იაპონიამ სტეიბლკოინების რეგულირება დაიწყო

იაპონიამ სტეიბლკოინების რეგულირება დაიწყო

ალგორითმული სტეიბლკოინის, TerraUSD-ის მაისის კოლაფსის ფონზე, იაპონია ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო გახდა, რომელმაც სტაბილური კრიპტოვალუტების, ე.წ. სტეიბლკოინებისთვის სამართლებრივი ბაზის მომზადება დაიწყო. ახლადმიღებული კანონპროექტი იმითაა განსაკუთრებული, რომ მასში სტეიბლკოინების სამართლებრივი სტატუსი განისაზღვრა – ფაქტობრივად, იაპონელმა კანონმდებლებმა ის ციფრულ ფულთან გაათანაბრეს. ამიერიდან, სტეიბლკოინები აუცილებლად იაპონური იენით ან გადახდის სხვა სამართლებრივი საშუალებით უნდა გამყარდეს. ამასთანავე, სტეიბლკოინების მფლობელებს უფლება უნდა ჰქონდეთ, რომ ის ამა თუ იმ ვალუტაში ნებისმიერ დროს გადაცვალონ.

კანონის თანახმად, სტეიბლკოინების გამოშვებას მხოლოდ ლიცენზირებული ბანკები, ფულის გადამრიცხავი რეგისტრირებული სუბიექტები და ტრასტ-კომპანიები შეძლებენ. კანონპროექტი არ ეხება საზღვარგარეთ შექმნილ სტეიბლკოინებს, რაც უმეტესწილად იმითაა განპირობებული, რომ იაპონიაში აქტიურ კრიპტობირჟებზე სტეიბლკოინებით ვაჭრობა დაშვებული არ არის.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ TerraUSD-ის ჩამოშლის შემდეგ, მსოფლიოს რიგმა სახელმწიფოებმა სტეიბლკოინების რეგულირების შესახებ საუბარი აქტიურად დაიწყეს, რაც, რეალურად, ამ აქტივის ფართო გავრცელებასა და მაღალ კაპიტალიზაციას უკავშირდება. CoinGecko-ს მონაცემებით, სტეიბლკოინების ჯამური საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით $161 მილიარდს უდრის – ლიდერებს შორის არიან Tether, USDC და BUSD.

იაპონიის პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ძალაში ერთ წელიწადში შევა, ხოლო იაპონიის ფინანსური სერვისების სააგენტომ განაცხადა, რომ სტეიბლკოინების მფლობელებისთვის რეგულაციებს მომავალ თვეებში შემოიღებს.