ინდოეთსა და EFTA-ს შორის €100-მილიარდიანი ხელშეკრულება გაფორმდა

ინდოეთსა და EFTA-ს შორის €100-მილიარდიანი ხელშეკრულება გაფორმდა

ინდოეთმა მიაღწია ეკონომიკურ შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც ევროპის ოთხი ქვეყნიდან მიღებულ ინდუსტრიულ პროდუქტზე იმპორტის გადასახადი მოიხსნება. სანაცვლოდ, მომდევნო 15 წლის განმავლობაში ინდოეთი ქვეყნებიდან €100 მილიარდის ინვესტიციას მიიღებს. მხარეებს შორის შეთანხმებაზე მოლაპარაკებები თითქმის 16 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

უახლესი გარიგების ფარგლებში, თავისუფალი ვაჭრობის ევროპული ასოციაცია (EFTA), რომელიც შედგება შვეიცარიისგან, ნორვეგიისგან, ისლანდიისა და ლიხტენშტაინისგან, 15 წლის განმავლობაში ინდოეთის სწრაფად მზარდ ბაზარზე €100 მილიარდის ინვესტიციას განახორციელებს. თავის მხრივ, შვეიცარიის მთავრობამ განაცხადა, რომ ინდოეთი სრულად ან ნაწილობრივ მოხსნის ძალიან მაღალ საბაჟო გადასახადებს შვეიცარიიდან სამრეწველო იმპორტის 95.3%-ზე, გარდა ოქროსი.

უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ინდოეთმა შეთანხმება გააფორმა ავსტრალიასთან და არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან. ხოლო გაერთიანებულ სამეფოსთან მოლაპარაკებები, ოფიციალური პირების ინფორმაციით, საბოლოო ეტაპზეა. პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის სურს, 2030 წლისთვის ინდოეთის წლიური ექსპორტი $1 ტრილიონამდე გაიზარდოს.

ინდოეთის ვაჭრობის მინისტრმა გარიგებას „თანამედროვე სავაჭრო შეთანხმება“ უწოდა, რომელიც სამართლიანი, თანასწორი და მოგებიანია ხუთივე ქვეყნისთვის. პაკეტი მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ინტელექტუალური უფლებები და გენდერული თანასწორობა. ხელშეკრულების ძალაში შესვლამდე, ხუთივე სახელმწიფომ მისი რატიფიცირება უნდა მოახდინოს.

ინდოეთი EFTA ჯგუფის მეხუთე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია ევროკავშირის, შეერთებული შტატების, ბრიტანეთისა და ჩინეთის შემდეგ. ორგანიზაციის ვაჭრობის სამინისტროს მონაცემებით, 2023 წელს ორმხრივმა ვაჭრობამ $25 მილიარდს მიაღწია.