საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) განცხადების მიხედვით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების არათანაბარი განაწილება კიდევ უფრო ზრდის განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებს შორის უთანასწორობას. სწორედ არათანაბარი ვაქცინაციაა ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი, რის გამოც პოსტპანდემიური აღდგენის ტრენდები ქვეყნებს შორის რადიკალურად განსხვავდება.
IMF-ის მსოფლიო მშპ-ის ზრდის განახლებული პროგნოზი რიცხობრივად არ განსხვავდება აპრილის მონაცემისგან და ისევ 6%-ს შეადგენს. მიუხედავად ამისა, განახლებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ განვითარებული ეკონომიკების ზრდის დონე გაიზრდება, ხოლო განვითარებადი, განსაკუთრებით კი აზიის, ქვეყნების ზრდის ტემპი ძალიან ნელია.
განახლებული მონაცემებით, ვაქცინაციის მასშტაბურობისა და სახელმწიფო ხარჯების მატების ხარჯზე აშშ-ის ეკონომიკის ზრდამ 7%-ს მიაღწია. ევროკავშირის საერთო მშპ კი 4.6%-ით გაიზრდება. განახლებული მონაცემებით, მნიშვნელოვნადაა შემცირებული ინდოეთისა (9.5%) და ჩინეთის (8.1%) მშპ-ის ზრდის ტემპები.
ამას გარდა, აღსანიშნავია, რომ განვითარებულ ქვეყნებში მოსახლეობის საშუალოდ 40%-ია აცრილი, განვითარებად ქვეყნებში იგივე მაჩვენებელი დაახლოებით 11%-ია, ხოლო დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში ვაქცინირებულთა რაოდენობა ბევრად მცირეა.
მსოფლიო მასშტაბით ვაქცინაციის დონის სწრაფი ზრდის გარეშე, იზრდება COVID-19- ის ახალი ვარიანტების გავრცელების ალბათობაც, რაც შესაძლოა განვითარებული ქვეყნების ეკონომიკურ აღდგენაზეც უარყოფითად აისახოს. ახალი, „დელტა“ შტამის გავრცელებამ 2025 წლის ბოლომდე შესაძლოა $4.5 ტრილიონით შეამციროს გლობალური მშპ. აღსანიშნავია, რომ ამ დანაკარგის ნახევარზე მეტი სწორედ განვითარებულ ქვეყნებზე მოდის.