რატომ გადავიდა საქართველო რუსულ ნავთობზე?

რატომ გადავიდა საქართველო რუსულ ნავთობზე?

რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების მიუხედავად, საქართველოსა და რუსეთს შორის ეკონომიკური კავშირები სულ უფრო მეტად ღრმავდება. მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში სავაჭრო ბრუნვა 50%-ით, კერძოდ, 1.94 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.

რუსული რესურსების იმპორტის საერთო მო­ცულობაში უდიდესი წილი ბენზინსა და დიზელზე მოდის, კერძოდ, იანვარ-ოქტომბერში რუსეთიდან საქართველოში 495 მილიონი დოლარის ღირებულე­ბის ნავთობპროდუქტები შემოვიდა, რაც წინა წლის მონაცემებთან შედარებით 375%-ით მეტია.

საერთო ჯამში, იანვარ-ოქტომბერში საქართვე­ლოში 1.13 მილიარდი დოლარის ღირებულების ნავ­­თობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი განხორ­­ციელდა, აქედან თითქმის 43% კი რუსულ ნავთობზე მოდის.

რაც შეეხება უშუალოდ ომის დაწყების შემდეგ პერიოდს, მარტ-ოქტომბერში საქართველოში უცხო­ეთიდან 973 მილიონი დოლარის ნავთობი შემოვიდა, მოცულობის 48% კი რუსულ ნავთობზე მოდის. შედა­რებისთვის, წლის დასაწყისში რუსული ნავთობის წილი იმპორტის საერთო მოცულობაში 16% იყო.

საგულისხმოა, რომ წარსულში ნავთობის უდიდეს ნაწილს საქართველო რუმინეთისგან და ბულგარე­თისგან ყიდულობდა, თუმცა წელს ვითარება დრამა­ტულად შეიცვალა.

რუსულ ნავთობზე მოთხოვნის მკვეთრი ზრდა მარტივი მიზეზითაა განპირობებული – ის ამჟამად სა­ერთაშორისო ბირჟაზე ყველაზე იაფად ივაჭრება.

საქმე ისაა, რომ ბირჟაზე რუსული Urals-ის მარკის ნავთობი Brent-თან შედარებით 20-25%-ით იაფად ივაჭრება. ამჟამინდელი მონაცემებით, ბარელი Brent-ის საშუალო ფასი 87 დოლარს შეადგენს, WTI Crude-ის ღირებულება 80 დოლარის ფარგლებშია, ხოლო რუსული Urals-ის ფასი 70 დოლარია.

ისტორიულ მონაცემებზე დაკვირვება ცხადყოფს, რომ Urals-სა და Brent-ს შორის ბარელზე საფასო განსხვავება ტრადიციულად 1-2 დოლარის ფარგლებ­­ში იყო, თუმცა ომის დაწყების შემდეგ აღნიშნული დიაპაზონი 20-35 დოლარამდე გაიზარდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ საერთაშორისო ბირჟაზე რუსული ნავთობი ერთგვარი ფასდაკლებით იყიდება.

მოგეხსენებათ, ენერგეტიკულ ბირჟაზე ფასებს მოთხოვნა-მიწოდების ფაქტორები განსაზღვრავს, ამ შემთხვევაში კი ცვლადი ფაქტორი მოთხოვნაა, რომელიც დასავლეთის მასშტაბით რუსულ ნავთობზე მკვეთრად იკლებს, მიწოდების უცვლელად დატოვე­ბის პირობებში კი Urals-ზე ფასი მცირდება.

დასავლეთის მასშტაბით რუსულ ნავთობზე მოთხოვნის შემცირება რიგი ფაქტორებითაა განპი­რობებული, თუმცა მათ შორის ყველაზე მნიშვნელო­ვანი ევროკავშირის სანქციებია. წევრი სახელმწიფო­ების გადაწყვეტილებით, სანქციების რიგით მეექვსე პაკეტით რუსულ ნავთობზე ნაწილობრივი ემბარგო დაწესდა, რომელიც წლის ბოლომდე სრულად შეზღუ­დავს ტანკერების საშუალებით რუსული ნავთობის იმპორტს, ხოლო 2023 წელს შეზღუდვა მილსადენსა და ნავთობპროდუქტებზეც გავრცელდება. გარდა ამისა, ამჟამად „დიდი შვიდეულის” ქვეყნები რუსულ ნავთობზე ფასის ლიმიტის დაწესების ინიციატივაზე მუშაობენ.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ რუსული ნავთობი არ არის საერ­­თაშორისოდ სანქცირებული პროდუქტი, რის გამოც ჩინეთში, ინდოეთსა და, მათ შორის, საქართველოში მასზე მოთხოვნა მკვეთრად იზრდება.

მოსაზრება თავდაპირველად დაიბეჭდა Forbes Georgia-ს დეკემბრის ნომერში.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *