IMF - გლობალური ეკონომიკა იმაზე მეტად შემცირდება, ვიდრე ეს აპრილში იყო მოსალოდნელი

IMF - გლობალური ეკონომიკა იმაზე მეტად შემცირდება, ვიდრე ეს აპრილში იყო მოსალოდნელი

გლობალური ეკონომიკა იმაზე მეტად შემცირდება, ვიდრე ეს აპრილში იყო მოსალოდნელი. ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მთავარმა ეკონომისტმა განაცხადა. მისივე თქმით, როდესაც ევროპული ქვეყნები “ლოქდაუნის“ პირველ კვირაში იყვნენ, გლობალური ეკონომიკის შემცირება 2020 წლისთვის მაშინ 3%-ზე ივარაუდებოდა. თუმცა, ახლა მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკების გახსნა დაიწყო, IMF კიდევ უფრო მეტ ვარდნას პროგნოზირებს მიმდინარე წელს.

“დიდი დეპრესიის შემდეგ პირველად, როგორც განვითარებული, ასევე განვითარებადი ბაზრების ეკონომიკები 2020 წელს იქნებიან რეცესიაში. ივნისის განახლებული მსოფლიო ეკონომიკური პროგნოზი სავარაუდოდ იმაზე მეტ ნეგატიურ ზრდას აჩვენებს, ვიდრე ველოდით“, – აღნიშნა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მთავარმა ეკონომისტმა გიტა გოფინათმა ბლოგპოსტში.

ასევე სავალუტო ფონდში ამბობენ, რომ მსგავსი დონის კრიზისი, რაც მასშტაბურმა “ლოქდაუნმა“ გამოიწვია, მსოფლიოს ამ დრომდე არასოდეს გამოუცდია. გარდა ამისა, IMF-ის განცხადებით, მომსახურების სფერო უფრო მეტად დააზარალა პანდემიამ, ვიდრე წარმოება, რაც წინა კრიზისებისგან განსხვავებულია, ვინაიდან მაშინ ინვესტიციების ნაკლებობის გამო, საწარმოო აქტიურობა შემცირებული იყო.

შეგახსენებთ, ბევრმა ქვეყანამ ეკონომიკური ზომების შემსუბუქება უკვე ერთი თვეა დაიწყო, თუმცა, ეს პროცესი ნელა მიმდინარეობს და როგორც ჩანს, უფრო რთული აღმოჩნდა ეკონომიკური აქტივობების სრულყოფილად განახლება, ვიდრე ელოდნენ.