როდესაც რეგიონში Google-ის მსგავსი მსხვილი ტექნოლოგიური კომპანია შედის, ეს ხშირად მცირე ტექნოლოგიური კომპანიებისათვის სასიკვდილო განაჩენის ტოლფასია. მაგრამ ეს არ შეეხო კანზასში (მისურის შტატი) მდებარე RareWire-ს, რომელიც მობილური მოწყობილობების აპლიკაციებს ქმნის. ერთი წლის წინ ქალაქში შემოსულმა საძიებო გიგანტმა შექმნა მთავარი ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალი უდიდესი ინტერნეტინფრასტრუქტურისთვის, რომელიც Google Fiber-ის სახელწოდებითაა ცნობილი. ამან RareWire-ის მსგავს ასობით სტარტაპს საქმიანობის არეალის გაფართოების საშუალება მისცა. „ქალაქის მოსახლეობა და მეწარმეები ხვდებიან, რომ მათ წინ დიდი შესაძლებლობები იშლება”, – ამბობს RareWire-ის თანადამფუძნებელი და პრეზიდენტი, 44 წლის კირკ ჰასენზალი.
RareWire-ი კანზასში Google-ის გამოჩენამდეც არსებობდა. ჰასენზალმა და მეორე თანადამფუძნებელმა, 39 წლის მეტ ენჯელმა ერთმანეთი გაიცნეს კომპანია Saepio-ში, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ისეთ მარკეტინგულ ტექნოლოგიებსა და მომსახურებებს, როგორიც აქვთ, მაგალითად, McDonald-ს, H&R Block-სა და Audi-ის. 2008 წელს ჰასენზალი სამსახურიდან წამოვიდა, მაგრამ ენჯელთან ურთიერთობას აგრძელებდა და მასთან ერთად RareWire-ის ძირითადი იდეის განვითარებაზე მუშაობდა.
„ადამიანებს ხშირად უჩნდებათ კარგი იდეები, მაგრამ არ იციან, როგორ გაყიდონ ისინი, – ამბობს კანზასში დაბადებული, სპორტული აღნაგობის, ბულანჟეიანი ჰასენზალი, რომელსაც Saepio-ში გაყიდვების დირექტორის პოსტი ეკავა. – ამის გამო ბევრი კარგი იდეის განხორციელება ვერ ხერხდება”.
თუმცა საკუთარი იდეის მიმართ ეს არ დაუშვა. ენჯელმა, რომელიც მაშინ Saepio-ის ტექნიკური დირექტორი იყო, შექმნა მარტივი აპლიკაციები პრაქტიკულად ყველა იმ მოწყობილობისათვის, რომელიც iOS-ს ან Android-ის პლატფორმებზე მუშაობს. დახვეწილი სისტემა (WIRE) შეიქმნა გავრცელებულ XML ფორმატით, რომელიც უკვე გამოიყენება ვებ დეველოპერების მიერ. ეს აპლიკაცია რიგით პროგრამისტებს ისეთსავე შესაძლებლობებს აძლევს, როგორიც გააჩნიათ მაღალი დონის პროფესიონალებს, რომლებსაც კოდების ათასობით სტრიქონი აქვთ დაწერილი.
მაგრამ როდის უნდა დაეწყოთ ბიზნესი? ჰასენზალსა და ენჯელს ეს იდეა 2010 წლის გაზაფხულზე გამოჩენილმა iPad-მა შთააგონა. მეგობრებისა და ნათესავების დახმარებით მათ $500 000 შეაგროვეს და მომდევნო წლის იანვარში საკუთარი კომპანია დააფუძნეს.
