ინდოეთი Starlink-ს ლიცენზიის მიღებამდე ინტერნეტის გაყიდვის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

ინდოეთი Starlink-ს ლიცენზიის მიღებამდე ინტერნეტის გაყიდვის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

ინდოეთის სატელეკომუნიკაციო დეპარტამენტი Starlink-ისგან სახელმწიფოს ფარგლებში სატელიტური ინტერნეტსერვისის შეთავაზებისა და გაყიდვის შეწყვეტას მოითხოვს, რადგან, მისი თქმით, ილონ მასკის კომპანიას ამჟამად ამის ლიცენზია არა აქვს. აზიური ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლები საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებენ, მომსახურების წინასწარი შეკვეთისგან  თავი შეიკავონ.

აღსანიშნავია, რომ Starlink-მა ინდოეთში ბიზნესი 1-ლ ნოემბერს დაარეგისტრირა. ამის შემდეგ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის კომპანიამ ქვეყანაში საკუთარი პროდუქტის რეკლამირება და წინასწარ გაყიდვა დაიწყო.

„ინდოეთში სატელიტური ინტერნეტსერვისის მიწოდებისთვის ქვეყნის სატელეკომუნიკაციო დეპარტამენტისგან, მთავრობისგან ლიცენზიის მიღებაა საჭირო. აქვე, ვაცნობებთ ფართო საზოგადოებას, რომ ხელოვნურ თანამგზავრებზე დაფუძნებული ინტერნეტმომსახურებისთვის, რომლის დაჯავშნაც კომპანიის ვებგვერდზეა შესაძლებელი, Starlink-ს ლიცენზია/ავტორიზაცია არ მიუღია“ – ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ნოემბრის დასაწყისში Starlink India-ს დირექტორმა, სანჯეი ბჰარგავამ საზოგადოებას ინდოეთთან დაკავშირებით ილონ მასკის კომპანიის გეგმები გააცნო. მან აღნიშნა, რომ Starlink-ი ინტერნეტსერვისის აზიური ქვეყნისთვის მისაწოდებლად ნებართვის მიღების პროცესში იყო. როგორც ბჰარგავამ განაცხადა, კომპანია ინდოეთში 12 ადგილს არჩევდა, სადაც საწყის ეტაპზე სატელიტური ინტერნეტის შეთავაზება იგეგმებოდა.

ილონ მასკის კომპანიის მიზანია, 2022 წლის დეკემბრისთვის ინდოეთში Starlink-ს დაახლოებით 200 ათასი მომხმარებელი ჰყავდეს. ჯერჯერობით უცნობია, მისცემს თუ არა მას ამისთვის ლიცენზიას აზიური ქვეყნის სატელეკომუნიკაციო დეპარტამენტი.

Starlink-ის ინტერნეტმომსახურებით ამ დროისთვის მსოფლიოს 21 ქვეყანაში სარგებლობენ. აღსანიშნავია, რომ სერვისის წინასწარ შეკვეთა საქართველოდან უკვე შესაძლებელია. როგორც ცნობილია, ჩვენს ქვეყანაში Starlink-ის ინტერნეტი 2022 წლიდან იქნება ხელმისაწვდომი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *