რუსეთი-უკრაინის ომთან ერთად დღეს მსოფლიოს ფასების სწრაფად ზრდა აწუხებს. ბევრ ქვეყანაში ათწლეულების რეკორდული ინფლაცია უკვე დაფიქსირდა. უკრაინაში მიმდინარე ომი კიდევ უფრო ზრდის ფასებზე ზეწოლას მატების მიმართულებით. Forbes Georgia ყოველთვიურად მიმოიხილავს ინფლაციის ტენდენციებს როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში, რადგან საქართველოში საქონლისა და მომსახურების ფასებზე გავლენა აქვს იმასაც, თუ როგორ იცვლება ფასები იმ საქონელსა და მომსახურებაზე, რაც საქართველოს იმპორტით შემოაქვს. მიმდინარე სტატია აპრილსა და მაისში დაფიქსირებულ ინფლაციის მაჩვენებლებს შეეხება.
2021 წლის დეკემბერში საქართველოში წლიურმა ინფლაციის დონემ (12 თვის ინფლაცია) 13.9% შეადგინა. ფასების ზრდა 2022 წელსაც გაგრძელდა და იანვარ-აპრილში ინფლაციამ 6.4% შეადგინა, წლიური ინფლაცია (2021 წლის აპრილი 2022 წლის აპრილთან) კი 12.8%-ია.
მარტში წლიური ინფლაცია 11.8% იყო. აპრილში ფასები (მარტთან შედარებით) 1.8% გაიზარდა და წლიურმა (12 თვის) ინფლაციამ 12.8% შეადგინა.
წლიური ინფლაცია საქართველოში, აპრილი/აპრილთან
ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად ტრანსპორტი (მოიცავს საწვავის ფასსაც) გაძვირდა 22.4%-ით. სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 21.3%-ით გაძვირდა, სასტუმროები და რესტორნები – 12.5%-ით, ავეჯი და საოჯახო ნივთები – 10%-ით, ბინის ქირა და კომუნალური გადასახადები – 9.4%-ით.
თუ ჩაშლილად, ცალკეული საქონლისა და მომსახურების მიხედვით ვნახავთ, ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად, 290%-ით, კომბოსტო გაძვირდა. შემდეგ ბადრიჯანი მოდის, რომელიც 120%-ით გაძვირდა, კარტოფილი 54%-ით. ბენზინი 41%-ით გაძვირდა, დიზელის საწვავი 53%-ით.
საქსტატის ინფორმაციით, ბოლო ერთ წელიწადში შარვალი (18%-ით) და კაბა (21%-ით) გაიაფდა. სურსათიდან მნიშვნელოვნად მხოლოდ ლიმონია გაიაფებული – 16%-ით.
საქონელი და მომსახურება, რომელიც ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად გაძვირდა
საქონელი და მომსახურება | გაძვირების % |
კომბოსტო | 290% |
ბადრიჯანი | 120% |
ქლიავი | 57% |
მარგარინი | 54% |
კარტოფილი | 54% |
დიზელის საწვავი | 53% |
კიტრი | 44% |
ელექტროყავადანი | 43% |
ბენზინი | 41% |
წიწიბურა | 39% |
მონაცემთა წყარო: საქსტატი
ცალკე აღებულ აპრილის თვეში (აპრილის ფასები რომ შევადაროთ მარტის ფასებს) ყველაზე მეტად საზაფხულო ფეხსაცმელი გაძვირდა – 36%-ით. შემდეგ მოდის ხახვი 29%-ით. წიწაკა 27%-ით გაძვირდა, ავტობუსით მგზავრობა 24%-ით. აპრილში გაძვირებით ყველაზე მეტად ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და სურსათი იყო გამორჩეული. სურსათი საშუალოდ 3.3%-ით გაძვირდა.
საქსტატის ინფორმაციით, აპრილში ყველაზე მეტად – 13%-ით ბავშვის ქურთუკი გაიაფდა. 10%-ით გაიაფდა ჭურჭლის სინთეტიკური სარეცხი საშუალებები, 9-9%-ით მწვანე ლობიო და მწვანილი.
