ფოტო: FT
მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პირველად, იაპონიამ ადგილობრივი კომპანიებისთვის ლეტალური იარაღის ექსპორტზე გატანა დაუშვა. გადაწყვეტილება, რომელიც, იაპონიის ხელისუფლების შეფასებით, რეგიონის უსაფრთხოებისთვის უკიდურესად დაძაბულ ფონზე იქნა მიღებული, მკვეთრი გადახვევაა ათწლეულების პაციფისტური პოლიტიკიდან და ქვეყნის სამხედრო წარმოების გლობალურ ცენტრად და მიმწოდებლად ქცევას ისახავს მიზნად.
ექსპორტზე აკრძალვის მოხსნით, იაპონია ადგილობრივ გიგანტებს, როგორებიცაა Mitsubishi Heavy Industries-ი და Kawasaki Heavy Industries-ი, ხელს შეუწყობს, გახდნენ იარაღის უმსხვილესი მიმწოდებლები აშშ-ისთვის, გაერთიანებული სამეფოსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოებისთვის.
ამ დრომდე, 2014 წლის შემსუბუქებული წესდებით, დაშვებული იყო მხოლოდ ხუთი ტიპის არალეტალური ტექნიკის ექსპორტი, მათ შორის სამძებრო-სამაშველო ოპერაციებისა და განნაღმვითი სამუშაოებისთვის საჭირო საშუალებებისა.
ცვლილებები, რომლებიც იაპონურ კომპანიებს თითქმის ყველა ტიპის სამხედრო აღჭურვილობის ექსპორტის უფლებას აძლევს, პრემიერ-მინისტრ სანაე ტაკაიჩის მთავრობამ უკვე დაამტკიცა. თუმცა არსებობს ორი მნიშვნელოვანი პირობა: შემსყიდველმა მხარემ უნდა გაიაროს მკაცრი შემოწმება და არ უნდა იყოს ჩართული აქტიურ საომარ მოქმედებებში.
ტაკაიჩის მთავრობის რეფორმა გაგრძელებაა იმ კურსის, რომელიც ყოფილმა პრემიერმა შინზო აბემ დაიწყო. აბეს პოლიტიკაც ჩინეთისა და ბირთვული იარაღის მქონე ჩრდილოეთ კორეიდან მომდინარე საფრთხისადმი იყო მიმართული, რადგან მიიჩნევდა, რომ მხოლოდ შიდა ბაზარზე ორიენტირება თავდაცვითი კომპანიებისთვის ეკონომიკურად რისკიანი იყო და მათ პოტენციალსაც ზღუდავდა.
შეცვლილი სისტემით, მინისტრებსა და მაღალი თანამდებობის პირებს ახლა უკვე თავადაც ექნებათ უფლებამოსილება, დაამტკიცონ გაყიდვები, რაც ადრე საპარლამენტო დებატებს მოითხოვდა და საჭირო პროცესსაც მნიშვნელოვნად ახანგრძლივებდა. იარაღის ექსპორტზე იაპონია უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს ინდონეზიასა და ფილიპინებთან.















