იაპონიის მთავრობამ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების მორიგი პაკეტი წარადგინა, რომლის ფარგლებშიც ორ რუსულ და ერთ ბელარუსულ ბანკს აქტივები გაეყინება.
სანქციების ახალი პაკეტი მოსკოვის საკრედიტო ბანკს, რუსულ აგრიკულტურულ ბანკსა და ბელარუსის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკს მოიცავს – აღნიშნულ საფინანსო ორგანიზაციებს გაეყინებათ აქტივები და აეკრძალებათ იაპონიასთან ან მისი გავლით ტრანზაქციების განხორციელება. ამჟამად ტოკიოს მიერ სანქცირებულ ბანკთა საერთო რაოდენობა 16 აღწევს.
მთავრობის განცხადებით, შეიზღუდება ისეთი პროდუქციის ექსპორტიც, რომელიც, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელს შეუწყობდა რუსეთის ინდუსტრიული და საწარმოო შესაძლებლობების განვითარებას.
აღსანიშნავია, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, აზიურ სახელმწიფოებს შორის ყველაზე მკაცრი და აქტიური პოზიცია რუსეთის წინააღმდეგ იაპონიას აქვს.
პრემიერ-მინისტრ ფუმიო კიშიდას განცხადებით, იაპონია განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას და რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ დამატებითი შეზღუდვების დაწესებას.