ედვარდ სნოუდენმა დაადასტურა, რომ კრიპტოვალუტა Zcash-ის ერთ-ერთი შემქმნელია

ედვარდ სნოუდენმა დაადასტურა, რომ კრიპტოვალუტა Zcash-ის ერთ-ერთი შემქმნელია

ცნობილმა ამერიკელმა პროგრამისტმა, ედვარდ სნოუდენმა დაადასტურა, რომ კრიპტოვალუტა Zcash-ის ერთ-ერთი შემქმნელია, – ამის შესახებ ინფორმაცია ამერიკულმა Forbes-მა მოიპოვა. ცნობისთვის გეტყვით, რომ Zcash-ი ისეთი კრიპტოვალუტაა, რომლის მთავარი მიზანი ტრანზაქციაში ჩართული მხარეების სრული დაცვაა – ბიტკოინისგან განსხვავებით, რომელიც სრულად გამჭვირვალე კრიპტოვალუტად არის შექმნილი, Zcash-ით ტრანზაქციებისას უცნობია, როგორც ტრანზაქციის მოცულობა, ასევე მასში ჩართული მხარეების კრიპტოსაფულის მისამართები.

სნოუდენის ეს განცხადება 2016 წლის მოვლენებს ეხმიანება, როცა საზოგადოებისთვის იმ დროს უცნობმა ექვსმა ადამიანმა – კრიპტოვალუტა Zcash-ის შემქმნელებმა – კრიპტოვალუტის მიმოქცევაში გასაშვებად ბლოკჩეინზე გარკვეული დავალებები შეასრულეს. პროცესში, თითოეულმა მათგანმა წვდომა მიიღო კრიპტოვალუტის შემქმნელი გასაღების ნაწილზე. შემქმნელი გასაღები ერთგვარი კოდია, რომლის სრულად ცოდნის შემთხვევაში ადამიანს შეუძლია ბლოკჩეინს და მასზე დაშენებულ კრიპტოვალუტას მთლიანად დაეპატრონოს, რაც კრიპტოვალუტა Zcash-ის შემთხვევაში, მას კრიპტოვალუტის უსასრულოდ გამრავლების შესაძლებლობას მისცემს. თუმცა, ამ საფრთხეს Zcash-ის შემქმნელებიც აცნობიერებდნენ, რის გამოც, ზემოთ ხსენებული ღონისძიების ბოლო ნაწილი სწორედ ამ გასაღების განადგურებას მიეძღვნა – თუკი ექვსიდან ერთი მაინც განადგურდა, მისი აღდგენა უბრალოდ შეუძლებელია, რაც კრიპტოვალუტა Zcash-ის უსასრულოდ გამრავლებას შეუძლებელს ხდის.

აღსანიშნავია, რომ გასაღების განადგურების ღონისძიების შემდეგ, კრიპტოვალუტა Zcash-ის ექვსი შემქმნელიდან ხუთმა საკუთარი ვინაობა გაამხილა – მათ შორის იყვნენ CoinCenter-ის მკვლევარი, პიტერ ვან ვალკენბურგი და ბიტკოინის ერთ-ერთი მთავარი დეველოპერი, პიტერ ტოდი. მეექვსე შემქმნელმა, რომლის ფსევდონიმი ჯონ დობერტინი გახლდათ, ანონიმურობა არჩია, მაგრამ როგორც ექვსი წლის შემდეგ გაირკვა, ის ედვარდ სნოუდენი იყო.

„კრიპტოვალუტას რომ ვუყურებთ, ძირითადად იმ კრიპტოგრაფიულ თვისებებს ვაკვირდებით, რომლებიც მას მიუკერძოებელ და არა კერძო, ანუ დახურულ დავთრად აქცევს. ბიტკოინი სწორედ იმითაა ცნობილი, რომ ღია დავთარია. თუმცა, მთავარი პრობლემა ისაა, რომ თავისუფალი ვაჭრობა შეუძლებელია დახურული კერძო ვაჭრობის გარეშე, ხოლო თავისუფალი ვაჭრობის გარეშე – შეუძლებელია თავისუფალი საზოგადოების შექმნა“, – განაცხადა ედვარდ სნოუდენმა ჩანაწერში, რომელიც Zcash Media-მ კრიპტოვალუტის ისტორიისთვის მიძღვნილი დოკუმენტური ფილმისთვის გამოიყენა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *