ქვეყნის ამჟამინდელი დედაქალაქის, ჯაკარტის წყალში ჩაძირვის საფრთხის გამო, ინდონეზიის მთავრობამ ახალი დედაქალაქის, ნუსანტარის, აშენების გადაწყვეტილება მიიღო. 30 მილიონი ადამიანით დასახლებული ჯაკარტა უკვე წლებია, კლიმატური კრიზისით გამოწვეული წყალდიდობებითა და სერიოზული ინფრასტრუქტურული პრობლემებით იტანჯება. ექსპერტების ვარაუდით, 2050 წლისთვის ქალაქის მესამედი წყალქვეშ მოექცევა.
ინდონეზიის ახალი დედაქალაქი, ნუსანტარა, აღმოსავლეთ კალიმანტანის პროვინციის ტერიტორიაზე, 56,180 ჰექტარზე გაშენდება. პროვინცია კუნძულ ბორნეოზე მდებარეობს, რომელსაც ასევე მალაიზია და ბრუნეი იყოფენ. მთლიანობაში, პროექტისთვის 256,142 ჰექტარი გამოიყო, დამატებითი ნაწილი ქალაქის სამომავლო პოტენციური განვითარებისთვისაა განკუთვნილი. ახალი დედაქალაქის ადრეული გეგმები უტოპიურ დიზაინს, ეკოლოგიურად სუფთა „ჭკვიანი“ ქალაქის შექმნას ითვალისწინებს. პანდემიის გამო, 2020 წელს, მშენებლობის დაწყება დროებით გადაიდო.
ნუსანტარა, რომელიც „არქიპელაგს“ ნიშნავს, 80 დასახელებიდან შეირჩა. ახალი კანონმდებლობის თანახმად, დედაქალაქს სპეციალური ორგანო წარმართავს, პრეზიდენტის მიერ ხუთწლიანი ვადით არჩეული ხელმძღვანელობით. პრეზიდენტს ჯერ დედაქალის ბიუჯეტი არ დაუმტკიცებია, თუმცა, ადრეული ანგარიშების თანახმად, პროექტის ხარჯები 29 მილიარდ ევროს უტოლდება.
აღსანიშნავია, რომ ინდონეზია რეგიონში პირველი ქვეყანა არაა, რომელსაც დედაქალაქიდან გახიზვნა მოუწია. 2003 წელს მალაიზიის მთავრობამ დედაქალაქი კუალა-ლუმპურიდან, პუტრაჯაიაში გადაინაცვლა, ხოლო 2006 წელს მიანმარის დედაქალაქმა რანგუნიდან – ნაიფიიდოში.