Gulf-მა მხოლოდ ამ სამი წლის მანძილზე ბიუჯეტში გადასახადების სახით 409 მილიონი ლარი, ხოლო საქველმოქმედო ხარჯის სახით 2 მილიონ ლარზე მეტი შეიტანა. როგორც Forbes Georgia-ს ნოემბრის თვის გამოცემაში გამოქვეყნებულ სტატიაშია აღნიშნული, პანდემიამდე, 2018 წელს, საწვავის რეალიზებიდან კომპანიის შემოსავალი 28%-ით იყო გაზრდილი.
Forbes Georgia-ს ორიგინალ რეიტინგში Gulf Georgia ყველაზე შემოსავლიანი 150 კომპანიის ათეულში შედის. რიცხვები აჩვენებს, რომ Gulf-ი საქართველოს მასშტაბით 144 ბენზინგასამართი სადგურის ოპერატორია და 1300 ადამიანს ასაქმებს.
“ჩვენ საქართველოში ყველაზე მეტი ბენზინგასამართი სადგური გვაქვს; ჩვენ დღეს ბაზრის ყველაზე დიდ წილს ვიკავებთ; ჩვენ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კერძო დამსაქმებელი ვართ”, – ამბობს კომპანია Gulf-ის ახალი გენერალური დირექტორი ქრეიგ კრამერი Forbes Georgia-სთან ინტერვიუში.
რაც შეეხება გეგმებს, კრამერის თქმით, ამ ეტაპზე მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ კომპანია რიტეილის ნაწილს გააუმჯობესებს, – “პროცესს დავაჩქარებთ, მეტ მაღაზიას გავხსნით, სადაც ყავისა და მზა საკვების ყიდვას შეძლებთ – ამით Gulf Georgia-ც იმ გზას გაივლის, რაც დასავლეთმა 10-20 წლის წინ გაიარა, სწრაფი კვების ინდუსტრიას დიდი კონკურენცია გაუწია და მომხმარებელს ბევრად მეტი შესთავაზა, ვიდრე, უბრალოდ, საწვავი”, – დასძინა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა.