IMF-ი გლობალური ეკონომიკის აღდგენის აშკარა ნიშნებს ხედავს

IMF-ი გლობალური ეკონომიკის აღდგენის აშკარა ნიშნებს ხედავს

საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) გლობალური ეკონომიკის აღდგენის აშკარა ნიშნებს ხედავს, თუმცა აცხადებს, რომ მნიშვნელოვანი რისკები კვლავ არსებობს. რისკებს შორის კორონავირუსის მუტაციური ვარიანტის გავრცელებას ასახელებენ.

როგორც IMF-ის მმართველი დირექტორის პირველმა მოადგილემ, ჯეფრი ოკამოტომ განაცხადა, აპრილის დასაწყისში ფონდი იანვრის პროგნოზს განაახლებს, თუმცა მას დეტალებზე არ უსაუბრია.

ჩინეთის განვითარების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, ოკამოტომ აღნიშნა, რომ განვითარებად და განვითარებულ ეკონომიკებს შორის სხვაობის ზრდა მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. მისივე თქმით, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დღიდან 90 მილიონი ადამიანი  უკიდურეს სიღარიბეში აღმოჩნდა.

ოკამოტოს თქმით, ჩინეთმა უკვე შეძლო პრეპანდემიური ზრდის დონის აღდგენა, თუმცა ქვეყანაში გამოწვევები კვლავ რჩება.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი, ჩინეთის საზღვრებს გარეთ, განვითარებად ქვეყნებს შორის, , 2020 წლიდან 2022 წლამდე 22%-ით ნაკლები იქნება, ვიდრე იმ შემთხვევაში იყო მოსალოდნელი, პანდემია რომ არ ყოფილიყო.

ოკამოტოს თქმით, საერთო პროგნოზი ცოტათი ბუნდოვანია, ვინაიდან არავინ იცის, პანდემია რამდენ ხანს გასტანს და როგორ წარიმართება ვაქცინაციის პროცესი განვითარებად და განვითარებულ ქვეყნებში.