გრძელი გზის გავლაა საჭირო იმისათვის, რომ გახდე უცხოური ინვესტიციების მაგნიტი – ისრაელის ელჩი

გრძელი გზის გავლაა საჭირო იმისათვის, რომ გახდე უცხოური ინვესტიციების მაგნიტი – ისრაელის ელჩი

“ვფიქრობ საქართველოს ეკონომიკა ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. შესრულდა შესანიშნავი სამუშაო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. თუმცა, ჯერ კიდევ გრძელი გზის გავლაა საჭირო იმისათვის, რომ გახდე უცხოური ინვესტიციების მაგნიტი“, – ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩმა რან გიდორმა BMG-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

მისივე თქმით, რამდენიმე დაბრკოლებაა ამ კუთხით: “ერთი სირთულე ისაა, რომ საქართველოს მოსახლეობა ძალიან პატარაა – მხოლოდ 3.7 მილიონი. თუმცა, ეს არ არის ყველაზე დიდი სირთულე. ვინაიდან სხვა ქვეყნებიც არიან პატარა მოსახლეობით, მაგალითად ისრაელს 9 მილიონი მოსახლეობა ჰყავს, ჰონგ-კონგს 6 მილიონი. პრობლემა ისაა, რომ საქართველოს მოქალაქეების მსყიდველობით უნარი, შემოსავალი საკმაოდ დაბალია. მშპ ერთ სულ მოსახლეზე საქართველოში კორონავირუსამდე იყო 5000 დოლარამდე. რაც იმას ნიშნავს რომ საქართველოს მოქალაქეები არ არიან დიდი მომხმარებლები უცხოური პროდუქციის. ამიტომაც საქართველო არ არის ერთ-ერთი მსხვილი ქვეყანა უცხოური ინვესტიციების კუთხით“.

როგორც დიპლომატმა განაცხადა, პერსპექტიულია საქართველოში სხვა ქვეყნებიდან საწარმოების გადმოტანის ტენდენცია.

“რაც ჩვენ შეგვიძლია აქ გავაკეთოთ ან რასაც ისრაელი აკეთებს, ეს არის საწარმოო ხაზების გადატანა ისრაელიდან საქართველოში. ვინაიდან მუშა ხელის ფასი აქ საკმაოდ დაბალია. ისრაელის ბევრი კომპანია, ინდუსტრიული კომპანიები, როგორც ევროპული და ამერიკული კომპანიები, ისურვებდნენ რომ გადაეტანათ თავიანთი საწარმოო ხაზები ვიეტნამში, ჩინეთში, ინდოეთში თუ შორეულ აღმოსავლეთში. საქართველო კი გაცილებით უფრო ახლოს მდებარე ქვეყანაა ისრაელთან, მხოლოდ ორსაათნახევრის სჭირდება ფრენას, ჩვენ ასევე ვიზიარებთ იგივე კულტურას, იგივე მენტალიტეტს, ისრაელში ასევე ჩვენ გვყავს 100 000 ისრაელელი, რომლებიც საუბრობენ ქართულად, ასე რომ არსებობს მიზეზები რომ საწარმოო ხაზების შორეულ აღმოსავლეთში გადატანის ნაცვლად, გადმოვიტანოთ ისინი საქართველოში. უკვე არის ცალკეული ებრაელი მეწარმეები, რომლებიც ამას აკეთებენ“, – განაცხადა ელჩმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ შეიქმნა ისრაელი-საქართველოს სავაჭრო პალატა, რომელიც უკვე დარეგისტრირდა ისრაელში, ხოლო საქართველოში ის სექტემბერში გაიხსნება. რან გიდორის თქმით, აღნიშნული ინსტიტუცია ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო კავშირების გაღრმავებას და ეს დაეხმარება ასევე ქვეყნებს ინვესტიციების გაზრდის კუთხითაც.

ხოლო კითხვაზე თუ როგორც იცნობენ ისრაელის ბიზნეს-წრეებში საქართველოს, ელჩმა აღნიშნა:

“გულწრფელად რომ ვთქვათ, საქართველო ცნობილია როგორც შესანიშნავი ქვეყანა, როგორც კარგი ტურისტული მიმართულება, კარგი კერძები, ღვინო, ხალხი რომელსაც უყვარს ებრაელები და ისრაელელები, თუმცა, ამჟამად საქართველო ჯერ კიდევ არ არის კარგად ცნობილი ისრაელში როგორც საუკეთესო მიმართულება ინვესტიციებისთვის. ვიმედოვნებ, რომ ეს შეიცვლება“.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *