იმპერატორი ბოსების უკანასკნელი დღეები

იმპერატორი ბოსების უკანასკნელი დღეები

დონალდ ტრამპის ფანებს მოსწონთ მისი ზემოდან-ქვემოთ სტილის მმართველობა. ამომრჩევლებს, რომელთაც ბიზნესთან არაფერი აკავშირებთ, ტრამპი გაბედულ და ეფექტიან ბიზნესმენად ესახებათ, ამ მოსაზრებას კი მისი უკმეხი და ხულიგნური მეტყველებაც განუმტკიცებთ. მაგრამ თუ ტრამპის სააღმსრულებლო ლიდერული სტილი ერთგვარი რეალიტი-შოუს პრინციპზე დაფუძნებულ სატელევიზიო გადაცემებში თავის საქმეს აკეთებს, რეალურ სამყაროში ბევრს ვერაფერს შვრება. მისი ბიზნესმმართველობის სტილი ნელ-ნელა სულს ღაფავს. თუ იმ ანტრეპრენიორებს, ლიდერებსა და ინვესტორებს დააკვირდებით, ვინც სამყაროს ახალი დოვლათის უდიდეს ნაწილს ქმნის, მიხვდებით, რომ ტრამპი ამ სურათს ვერ ერგება. და ამას თავისი ღრმა მიზეზები აქვს.

ბიზნესის ისტორიული ტენდენცია შემდეგში მდგომარეობს: ყოველ ახალ საუკუნეში დოვლათის სულ უფრო მაღალი პროცენტი იდეებისგან აღმოცენდება და არა ნედლეულისგან. ყოველ მომდევნო ათწლეულში ეს ბალანსი პირველისკენ იხრება. საუკუნის წინ სამყაროს ყველაზე ღირებული კომპანიები წიაღისეულის მოპოვებას, წარმოებასა და ტრანსპორტს უკავშირდებოდა. დღეს მსოფლიოს მეორე ყველაზე ღირებული კომპანია Alphabet-ია – Google-ის მშობელი, რომელიც ვების საძიებო სისტემას ქმნის. მსოფლიო ხუთ უმდიდრეს კომპანიას Apple-ი, Alphabet-ი, Microsoft-ი, Berkshire Hathaway და Exxon Mobil-ი წარმოადგენს. ყურადღება მიაქციეთ ამ საკვანძო ფაქტს: პირველი სამი, უმეტესწილად, იდეაზე დაფუძნებული კომპანიებია.

ჩვენს ფიზიკურ სამყაროსა და მასში მყოფ ფიზიკურ ადამიანებს ფიზიკური პროდუქტები ყოველთვის დასჭირდებათ. მაგრამ ახალი იდეების გარეშე, რომლებიც საუკეთესო ხელმისაწვდომ ტექნოლოგიასა და ქსელებზე ახდენს კაპიტალიზაციას, ფიზიკური პროდუქტების მწარმოებელი მხოლოდ ფართო მოხმარების საქონლის მოთამაშე ხდება, რომელიც ეკონომიკურ ბუმებსა და მატერიალურ დეფიციტებზე არის დამოკიდებული.

რატომ უფერულდება და რატომ ხდება ტრამპის ლიდერული სტილი ნაკლებეფექტიანი წლიდან წლამდე? იმიტომ რომ იმ ტალანტის რეკრუტირებისთვის, რომელსაც ტექნოლოგიაზე შეუძლია კაპიტალიზება, და ისეთი იდეაზე მომართული კომპანიების შესაქმნელად, როგორიცაა Google-ი, Apple-ი, Microsoft-ი და ა.შ., აღმასრულებელი ლიდერი უბრალოდ ვერ იმოქმედებს ტრამპივით და მას ვერ ექნება წარმატების იმედი. სხვაგვარად რომ ვთქვათ: დონალდ ტრამპთან ან ტრამპისებრ ფიგურასთან მუშაობა უკანასკნელია, რაც კი შეიძლება, სილიკონის ხეობის ნებისმიერ წარმატებულ პიროვნებას მოუნდეს.

სტივ ჯობსის ევოლუცია

შეიძლება, ახლა გააპროტესტოთ და თქვათ, რომ სტივ ჯობსიც, მართალია, თავისებური კალიფორნიულ-ჰიპური ამპლუით, მაგრამ საკმაოდ ჰგავდა ტრამპს ავტორიტარიზმში. ერთი შავი ხუმრობაც დადიოდა სილიკონის ხეობაში: სტივ ჯობსს Apple Computer-ი რომ არ დაეფუძნებინა, სექტის კარგი ლიდერი იქნებოდაო. და მართლაც, 1970-იანებისა და 1980-იანების სტივ ჯობსი ასეთი იყო. ტრამპივით ლაპარაკობდა და ტრამპივით იქცეოდა. უხეში იყო, უხამსი და დიქტატორული. იმდენად არათავდაჯერებული იყო, რომ სხვისი შრომაც კი მოიპარა. ძირი სწორედ იმ ადამიანებს გამოუთხარა, რომლებიც თავადვე მოიყვანა კომპანიაში. ჰოდა, ჰო იმუშავა ამ ყველაფერმა?

ჰო… Apple-ი ამ ძველებური სტილის პირობებში დაიბადა. მაგრამ მერე, 1980-იანების შუა პერიოდში, Apple-ი სერიოზულად დამუხრუჭდა და ცოტა ხანში, ჯობსმაც დატოვა საკუთარი კომპანია. მისმა მომდევნო კომპანიამ, NeXT-მა, ვერ გაამართლა ის საჯარო მითქმა-მოთქმა, რაც მის ირგვლივ იყო ატეხილი. ესეც მეორე ყვითელი ბარათი. ამის შემდეგ სტივ ჯობსმა კომპიუტერულ ანიმაციურ კომპანიაში, Pixar-ში, გააკეთა ინვესტიცია და იქ თავისი ძველი, ავტოკრატიული მეთოდების დანერგვაც სცადა. მაგრამ დაბრკოლებას შეეჯახა. Pixar-ის ორმა ბრწყინვალე დამფუძნებელმა ჯობსს გააგებინა, რომ არ იყვნენ მისი მონები. თავისუფლად შეეძლოთ, ამბოხებულიყვნენ და მეტოქე კომპანია დაეარსებინათ. ეს გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდა ჯობსისთვის. როცა 1997 წელს Apple-ში დაბრუნდა, ის ტალანტის მაძიებლად და ქომაგად იქცა.

ზემოდან-ქვემოთ სტილის ლიდერობა სულ უფრო იკლებს და არამარტო ისეთ შემოქმედებით ინდუსტრიებში, როგორიც პროგრამული უზრუნველყოფაა. თვით აშშ-ის სამხედრო ძალებშიც კი მივიდნენ ამ დასკვნამდე. გასულ თვეს, კალიფორნიაში, Montgomery Summit-ზე, სცენაზე მყოფი სტენლი მაქქრისტალისგან ინტერვიუ ავიღე. ეს პენსიაზე გასული ოთხი ვარსკვლავის მფლობელი გენერალი ყველაზე მეტად იმითაა ცნობილი, რომ 2000-იანების შუა პერიოდში Joint Special Operations Command-ს მეთაურობდა; ეს არის საგანაგებო ელიტარული ძალების უწყებათა გაერთიანება, რომელიც მოიცავს სახმელეთო ჯარების Delta Force-ს, საზღვაო ძალების SEAL Tim Six-ს, საჰაერო ძალების 24th Special Tactics Squadron-სა და სახმელეთო ჯარების Intelligence Support Activity-ს.

მაქქრისტალმა გაიხსენა, თუ როგორი უნიკალური გამოწვევის წინაშე დააყენა ალ-ყაიდამ აშშ-ის სამხედრო ძალები ერაყში. აბუ მუსაბ ალ-ზარქავის ხელმძღვანელობით, ტერორისტული დაჯგუფება მუდმივად ტექნოლოგიასა და მობილურ მედიას იყენებდა, „რათა საკუთარ თავი რაღაც ახალ და ამოუცნობ ძალად გარდაესახა. ისეთი შეგრძნება გვქონდა, რომ ის არც ერთ მტერს არ ჰგავდა, ვისაც კი აქამდე შევჯახებივართ. ვირუსივით იყო“.

სამი წლის განმავლობაში ალ-ზარქავი თავგზას ურევდა და ჯაბნიდა მსოფლიოს ყველაზე ძლევამოსილ ჯარს. „მივხვდი, რომ ჩვენი ორგანიზაცია უნდა შეგვეცვალა, – თქვა მაქქრისტალმა. – ზემოდან-ქვემოთ სტილს თუ შევინარჩუნებდით, გადაწყვეტილებებს ისე სწრაფად ვერ მივიღებდით და ალ-ყაიდას სათანადოდ ვერ დავუპირისპირდებოდით“. ასე რომ, გადაწყვეტილებათა მიღების უფლებამოსილება მაქქრისტალმა საველე ოფიცრების დონეზე დასწია. მაქქრისტალი და მისი ხალხი საომარი განკარგულებების ცენტრიდან ადევნებდნენ თვალს მოვლენებს უპილოტო თვითმფრინავებიდან მიღებული ვიდეოების საშუალებით. „საველე ოფიცრებსა და ჯარისკაცებს ინფორმაციას გადავცემდით, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებებს თავად იღებდნენ. ჩემი როლი უფრო მწვრთნელობა და მენტორობა გახდა“.

ბიზნესში სწრაფ პროგრესს რომ მიაღწიო, ტექნოლოგია და ტალანტი დაგჭირდება. ტექნოლოგია საშუალებას გაძლევს, გადაწყვეტელების მიღება ქვედა რგოლზე მოხდეს. ტრამპის ზემოდან-ქვემოთ სტილის მმართველობა ძველმოდურია და წლებთან ერთად, უფრო და უფრო არაეფექტიანი გახდება. დაბოლოს, მიუკერძოებლები რომ არ ვიყოთ, ასეთივე ბედი ელის ჰილარი კლინტონის იდუმალ, ზედმეტი კონტროლის მოყვარულ სტილს. თუმცა, ეს უკვე სხვა ამბავია.  

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *