ჰარვარდი – ესაა დასახელება, რომლის გაგონებისთანავე მსმენელი, ერთი მხრივ ფიქრობს რაღაც ძალიან აღმატებულსა და, მეორე მხრივ, მისთვის შეუძლებელზე. ზუსტად მსგავსი ასოციაცია უჩნდებოდა სამიოდე წლის წინ ჩვენს რესპონდენტს, რომელიც უკვე თვეზე მეტია, ჰარვარდის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულის სტატუსს ატარებს.
Forbes Georgia წარმოგიდგენთ ინტერვიუს ჩიკაგოში მცხოვრებ 32 წლის ჯაბა შალამბერიძესთან – ადამიანთან, რომლის პირველი საზღვარგარეთული გამოცდილება ჯერ კიდევ 17 წლის ასაკში FLEX-ის გაცვლითი პროგრამით დაიწყო, შემდეგ – ბაკალავრიატის საფეხურზე – ბულგარეთით გაგრძელდა, სულ ცოტა ხნის წინ კი ჰარვარდის უნივერსიტეტით დაგვირგვინდა. თუმცა, გარდა წარმატებული აკადემიური გზისა, არანაკლებ საინტერესოა მისი კარიერული რეზიუმე, რომელიც საერთაშორისო ბიზნესის მართვის ექვსწლიან გამოცდილებასა და ამჟამად მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან საკონსულტაციო კომპანია Bain & Company-ში საქმიანობას მოიცავს.
მოგვიყევით, როგორ გადაიკვეთეთ Bain & Company-სთან და რას გულისხმობს თქვენი სამუშაო პოზიცია.
Bain & Company-ში, სადაც ახლა კონსულტანტის პოზიციაზე ვარ დასაქმებული, უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში სტაჟირებით მოვხვდი, რასაც მოგვიანებით სრულ განაკვეთზე დასაქმება მოჰყვა. Bain & Company თანამშრომლობს, ფაქტობრივად, ყველა ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანიებსა და ორგანიზაციებთან შტატებსა და მის ფარგლებს გარეთ, ორმოცამდე ქვეყანაში. ვაკეთებთ მოკლე და გრძელვადიან ბიზნეს პროექტებს. საქმიანობა მრავალგვარია და მოიცავს ბიზნესის პროცესების ოპტიმიზაციას, სტრატეგიული შესაძლებლობების იდენტიფიკაციას და ა.შ. კონსულტანტები პროექტებში ვერთვებით გუნდურად და ვმუშაობთ კლიენტებთან ერთად, რათა ერთობლივად ვიფიქროთ მათ გამოწვევებსა და დასახულ სტრატეგიულ მიზნებზე, გავცეთ რეკომენდაციები, ვიმუშაოთ იმპლემენტაციაზე და ა.შ.
თვისებრივად როგორია თქვენი სამუშაო – ინდივიდუალური, თუ უმეტესწილად გუნდური? ასევე მაინტერესებს, პანდემიის პირობებში რა ფორმით გიწევთ ურთიერთობა კლიენტებთან?
საქმიანობა ყოველთვის კოლაბორაციულია. იკრიბება გუნდი, სადაც არიან კონსულტანტები, მენეჯერები და პარტნიორები. ყველა მორგებულია ინდივიდუალურ პროექტებზე. ამჟამად ხშირად ადგილზევე ვმუშაობთ, ოფისების დიდი უმრავლესობა ნაწილობრივ მაინც გახსნილია, თუმცა არჩევანის უფლება გვაქვს – სურვილისამებრ ადგილზევე ან დისტანციურად საქმიანობის. მალე ვაპირებთ, დავუბრუნდეთ კოვიდამდელ ცხოვრებას. ჩვენ ძალიან ხშირად გვიწევს პროექტების გამო კლიენტებთან ჩასვლა – ასეთია კონსულტანტების ცხოვრების წესი. თუმცა საქმიანობა მაინც მოქნილია და კომპანია ითვალისწინებს დასაქმებულის ინტერესებს – მაგალითად, ვისაც სხვადასხვა მიზეზთა გამო ლოკალურ პროექტებზე მუშაობა ურჩევნია, კომპანია ამის საშუალებას აძლევს.
ზოგადად, Bain & Company ცნობილია გუნდურობითა და მოხერხებული მართვის სტილით, რის გამოც ყოველ წელს სტაბილურად Glassdoor-ის რეიტინგში საუკეთესო დამსაქმებელთა სამეულშია, წელს კი პირველი ადგილი დაიკავა. აქვე მინდა ვთქვა, რომ საქმიანობა ერთმნიშვნელოვნად საინტერესოა, რადგან ყველა პროექტი განსხვავებულია, რაც პროფესიული გზის უწყვეტობას უზრუნველყოფს.
გადავინაცვლოთ აკადემიურ გამოცდილებაზე – როდესაც მაგისტრატურაზე ფიქრი დაიწყეთ, ჰარვარდი ალბათ ლიდერი იყო სასურველ უნივერსიტეტთა შორის. როგორ შეძელით ბევრისათვის საოცნებო უნივერსიტეტში მოხვედრა?
პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ ყოველთვის მინდოდა ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარება, თუმცა გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ექვსწლიანი სამუშაო გამოცდილება საცალო ვაჭრობაში. შემდეგ მიმართულების შეცვლა მოვინდომე, რისთვისაც, ვფიქრობ, მაგისტრატურა საუკეთესო საშუალებაა, რათა სხვა გარდატეხის წერტილისთვის პროფესიულად და ფსიქოლოგიურად მოემზადო. სიმართლე გითხრათ, აპლიკაციების შევსებისას ნამდვილად არ მიფიქრია, რომ ჰარვარდში მოხვედრის რეალური შანსი მქონდა უნივერსიტეტის გარშემო არსებული ბევრ სტერეოტიპისდა გამო. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სურვილი ოცნებად მეჩვენებოდა, გადავწყვიტე, მაინც მეცადა. ცხადია, აპლიკაცია სხვა უნივერსიტეტებშიც დავგზავნე, თუმცა ჩემს გონებაში ჰარვარდი მაინც პრიორიტეტი იყო. დადებითი პასუხების მოსვლისთანავე გადაწყვეტილება მიღებული მქონდა – ჩემი მხრიდან დასტურს ჰარვარდში სწავლის გაგრძელებაზე ბევრი ფიქრი ნამდვილად აღარ სჭირდებოდა.
თქვენი კავშირი უცხოეთთან ჰარვარდით არ დაწყებულა. აკადემიური ცხოვრების საწყის ეტაპზე FLEX-ის გამარჯვებული გახდით. მოგვიყევით ამ და სხვა საზღვარგარეთულ გამოცდილებაზე.
17 წლის ვიყავი, ფლექსში რომ გავიმარჯვე და ეს იყო საქართველოს ფარგლებს გარეთ გასვლის პირველი გამოცდილება. სიმართლე გითხრათ, კულტურული შოკი მქონდა, თუმცა პროგრამა მართლაც ძალიან საინტერესო იყო – გარდამტეხი გამოცდილება მომცა. სწორედ აქედან დავიწყე საზღვარგარეთზე ფიქრი და დავინტერესდი ახალი კულტურების გაცნობით. ამის შემდეგ საქართველოში დავბრუნდი, ბაკალავრიატის საფეხურზე ერთი წელი დავყავი სამშობლოში, შემდეგ კი, 2008 წელს, სწავლა ბულგარეთში გავაგრძელე, ამერიკულ უნივერსიტეტში, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით.
კვლავ ჰარვარდს რომ დავუბრუნდეთ – რამდენად რთული აღმოჩნდა შინაარსობრივად აპლიკაციის პროცესი?
უნივერსიტეტების უდიდეს ნაწილში აპლიკაციის პროცესი მსგავსია. განსხვავებებია ინდივიდუალურ თემებში, რომელთა დაწერაც გევალება. ჰარვარდი ერთ თემას ითხოვდა – მოცულობაზე შეზღუდვა არ ყოფილა. ნიუანსური განსხვავებები, ცხადია, არის აპლიკაციებს შორის, მაგრამ ყველგან გჭირდება GMAT-ი (სტანდარტული გამოცდა მათთვის, ვინც ბიზნესის ადმინისტრირების განხრით აგრძელებს სწავლას მაგისტრატურაზე) და ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი მოწმობა.
პანდემია ჰარვარდში სწავლის პერიოდს დაემთხვა. მოგვიყევით ფიზიკურიდან ვირტუალურ სივრცეში გადაწყობის პროცესზე. თვისებრივად როგორ შეიცვალა თქვენი აკადემიური ცხოვრება?
ჩაბარებისას, ცხადია, ჩვეულებრივად, უნივერსიტეტში სიარულით დაიწყო ყველაფერი. 2020 წლის თებერვლიდან აშშ-ში სერიოზულად დაიწყეს ფიქრი კოვიდზე და მიხვდნენ, რომ მხოლოდ მოკლევადიან გამოწვევას არ წარმოადგენდა. სიმართლე გითხრათ, ჰარვარდში ბიზნესის ფაკულტეტზე სწავლა სრულად დისტანციური არ ყოფილა – ერთმანეთს ენაცვლებოდა ზუმი და ადგილზე სიარული. უნივერსიტეტმა წარმატებით შეძლო კოვიდშემთხვევების კონტროლი – ყველანი, ვინც კამპუსში ვცხოვრობდით, კვირაში სამჯერ კოვიდტესტებს ვიკეთებდით, სხვაგვარად არ შეგეძლო შენობაში შესვლა ან ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება. აკადემიური საქმიანობა კოვიდრეგულაციების სრული დაცვით ხორციელდებოდა, რის გამოც პანდემიას წარმატებით გავუმკლავდით.
როგორც ცნობილია, უცხოური უნივერსიტეტების ნაწილმა პანდემიის დროს – სტუდენტთა წახალისების მიზნით – ახალი სტიპენდიები დანიშნა ან არსებული გაზარდა. ხომ არ მიიღო ჰარვარდმაც მსგავსი ტიპის გადაწყვეტილება?
ჰარვარდში პირველი სასწავლო წლის ბოლოს სხვადასხვა ქვეყანაში მიდიხარ მინიპროექტების გასაკეთებლად. მაგალითად, მე უნდა წავსულიყავი არგენტინაში, თუმცა პანდემიის გამო ეს ყველაფერი გაუქმდა, პროგრამის ბიუჯეტი კი უნივერსიტეტმა დაგვიბრუნა. ამავდროულად, ჰარვარდი დაეხმარა მათაც, ვინც ვერ მოასწრო სტაჟირების პოვნა.
რა ცოდნას გაუზიარებთ დაფინანსების შესახებ მას, ვისაც ჰარვარდში სწავლის გაგრძელება სურს, თუმცა აღნიშნული თემა მთავარ გამოწვევად მიაჩნია?
ზოგადად, უნივერსიტეტის ოფიციალური პოზიციაა, რომ ფინანსური ხელმოკლეობის გამო არავის უწევს ჰარვარდში სწავლაზე უარის თქმა, რადგან არის უამრავი დამხმარე რესურსი, მათ შორის, სესხები, რომელთაც თავად უნივერსიტეტთან ასოცირებული ორგანიზაცია გაძლევს და დამთავრებიდან ექვსი თვის შემდეგ შეგიძლია გადახდის დაწყება. ცხადია, როდესაც ჰარვარდში მივდიოდი, ფინანსურ საკითხზე და მასთან არსებულ გამოწვევებზე მეც ვფიქრობდი, მაგრამ მინდა დავარწმუნო ყველა, რომ გადასახადის ეტაპობრივად დაფარვის ბევრი რესურსი არსებობს და ამაში ის სამსახურიც დაგეხმარებათ, რომელსაც ჰარვარდის კურსდამთავრებულობით დაუკავშირდებით.
როგორ ფიქრობთ, რა არის მთავარი საყრდენი, რაზეც ჰარვარდის მრავალწლიანი წარმატების ისტორია დგას? რა გამოარჩევს მას სხვა ყველა სასწავლებლისგან?
ის ინდივიდუალურობის ხარისხი, რაც ამ სასწავლებლის სტუდენტებსა და პროფესორებს აქვთ, მრავალგანზომილებიანი კუთხით დაგანახვებს ქეისებს. ჩვენ არ გვიწევდა არაფრის დაზეპირება, არც დოგმებით საუბარი, უბრალოდ, ვხედავდით, როგორ უყურებდა 100 სხვადასხვა თვალი ერთ პრობლემას. ყოველი ლექციის შემდეგ ახლიდან ვიაზრებდი, რამდენი განსხვავებული აზრი არსებობს და რომ თითოეული მათგანი შეიძლება ლეგიტიმური იყოს. გიჩნდება ემპათიის შეგრძნება, რომ მარტო შენ არ ხარ მართალი, რომ მხოლოდ შენი გადმოსახედიდან არ უნდა უყურო სამყაროს. გარდა ამისა, კარიერული დახმარების მხრივ არაჩვეულებრივი რესურსები აქვს უნივერსიტეტს. ჰარვარდი ყველანაირად გიწყობს ხელს, აკადემიურიდან პროფესიულ ცხოვრებაზე გადაერთო და გქონდეს ეფექტიანი ბმა.
თქვენი აკადემიური გამოცდილება – დაწყებული ბულგარეთის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ვიცეპრეზიდენტობითა და პრეზიდენტობით, გაგრძელებული ჰარვარდში სწავლით – მაძლევს შესაძლებლობას, გკითხოთ – რა ძირითად ტენდენციებს ხედავთ გლობალურად საგანმანათლებლო მიმართულებით?
ნელ-ნელა სულ უფრო გამოსადეგი ხდება პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენა, მსოფლიოში უკვეა ტრენდი, რომ ხალხი მასობრივად იწყებს STEM-ზე გადასვლას. ძალიან კარგი იქნება, თუ საქართველოც ამ მიმართულებით წავა, ასე მეტი შანსი გაჩნდება დასაქმებისა და საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების.
თქვენი დაკვირვებით, რა არის ის მთავარი ბიზნესგაკვეთილი, რაც კორონავირუსმა მსოფლიოს მისცა?
ორ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს გამოვყოფ. პირველ ის, თუ რამდენად ფაფუკია ბიზნესსისტემები – მსოფლიოში ელემენტარული ნივთების ნაკლებობა გაჩნდა, დაწყებული ტუალეტის ქაღალდითა და სარეცხი საშუალებებით. პანდემიამ მთლიანად მოშალა მიწოდების ჯაჭვი, რადგან ერთი კვანძის ჩაშლამ მთლიანი სისტემა ძალიან მოწყვლადი გახადა. ამ გამოცდილების გათვალისწინებით, ბევრი ბიზნესი ცდილობს, რომ ლოკალურად თვითმყოფადი გახდეს და არ იყოს დამოკიდებული დედამიწის გარშემო მიმობნეულ სხვადასხვა წერტილოვან ჯაჭვზე. მეორე ტრენდი, რაც გამოჩნდა, ონლაინგაყიდვების აქსელერაციას უკავშირდება. მართალია, რაღაც დოზით ხალხს ისევ მოუნდება რესტორანში დაჯდომა, შოპინგზე წასვლა, თუმცა პრეკოვიდურ მდგომარეობაში სრულად აღარ დავბრუნდებით.
მაღაზიის გახსნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხარჯი, როგორც ვიცით, ფიზიკური სივრცის დაქირავებაა. როდესაც ეს პრობლემა მოხსნილი გაქვს, კაპიტალი გითავისუფლდება. მსოფლიოში წამოვიდა ახალი ტრენდი ე.წ. “ghost kitchen” – კვების ობიექტები, რომლებიც 100%-ით ვირტუალურად უკავშირდებიან მომხმარებელს, არ აქვთ ფიზიკური ლოკაცია. საინტერესოა, ამგვარი კონცეფციით კიდევ რა ტიპის ბიზნესები განვითარდება მსოფლიოსა და, მათ შორის, საქართველოშიც.
ინტერვიუს მიწურულს კიდევ ერთხელ რას ეტყვით მათ, ვინც ჰარვარდში სწავლის გაგრძელებაზე საუბრისას ფიქრობს, რომ ეს უბრალოდ შეუძლებელია?
სამი წლის წინ თავადაც ასე ვფიქრობდი, თუმცა შეუძლებელი ნამდვილად არაა. ზუსტად ვიცი, საქართველოში არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც იდეალური კანდიდატები იქნებიან არა მხოლოდ ჰარვარდისთვის, არამედ ნებისმიერი სხვა უნივერსიტეტისთვისაც. როგორც უკვე ვთქვი, ჰარვარდი ფინანსური გამოწვევების გადაჭრის გზებს ყველას სთავაზობს, ვისაც აქ სწავლა უნდა. თუ ვინმე, ვინც ამ ინტერვიუს კითხულობს, დილემის წინაშეა, ვეტყვი, რომ ნუ შეეშინდება და გრძელვადიან ჭრილში შეაფასოს ეს გადაწყვეტილება. ვფიქრობ, თვითმიზანი, ჰარვარდში სწავლის გარდა, უნდა იყოს ფიქრი იმაზე, როგორ განკარგავ აქ მიღებულ გამოცდილებას და რა ფორმით გამოიყენებ მომდევნო კარიერულ თუ აკადემიურ გზაზე.