IMF: 2020 წელს საქართველოს ბიუჯეტი 16.2 მილიარდ ლარამდე იზრდება

IMF: 2020 წელს საქართველოს ბიუჯეტი 16.2 მილიარდ ლარამდე იზრდება

საერთაშორის სავალუტო ფონდის (IMF) აღმასრულებელმა საბჭომ დაასრულა საქართველოს ეკონომიკური რეფორმის პროგრამის მეექვსე მიმოხილვა.

მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ ფონდი დაეხმარება საქართველოს დაახლოებით $200 მილიონით, რათა კორონავირუსის პანდემიის შედეგად გამოწვეული ფისკალური პრობლემების მოგვარება შეძლოს, ასევე დაეხმაროს ქვეყანას ჯანდაცვის და სოციალური დაცვის კუთხით გასაწევი თანხებით.

როგორც მიმოხილვაში წერია, პანდემია მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს საქართველოს ეკონომიკაზე და ბოლო წლების პოზიტიური ეკონომიკური ტრაექტორიის შეჩერებას გამოიწვევს. შესუსტებულმა მაკროეკონომიკურმა პროგნოზმა და ფისკალურმა სიტუაციამ წარმოქმნა სასწრაფოდ ფინანსებით დახმარების საჭიროება. IMF-ის ფინანსური დახმარება კი არსებითი კონტრიბუცია იქნება საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ფონდის აღმასრულებელი საბჭოს დისკუსიის შემდეგ, მმართველი დირექტორის მოადგილემ ტაო ჟანგმა შემდეგი განცხადებაც გააკეთა:

“კორონავირუსის პანდემიამ საქართველოს ეკონომიკას დიდი დარტყმა მიაყენა. ტურიზმისა და მოთხოვნის შემცირების შედეგად არსებული დეფიციტი გაფართოვდა, რამაც გაცვლითი კურსის გაუფასურება და ეკონომიკური აქტივობის მნიშვნელოვანი კლება გამოიწვია. ხელისუფლებამ სწრაფად იმოქმედა და წარმოადგინა პანდემიის შესაჩერებელი ზომები, ასევე ოჯახებისა და ყველაზე დაზარალებული სექტორების დახმარების ზომები.

ფისკალური დეფიციტი გაიზარდა და გარე დაფინანსების მობილიზება მოხდა, რათა დამატებითი ხარჯები დაიფაროს. როდესაც დანახარჯების ზრდა აუცილებელია, ვალების მდგრადობის დაცვისთვის სიფხიზლეა საჭირო, განსაკუთრებით ფისკალური რისკების წინააღმდეგ.

ეროვნულმა ბანკმა შესაბამისად შეინარჩუნა ზომიერად მკაცრი მონეტარული პოლიტიკა, და დატოვა გაცვლითი კურსი მოქნილი“.

ფონდმა გამოაქვეყნა საქართველოს 2020 წლის ბიუჯეტის განახლებული პარამეტრებიც. დოკუმენტის მიხედვით, 2020 წელს სახელმწიფოს ხარჯების მოცულობა 16.26 მილიარდი ლარი იქნება. ეს არსებულ ბიუჯეტთან შედარებით 1.8 მილიარდი ლარით მეტია.

IMF-ის მიხედვით, საქართველოს მთავრობა ბიუჯეტის პირვანდელ გეგმასთან შედარებით 1.45 მილიარდი ლარით ნაკლები საგადასახადო შემოსავლის მიღებას ელოდება. ჯამურად, გადასახადების პროგნოზი ამჟამად 10.7 მილიარდ ლარს შეადგენს. აქედან დღგ-ის პროგნოზი – 4.8 მილიარდი ლარი, აქციზი კი – 1.4 მილიარდი ლარი იქნება. საშემოსავლო გადასახადიდან კი სახელმწიფო წელს 4 მილიარდი ლარის შემოსავლის მიღებას გეგმავს. ჯამურად, ყველა სახის შემოსავლებიდან (ვალის გარდა) სახელმწიფო წელს 12.14 მილიარდი ლარის შემოსავალს ელის.

ვალის მიმართულებით კი, წელს მთავრობა 4.1 მილიარდი ლარის ახალი ვალის აღებას გეგმავს. სწორედ ვალით უნდა დაფინანსდეს საგადასახადო შემოსავლებში არსებული დანაკლისი.

რაც შეეხება ხარჯების მიმართულებას, მნიშვნელოვნად იზრდება სოციალური გასაცემლების ოდენობა და ის 5.9 მილიარდ ლარზე იქნება დაგეგმილი, სახელმწიფო სუბსიდიების ზომა კი – 1.5 მილიარდი ლარით არის განსაზღვრული.

მიმოხილვაში ასევე ასახულია საქართველოს ფისკალური და ეკონომიკური მაჩვენებლები და მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები ამ კუთხით.

აღსანიშნავია ასევე საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის არსებული პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული პირობები, რომელთა დაცვასაც საქართველო გეგმავს. ერთ-ერთი პუნქტი ამ პირობებს შორის “საპარტნიორო ფონდის” საქმიანობას ეხება. დოკუმენტის მიხედვით, უკვე მიმდინარე პროექტების დაფინანსების გარდა, სხვა ფინანსური აქტივობა 0-მდე იქნება შეზღუდული.

“საპარტნიორო ფონდი არ მოახდენს ახალ პროექტებში შესვლას და არ მოახდენს ახალი ვალდებულებების აღებას”, – ნათქვამია დოკუმენტში.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.