II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე 1.4%-ით შემცირდა

II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე 1.4%-ით შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.4%-ით შემცირდა და 16.7% შეადგინა. აქვე შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში უმუშევრობის დონის მაჩვენებელი 18%-ზე იყო.

საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის II კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა რიცხოვნობა 5.6%-ით, 48.7 ათასი ადამიანით გაიზარდა და 916.7 ათასს მიაღწია. რაც შეეხება თვითდასაქმებულთა რიცხოვნობას, ეს მაჩვენებელი 2.2%-ით 9 ათასით გაიზარდა და 410.2 ათასი შეადგინა. შედეგად, მოცემულ პერიოდში უმუშევართა რაოდენობა 5.2%-ით, 14.6 ათასით შემცირდა და 266.9 ათასი შეადგინა.

ამასთანავე, მიმდინარე წლის II კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში 0.7%-ით გაიზარდა და 69.1% შეადგინა.

საქსტატის ცნობით, უმუშევრობის დონე 2.5%-ითაა შემცირებული საქალაქო ტიპის დასახლებებში, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში ეს მაჩვენებელი 0.2%-ითაა გაზრდილი.

ქალებთან შედარებით, კაცებში უმუშევრობის დონე კვლავ მაღალია. 2023 წლის II კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ქალების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 0.5%-ით შემცირდა და 14.5% შეადგინა, კაცების შემთხვევაში კი 2%-ით იკლო და 18.5%-ს გაუტოლდა.