ორმა ამერიკულმა გიგანტმა, Google-მა და Chevron-მა ბირთვული სინთეზის ტექნოლოგიაზე მომუშავე ამერიკულ სტარტაპში, TAE Technologies-ში $250 მილიონი დააბანდეს – ამ გარიგების შედეგად, მაღალტექნოლოგიური ამერიკული სტარტაპის მიერ მოზიდულმა ჯამურმა ინვესტიციამ $1.2 მილიარდი შეადგინა.
ცნობისთვის გეტყვით, რომ ბირთვული სინთეზი განსაკუთრებით საინტერესო და მოთხოვნადი მიმართულებაა, რადგან ამ პროცესის გამოყენებით დიდი მოცულობით სუფთა ენერგიის გამომუშავება შეიძლება და თან, ბირთვების გახლეჩის პროცესისგან განსხვავებით, ბირთვების სინთეზისას არ გამოიყოფა რადიოაქტიური ნარჩენები.
„ენერგეტიკაში განახლებადი ენერგიის წილობრივი ზრდის ფონზე, TAE-ს და ზოგადად, ბირთვული სინთეზის ტექნოლოგიას აქვს პოტენციალი, უნახშირბადო ენერგიის მასშტაბირებად წყაროდ და ქსელური სტაბილურობის მთავარ დასაყრდენად იქცეს“, – ვკითხულობთ Chevron Technology Ventures-ის პრეზიდენტის, ჯიმ გეიბლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ Google-ი და TAE Technologies-ი ხელოვნური ინტელექტისა და კომპიუტერული სიმძლავრის მიმართულებით 2014 წლიდან თანამშრომლობენ, მაგრამ ეს პირველი შემთხვევაა, როცა Google-მა კომპანიაში ფულადი ინვესტიცია დააბანდა. აქვე უნდა ითქვას, რომ Google-ისა და Chevron-ის გარდა, უახლეს საინვესტიციო რაუნდში მონაწილეობა იაპონურმა საინვესტიციო კომპანიამ, Sumitomo Corporation of Americas-მაც მიიღო, რომელიც TAE-ს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნების მიმართულებით გაფართოებაში დაეხმარება.
ცნობისთვის გეტყვით, რომ TAE Technologies-ი 1998 წელს, კალიფორნიაში დაარსებული სტარტაპია, რომელიც ელექტროენერგიის ქსელში ჩაბმას 2030 წლისთვის გეგმავს.