ილონ მასკმა TESLA-ს $4 მილიარდის ღირებულების აქციები გაყიდა

ილონ მასკმა TESLA-ს $4 მილიარდის ღირებულების აქციები გაყიდა

მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, ილონ მასკმა Tesla-ს 4 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების აქციები გაყიდა. საფონდო ბირჟებისა და ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელი კომისიის ინფორმაციით, ბიზნესმენმა საკუთარი კომპანიის 4.4 მილიონი ერთეული აქციის ბირჟაზე გასაყიდად გატანის გადაწყვეტილება მიმდინარე კვირას მიიღო.

ილონ მასკსა და კომპანიის ოფიციალურ წარმომადგენლობას არ განუმარტავთ, თუ რატომ მიიღო Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნული გადაწყვეტილება, თუმცა, სავარაუდოდ, ეს Twitter-ის 100%-იანი წილის 44 მილიარდ აშშ დოლარად შეძენას უკავშირდება.

საჯაროდ ცნობილი ფაქტია, რომ მიუხედავად მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანად ყოფნისა, ილონ მასკს 44 მილიარდი აშშ დოლარი ნაღდი ფულის სახით არ აქვს და მისი ქონების უდიდესი ნაწილი კომპანიებში, მათ შორის, Tesla-შია ინვესტირებული. Twitter-ის შესაძენად საჭირო თანხის მოსაზიდად მასკმა უოლ-სტრიტის ერთ-ერთ უმსხვილეს საინვესტიციო ბანკს, Morgan Stanley-ს მიმართა, რომელიც მას 25.5 მილიარდი აშშ დოლარის მოპოვებაში დაეხმარა, აქედან $12.5 მილიარდი პირდაპირი საბანკო სესხია, რომელიც Tesla-ს აქციებითაა დაზღვეული.

Tesla-ს აქციების გაყიდვის ამბავს ილონ მასკი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მისი განცხადებით, 29 აპრილის შემდეგ კომპანიის აქციების დამატებით გაყიდვა დაგეგმილი არ არის.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *