IMF პროგნოზს განაახლებს – "კრიზისი შესაძლოა არც ისე ცუდი აღმოჩნდეს, როგორც თავიდან ვპროგნოზირებდით"

IMF პროგნოზს განაახლებს – "კრიზისი შესაძლოა არც ისე ცუდი აღმოჩნდეს, როგორც თავიდან ვპროგნოზირებდით"

2020 წლის ეკონომიკური კრიზისი შესაძლოა არც ისე ცუდი აღმოჩნდეს, როგორც ამას ამ დრომდე საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) პროგნოზირებდა, თუმცა, წინ რთული გზაა გასავლელი, – ამის შესახებ IMF-ის მმართველმა დირექტორმა კრისტალინა გეორგიევამ განაცხადა.
ფონდის ივნისის პროგნოზით გლობალური მშპ (მთლიანი შიდა პროდუქტი) 4.9%-ით შემცირდება, თუმცა, მსოფლიო ეკონომიკამ იმაზე კარგი ტემპით დაიწყო აღდგენა, ვიდრე ფონდი პროგნოზირებდა მეორე და მესამე კვარტლებში. ამიტომაც ამის გამო, შესაძლოა პროგნოზი უფრო პოზიტიური ციფრებით შეიცვალოს. როგორც მოსალოდნელია ეკონომიკური ზრდის განახლებულ პროგნოზს IMF მომდევნო კვირას გამოაქვეყნებს.

“საერთო სურათი დღეს ნაკლებად საგანგაშოა. ჩვენი შეფასებით მეორე და მესამე კვარტლებში უკეთ განვითარდა მოვლენები, ვიდრე მოსალოდნელი იყო“, – განაცხადა კრისტალინა გეორგიევამ, რომელმაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის პოსტი გასულ წელს დაიკავა.

“მთავრობებმა დაახლოებით $12 ტრილიონის მოცულობის ფისკალური მხარდაჭერა აღმოუჩინეს ოჯახებსა და კომპანიებს. უპრეცედენტო მონეტარული პოლიტიკის ნაბიჯებმა შეინარჩუნა კრედიტების ნაკადი და დაეხმარა მილიონობით კომპანიას, რომ ბიზნესი შეენარჩუნებინათ“, – დასძინა მან.

მეორე მხრივ გეორგიევამ მთავრობების ვალების მოცულობებზეც ისაუბრა. ცნობისთვის, IMF-ის მონაცემებით, გლობალური ვალი წელს რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწევს და მშპ-ს 100%-ს მიუახლოვდება.

“რისკები კვლავ მაღალია, მათ შორის გაკოტრებების მიმართულებით და ფინანსური ბაზრებზეც. ბევრი ქვეყანა უფრო მეტად მოწყვლადი გახდა. მათი ვალების მოცულობა გაიზარდა, ვინაიდან მათ კრიზისზე ფისკალური პასუხების გაცემა მოუწიათ, ასევე მათ დიდი რაოდენობით ზარალი განიცადეს“, – განაცხადა გეორგიევამ.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი არ ელოდება რომ გლობალური ეკონომიკა პრეკრიზისულ დონეს საშუალოვადიან პერსპექტივაში დაუბრუნდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *