საფრანგეთი წელს სიცოცხლის ნებაყოფლობით შეწყვეტაზე კანონპროექტს განიხილავს

საფრანგეთი წელს სიცოცხლის ნებაყოფლობით შეწყვეტაზე კანონპროექტს განიხილავს

საფრანგეთის მთავრობა წელს წარადგენს კანონპროექტს, რომელიც განუკურნებელი დაავადებების მქონე სრულწლოვან პაციენტებს სიცოცხლის ნებაყოფლობით შეწყვეტის უფლებას მისცემს. განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გააკეთა.

როგორც Liberation-თან და La Croix-თან ინტერვიუში მაკრონმა აღნიშნა, შეთავაზებული კანონმდებლობა განსაზღვრავს მკაცრს ჩარჩოს, რომლის მიხედვითაც, კონკრეტული პაციენტებისთვის დაშვებული იქნება ლეტალური პროდუქტის მიღება. სიცოცხლის ნებაყოფლობით დასასრულებლად, პაციენტებმა უნდა დაამტკიცონ, რომ გადაწყვეტილება სრულად გათვითცნობიერებულია და განიცდიან ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ ტკივილს, რომლის შემსუბუქებაც შეუძლებელია. დამატებით, საჭიროა სამედიცინო გუნდის თანხმობაც.

სიკვდილის უფლება არ შეეხება ფსიქოლოგიური და ნეიროდეგენერაციული მდგომარეობის მქონე პირებს, როგორიცაა ალცჰაიმერის დაავადება, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს გადაწყვეტილების მიღების უნარზე. პაციენტებს მიეცემათ საშუალება ლეტალური პროდუქტი სახლში ან საავადმყოფოში მიიღონ, და შეეძლებათ ნებისმიერ დროს შეიცვალონ აზრი.

ევროკავშირში, პაციენტებს სიცოცხლის ნებაყოფლობით დასრულების უფლება რამდენიმე ქვეყანაში აქვთ, მათ შორის ბელგიაში, ნიდერლანდებსა და ლუქსემბურგში. მსოფლიო მასშტაბით კი მსგავსი ქვეყნების რაოდენობა უფრო დიდია. საერთო ჯამში, სიცოცხლის დასრულების სხვადასხვა ტიპის ლეგალურ საშუალებებზე წვდომა 200 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს.

საფრანგეთის კანონპროექტი მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე სავარაუდოდ აპრილში იქნება წარდგენილი, პარლამენტი კი მას მაისიდან განიხილავს. მაკრონის ინფორმაციით, ბიუჯეტი პალიატიური მზრუნველობისთვის, რომელიც 1.6 მილიარდ ევროს შეადგენს, მომდევნო ათი წლის განმავლობაში, 1 მილიარდი ევროთი გაიზრდება.