიმ ჩენ ინს განუცხადა, რომ მიუხედავად იმისა, თუ როგორ შეიცვლება საერთაშორისო მდგომარეობა, ეს არ იმოქმედებს ჩინეთის მტკიცე პოზიციაზე — პატივი სცეს ქვეყნებს შორის არსებულ ტრადიციულ მეგობრობას.

უნდა აღინიშნოს, რომ სი ძინპინის ვიზიტამდე სულ რაღაც ერთი დღით ადრე, ჩრდილოეთ კორეის მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კიმ ჩენ ინი მსხვილ სამხედრო საწარმოს ეწვია, სადაც ბალისტიკური და სხვა ტიპის რაკეტების შესახებ მოხსენება მოისმინა. გასულ კვირას, ჩრდილოეთ კორეის პრეზიდენტმა ბირთვული იარაღისთვის ვარგისი მასალების ახალი ქარხანაც მოინახულა და განაცხადა, რომ ფხენიანის გეგმაში ბირთვული ძალების „ექსპონენციალური ტემპით“ გაძლიერებაა. დენუკლეარიზაციის იდეას კი „ანაქრონისტული“ უწოდა.

ამ ეტაპზე უცნობია, იგეგმება თუ არა სახელმწიფოთა პირველ პირებს შორის სამშაბათს დანიშნულ  შეხვედრაზე ფხენიანის არალეგალური ბირთვული პროგრამის დეტალურად განხილვა. როგორც ცნობილია, თავად პეკინიც ამ საკითხს სიფრთხილით ეკიდება, რადგან ჩრდილოეთ კორეის პროგრამა აშშ-ის ყურადღების ცენტრშია, მეორე მხრივ კი, ჩინეთის საზღვრებთან არასტაბილურობის რისკსაც ზრდის. ამავდროულად, პეკინი ფხენიანს ამერიკული გავლენის წინააღმდეგ მიმართული ბლოკის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად განიხილავს. სი ძინპინმა მინიშნებები ამ საერთაშორისო თანამშრომლობაზეც გააკეთა და განაცხადა, რომ ქვეყნებმა მყარად უნდა დაიცვან თავიანთი სუვერენიტეტი და უსაფრთხოება და, ამავდროულად, ერთობლივი ძალებით რეგიონში მშვიდობა და განვითარება უზრუნველყონ.