სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2024 წლის II კვარტალში საქართველოს ნავსადგურებისა და ტერმინალების მიერ ნაჩვენები შედეგები გამოაქვეყნა. საქსტატის ცნობით, ამ პერიოდში მთლიანობაში 4,311 გემი შემოვიდა. აქედან 33.2% გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთის გადამზიდი იყო, 33.2% – თხევადი ტვირთმზიდი, 25.1% – კონტეინერმზიდი. დანარჩენი 8.5% ნაყარ ტვირთმზიდზე, ბუქსირებსა და სპეციალიზებულ გემებზე მოდის.
წლიურ ჭრილში საქართველოს ნავსადგურებსა და ტერმინალებში შემოსული ნაყარი ტვირთმზიდი გემების რაოდენობა 21.1%-ით გაიზარდა, თხევადი ტვირთმზიდების – 19.2%-ით, გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთმზიდების – 11.7%-ით; ხოლო კონტეინერმზიდების – 10.7%-ით შემცირდა.
შემოსული გემების 17.9% თურქეთის დროშის ქვეშ დაცურავდა, 15.3% – პანამის, 10.9% – მალტის, 9.3% – ლიბერიის, დანარჩენი 46.6% კი სხვა ქვეყნებზე განაწილდა.
ამავე პერიოდში, საქართველოს ნავსადგურები 2.6 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 2-ჯერ მეტია. აღსანიშნავია, რომ მგზავრთა ნაკადში შემოსული მგზავრების წილმა გასული მგზავრების წილს გადააჭარბა და 57.7% შეადგინა.
II კვარტალში საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 4 234.9 ათასი ტონა ტვირთი გადაამუშავა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 11.9%-ით მეტია. აქედან 44.2% გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთი იყო, 33.9% – თხევადი ტვირთი, ხოლო 21.9% – ნაყარი ტვირთი.