იაპონიის მთავრობა ომით დაზარალებულ უკრაინას დამატებით 470 მილიონ დოლარს გამოუყოფს. აღნიშნული პაკეტი დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენას, ჰუმანიტარულ პროექტებს და ფრონტის ხაზზე უკრაინელი სამხედროების მხარდაჭერას მოხმარდება.
პრემიერ-მინისტრ ფუმიო კიშიდას განცხადებით, საერთო ჯამში, იაპონია უკრაინისთვის 5.5 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფას გეგმავს, თანხა კი რამდენიმე ტრანშად ეტაპობრივად გადანაწილდება.
ცნობისთვის, მოსკოვში სი ძინპინისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრის პარალელურად, ფუმიო კიშიდა უკრაინის დედაქალაქში იმყოფებოდა და ვოლოდიმირ ზელენსკის ხვდებოდა.
პირდაპირი დახმარების გარდა, ომის დაწყებიდან მალევე იაპონია შეუერთდა აშშ-ისა და ევროკავშირის სანქციებს. მიმდინარე წლის თებერვალში კი რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. კერძოდ, 3 თებერვლიდან იაპონიამ აკრძალა ვაქცინების, სამედიცინო აღჭურვილობისა და რობოტების ექსპორტი რუსეთში. ქვეყანა ასევე გაუყინავს აქტივებს სამ კომპანიასა და 22 ფიზიკურ პირს, მათ შორის არიან რუსი მაღალჩინოსნები – თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხაილ მიზინცევი და იუსტიციის მინისტრი კონსტანტინე ჩუიჩენკო. იაპონიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროს ცნობით, ასევე აიკრძალება რუსეთში ბირთვული ობიექტებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის გაყიდვა.