ჩიპების მწარმოებელი ამერიკული Nvidia-ს კვარტალურმა შემოსავალმა ანალიტიკოსთა მოლოდინებს კიდევ ერთხელ გადააჭარბა. ივლისში დასრულებული მეორე ფისკალური კვარტლის მონაცემებით, აქციაზე კომპანიის შემოსავალმა $0.67 შეადგინა.
შედეგად, FactSet-ის ანგარიშით, Nvidia-ს კვარტალური შემოსავალი რეკორდულ, $30 მილიარდამდე გაიზარდა. ანალიტიკოსები Nvidia-ს მიერ აქციაზე $0.64-ის, შემოსავლის სახით კი $28.6 მილიარდის მიღებას ვარაუდობდნენ. ამ მონაცემებით, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, Nvidia-ს კვარტალური შემოსავალი 122%-ითაა გაზრდილი.
გასულ კვარტალში რეკორდულ $16.5 მილიარდამდე გაიზარდა Nvidia-ს მიერ მიღებული მოგებაც. შედარებისთვის, გასული წლის იმავე პერიოდში, ჩიპების მწარმოებლის მოგება მხოლოდ $6.1 მილიარდს შეადგენდა. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კი, კომპანიის მოგება $14.8 მილიარდს უტოლდებოდა.
ანალიტიკოსთა პროგნოზებს გადააჭარბა კომპანიის მონაცემთა განყოფილებამ. მეორე კვარტალში მისი შემოსავალი $26.3 მილიარდამდე გაიზარდა, რაც წლიურ ჭრილში 154%-იან ზრდას გულისხმობს.
S&P 500-ზე Nvidia 2024 წლის საუკეთესო აქციაა. მხოლოდ მიმდინარე წელს, კომპანიის აქციების ღირებულება 150%-ით, ბოლო სამ წელიწადში კი – 500%-ითაა გაზრდილი. მოცემული დროისთვის, Nvidia-ს საბაზრო კაპიტალიზაცია $2.974 ტრილიონს აღწევს, რაც მას Apple-ისა ($3.5 ტრილიონი) და Microsoft-ის ($3.1 ტრილიონი) შემდეგ, მსოფლიოში მესამე უმსხვილეს კომპანიად აქცევს.