მათი პირველი მომხმარებელი გახდა კომპანია Atlantic-ი, რომელსაც ციფრულ სტანდარტებზე გადასვლამ მნიშვნელოვანი შემოსავალი მოუტანა. iPad-ისათვის განკუთვნილი აპლიკაციის დემოვერსია, WIRE- კოდის მხოლოდ 4 000 სტრიქონის გამოყენებით, RareWire-მა 24 საათში შექმნა. მათი აპლიკაცია Negro Leagues Baseball Museum-ი iPhone-ისა და iPad-ის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს გაეცნონ ბეისბოლის გუნდების ისტორიას ფოტოგალერეის, ინტერაქტიული რუკებისა და ბეისბოლის ვირტუალური ბარათების დახმარებით. RareWire-ის კლიენტები არიან: Forever 21-ი, სამშენებლო კომპანია Black & Veatch-ი, ვესტ-პოინტის აშშ-ის სამხედრო აკადემია და ქ. კანზასის ლუდსახარში Boulevard Brewing-ი. შარშან RareWire-ის წლიურმა შემოსავალმა $1 მილიონს მიაღწია და კომპანიამ ამ თანხის რეინვესტირება განახორციელა.
პერსპექტივაში მისი შესაძლებლობები იზრდება და, სავარაუდოდ, საკმაოდ მნიშვნელოვნად. ამა წლის ზაფხულში, სამუშაოების დასრულების შემდეგ, Google-მა კერძო პირებსა და კომპანიებს შესთავაზა როგორც უფასო, ასევე სხვადასხვა ფასიანი ფართოზოლიანი წვდომა ინტერნეტზე. ეს ზუსტად შეესაბამება RareWire-ის ახალ გეგმას: მათ მეორე ბიზნესის დაწყება აქვთ გადაწყვეტილი – XML-ზე დაფუძნებული პლატფორმა App Creation Studio, რომელიც არაპროფესიონალებისთვის იქნება განკუთვნილი. თუ მომხმარებელი მოისურვებს აპლიკაციის პუბლიკაციას, მას ექნება ორი არჩევანი: გადაიხადოს თვეში $250 ყოველი მობილური საოპერაციო სისტემის მხარდაჭერითა და მომსახურებით, ან ერთჯერადად – $99, მაგრამ ამ შემთხვევაში მომხმარებელი განახლებებს არ მიიღებს. „ახალი აპლიკაციები დიდი სიჩქარით იქმნება”, – ამბობს Google-ის წარმომადგენელი.
კანზასი ცდილობს ტექნოლოგიური საწარმოების მოზიდვას. ცოტა ხნის წინ ქალაქის მერმა, სლაი ჯეიმსმა, აამოქმედა Launch KC-პროგრამა, რომელიც მოიცავს უფასო Wi-Fi-სა და იაფ საოფისე ფართებს ქალაქის საქმიან ნაწილში; მონაცემთა დამუშავების ახალ ცენტრს სტარტაპებისათვის; გადასახადების შემცირებას იმ ტექნოლოგიური კომპანიებისათვის, რომლებიც აახლებენ და ქმნიან ტექნოლოგიურ ლაბორატორიებს, სადაც მეწარმეები შეძლებენ საკუთარი იდეების განვითარებასა და ბიზნესის მართვის შესწავლას. კაუფმანის ფონდი ხელს უწყობს ახალი ინიციატივების აღმოჩენას. ქალაქს უკვე აქვს მნიშვნელოვანი IT-მოხმარების ზონა Cerner Corp-სა და Sprint-ში, რომლებიც ერთმანეთის მეზობლად მდებარეობენ.
როგორც Launch KC-ის სამუშაო ჯგუფის წევრი, ჰასენზალი წინა რიგებშია. RareWire-ი კაუფმანის კლასში აპლიკაციების პროგრამირების გაკვეთილებს ატარებს და მომავალ ტექნოლოგიურ ცენტრშიც აპირებს სასწავლო კურსის ორგანიზებას. „ჩვენ შევქმენით კომპანია გიგანტურ ბაზარზე, – ამბობს ის. – ეს გამაოგნებელია, ჩვენ წინაშე უამრავი შესაძლებლობაა”.