სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის I კვარტალში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით 112.9 ათასი მგზავრია გადაყვანილი, ხოლო მგზავრთბრუნვის მოცულობამ 280.0 მილიონი მგზავრ-კილომეტრი შეადგინა. ორივე მაჩვენებელი 2.7-ჯერ აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემს.
ამასთანავე, I კვარტალში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადატანილია 55.7 ათასი ტონა ტვირთი, ხოლო ტვირთბრუნვის მოცულობამ 105.1 მილიონი ტონა-კილომეტრი შეადგინა. მაჩვენებლები წლიურად, შესაბამისად, 50.1 პროცენტით და 49.5 პროცენტით შემცირდა.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მონაცემებით, ამავე პერიოდში, ქვეყნის აეროპორტები 1.41 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც 35.2 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. მათ შორის, აეროპორტებმა მიიღო 697.5 ათასი მგზავრი (36.5 პროცენტით მეტი), ხოლო აეროპორტებიდან გაემგზავრა 719.8 ათასი მგზავრი (34.0 პროცენტით მეტი).
აქვე აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის I კვარტალში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის 94.2 პროცენტი რეგულარულ ფრენებზე მოდიოდა.
ამავე პერიოდში საქართველოს აეროპორტებიდან განხორციელებული სამგზავრო რეისების რაოდენობამ 5.9 ათასი ერთეული შეადგინა, რაც 22.8 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.
საანგარიშო პერიოდში საქართველოს აეროპორტებში ტვირთისა და ფოსტის ნაკადის მოცულობამ 4.6 ათასი ტონა შეადგინა. აქედან 84.8 პროცენტი მიღებული ტვირთი და ფოსტა იყო, ხოლო 15.2 პროცენტი – გაგზავნილი.
საქსტატის ანგარიშის თანახმად, I კვარტალში საქართველოს აეროპორტებში 0.3 ათასი სატვირთო რეისი განხორციელდა, რაც 8.5 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.