ინტერვიუ Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის თანაავტორთან – ენტონი კიმთან.
– გასულ წელს, საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში მე-13 პოზიცია დაიკავა და საკუთარი პოზიცია 10 საფეხურით გაიუმჯობესა. რა გახდა ამის ძირითადი მიზეზი და დღეს რა ძირითადი გამოწვევები აქვს საქართველოს ეკონომიკას?
– საქართველომ დიდი სამუშაო გასწია საკუთარი ეკონომიკის რეფორმირებისა და მოდერნიზებისთვის, მაგრამ ახლა ვფიქრობ რომ მეტის გაკეთებაა საჭირო, განსაკუთრებით კი სასამართლო სისტემის კუთხით. ეს სფერო რეფორმირებისთვის რთულია, ამიტომ უნდა განაგრძოთ სისტემის გაუმჯობესება. ვფიქრობ, რომ დროთა განმავლობაში საქართველოში მეტი შესაძლებლობა შეიქმნება, როგორც ეკონომიკური დინამიურობის, ასევე სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით. თავისუფალი ბაზრის პრინციპები ქვეყნის განვითარებას უწყობს ხელს. ამჯერად საქართველოსთვის მოქმედების დროა.
– სასამართლოს ეფექტიანობის კუთხით, გასულ წელს საქართველოს პოზიცია არ გაუმჯობესებულა, რა არის ამის ძირითადი მიზეზი?
– სასამართლო სისტემა ეკონომიკის ყველა სფეროსთვის გადამწყვეტი და მნიშვნელოვანია. დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის გარეშე, ძალიან რთულია მდგრადი განვითარების მიღწევა. სასამართლო ნებისმიერი ფუნქციონირებადი სისტემის ფუნდამენტია, – არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოს ყველა ქვეყნისთვის. მას ასევე თან ახლავს ბევრი პოლიტიკური ვალდებულება, რადგან სასამართლოს რეფორმას სჭირდება პოლიტიკური ნება.
– საქართველოს საგადასახადო სისტემას როგორ შეაფასებდით?
– საქართველოს საგადასახადო სისტემა საკმაოდ კონკურენტულია, მაგრამ მას სჭირდება მეტი გამჭვირვალობა და კოორდინაცია სხვადასხვა უწყებებს შორის. საქართველოს ეროვნული ბანკი, ფინანსთა სამინისტრო და ეკონომიკის სამინისტრო საკმაოდ კარგ კოორდინაციაში არიან ერთმანეთთან. თქვენს საგადასახადო სისტემას ეკონომიკური წინსვლის სტიმულირება ნამდვილად შეუძლია.
– ბოლო პერიოდში ხშირად ისმის, რომ საქართველომ აქცენტი სამუშაო ძალინ უნარების განვითარებაზე უნდა გააკეთოს. თქვენი აზრით, როგორ შეიძლება მოკლე დროში ბაზრის მოთხოვნებს მიუახლოვდეს სამუშაო ძალის უნარ-ჩვევები და ცოდნა?
– სამუშაო ძალის უნარები ერთ-ერთი გამოწვევაა საქართველოში. ის საქართველოს სრტუქტურილი პრობლემაა, რომლის გადაჭრას დრო სჭირდება, ხანდახან წლებიც კი. განათლება ძალიან მნიშვნელოვანია. მთავარია განათლება იყოს ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისი. ამ კუთხით ნამდვილად ბევრი სამუშაო უნდა გაწიოთ. სესხებზე და გრძელვადიან დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმისთვის რომ შეიქმნას და განვითარდეს მცირე და საშუალო ბიზნესი, რომელიც მეტ სამუშაო ადგილებს შექმნის ქვეყანაში.
– თქვენი აზრით საქართველოში არსებული პოლიტიკური სიტუაცია რამდენად ქმნის მდგრადი განვითარების შესაძლებლობას?
– საქართველოში დიდ პოლიტიკურ არასტაბილურობას ვერ ვხედავ. საქართველოს პოლიტიკური სისტემა მუშაობს, მასში მუდამ იქნება სხვადასხვა სახის გაურკვევლობები, – აღმასვლა და დაღმასვლა, მაგრამ ჯამში პოლიტიკური სისტემა მუშაობს. მთავარი ისაა, რომ ჩვენ ამ ქვეყანაში წინსვლის დიდ სურვილს ვხედავთ. ეს ჩვენთვის გადამწყვეტი საკითხია.