IEA: მზის ენერგიაში ინვესტიციების მოცულობამ ნავთობს პირველად გადააჭარბა

IEA: მზის ენერგიაში ინვესტიციების მოცულობამ ნავთობს პირველად გადააჭარბა

უკრაინაში ომის დაწყებიდან, ქვეყნები ნავთობისა და ბუნებრივი აირის იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებას აქტიურად ცდილობენ. შედეგად, განახლებად ენერგიაში ინვესტიციები იზრდება. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) მონაცემებით, გასულ წელს მზის ენერგიაში ინვესტიციების მოცულობამ ნავთობში ინვესტიციებს პირველად გადააჭარბა.

სუფთა ენერგიაში ინვესტიციებმა წიაღისეულ საწვავს პირველად 2018 წელს გადააჭარბა და ზრდას განაგრძობს. გასულ წელს ენერგოსექტორში გლობალურმა ინვესტიციებმა ყველა დროის მაქსიმუმს, $2.8 ტრილიონს მიაღწია, საიდანაც $1.7 ტრილიონზე მეტი სწორედ სუფთა ენერგიაზე მოდიოდა. მიუხედავად ამისა, IEA-ის გლობალური ენერგეტიკული ინვესტიციების ანგარიშის თანახმად, წიაღისეულ საწვავში ინვესტიციები ორჯერ აღემატება იმ დასაშვებ რაოდენობას, რომლის შენარჩუნებაც ქვეყნების მხრიდან მათი კლიმატური დაპირებების მისაღწევად აუცილებელია.

„წიაღისეულ საწვავში ინვესტირებულ ყოველ დოლართან შეფარდებით, სუფთა ენერგიაზე დაახლოებით $1.7 იხარჯება. დაახლოებით ხუთი წლის წინ ეს თანაფარდობა ერთი-ერთზე იყო“, – განაცხადა IEA-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ფატიჰ ბიროლმა და დასძინა, რომ მზის ენერგიაში ინვესტიციები, რამაც პირველად გადააჭარბა ნავთობის წარმოებისთვის გაღებულ დაფინანსებას, ამის ნათელი მაგალითია.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ყველა სახის ენერგიაზე მოთხოვნის ზრდასთან ერთად, გაიზარდა ინვესტიციები წიაღისეული საწვავისა და სუფთა ენერგიის წარმოებაში. უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულმა ომმა ნავთობსა და ბუნებრივ აირზე ფასების მატებაც გამოიწვია, რომელთა ერთ-ერთი მთავარი მწარმოებელი სწორედ რუსეთია.