საქონელი და მომსახურება, რომელიც 2022 წლის აპრილში (მარტთან შედარებით) ყველაზე მეტად გაძვირდა
საქონელი და მომსახურება | გაძვირების % |
საზაფხულო ფეხსაცმელი | 36% |
ხახვი | 29% |
წიწაკა | 27% |
საგარეუბნო ავტობუსით მგზავრობა | 24% |
ჭარხალი | 23% |
სიმინდის ფქვილი | 23% |
საზაფხულო კაბა | 21% |
პომიდორი | 19% |
მარგარინი | 17% |
ყურძენი | 12% |
მონაცემთა წყარო: საქსტატი
11 მაისს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) მონეტარული პოლიტიკის საბჭოს სხდომა გამართა. სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად, 11%-ის დონეზე დატოვა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ინფლაციის დონე ისევ მაღალია, ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის ბოლოდროინდელი გამყარების და უკვე საკმაოდ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის გამო, ამ ეტაპზე, მეტად გამკაცრება საჭიროდ არ ჩათვალა. თუმცა ახლო მომავალში შესაძლოა, უცხოური ვალუტით სესხების გაცემა შეზღუდოს ანუ უცხოური ვალუტით მოზიდულ სახსრებზე სარეზერვო მოთხოვნის არსებული ზედა ზღვარი (25%) გაზარდოს, რაც ერთობლივ მოთხოვნას შეამცირებს და ფასების სტაბილურობას შეუწყობს ხელს.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბოლო ერთ წელიწადში ფასები გლობალურად გაიზარდა და საქართველო გამონაკლისი არ არის, თუმცა საქართველოში მეტად გაიზარდა, ვიდრე მსოფლიო ქვეყნების უმეტესობაში. ქვეყნების მიხედვით ინფლაციის მაჩვენებელზე ოპერატიულ ინფორმაციას ვებსაიტი tradingeconomics-ი აქვეყნებს. დღეისათვის 178 ქვეყნის წლიური ინფლაციის მონაცემები აქვს გამოქვეყნებული, საიდანაც უმეტესობაზე 2022 წლის აპრილის ინფორმაციაა მოცემული, ხოლო დანარჩენზე – წინა თვეების მდგომარეობით. აღნიშნული სტატისტიკის მიხედვით, საქართველო აპრილში დაფიქსირებული წლიური 12.8%-იანი ინფლაციის დონით მსოფლიოში 36-ე ადგილზეა. ბოლო ერთ წელიწადში ფასები საქართველოზე მეტად მხოლოდ 35 ქვეყანაში გაიზარდა.
ინფლაციის დონით პირველ ადგილზე სუდანია, სადაც ბოლო ერთ წელიწადში ფასები 260%-ით გაიზარდა. შემდეგ მოდის ვენესუელა 222%-ით და ლიბანი 206%-ით. ჩვენთვის საინტერესოა ის, რომ მეზობელ ქვეყანაში თურქეთში აპრილის მონაცემებით 70%-იანი ინფლაციაა და ამ მაჩვენებლით თურქეთი მსოფლიოში მე-6 ადგილზეა. თურქეთში ინფლაციის მთავარი მიზეზი ეროვნული ვალუტის – ლირის მნიშვნელოვანი გაუფასურება და ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობის შეზღუდვაა. რუსეთში წლიური ინფლაცია 17.8%-ია, რაც რუსეთისთვის დაწესებული სანქციებითაა გამოწვეული. სომხეთში წლიური ინფლაცია 8.4%-ია, აზერბაიჯანში – 12.4%.
ინფლაციის დონით საქართველოსთან ყველაზე ახლოს ეგვიპტე (13.1%), ლატვია (13%) და მიანმარია (12.6%).
ბოლო ერთ წელიწადში დეფლაცია, ანუ ფასების საშუალო დონის შემცირება, არც ერთ ქვეყანაში არ დაფიქსირებულა. ყველაზე დაბალი წლიური ინფლაცია ბოლივიაშია – 0.9%. ასევე დაბალი ინფლაციაა ჰონგ-კონგში – 1.9% და ჩინეთში – 2.1%.
განვითარებული ქვეყნებიდან ყველაზე მაღალი ინფლაცია ესტონეთშია – 18.8%. შემდეგ მოდის ლიეტუვა 16.8%-ით და ჩეხეთი 14.2%-ით. აშშ-ში აპრილში წლიური ინფლაცია 8.3%-მდე გაიზარდა, რაც ბოლო 40 წლის რეკორდული მაჩვენებელია. ევროკავშირში წლიური ინფლაცია 8.1%-ია.
მსოფლიო დონეზე მაღალ ინფლაციას მნიშვნელოვანი საერთო საფუძველი აქვს – გაძვირდა პირველადი მოხმარების საქონელი. ბოლო ერთ წელიწადში ნავთობი 67%-ით გაძვირდა. ბარელი ნავთობის ფასი 110 აშშ დოლარს გადასცდა, რაც ბოლო 14 წლის რეკორდული მაჩვენებელია. მარტის დასაწყისში ბარელი ნავთობის ფასი 130 დოლარამდეც იყო გაზრდილი, რაც რუსეთ-უკრაინის ომმა გამოიწვია, რადგან რუსეთი ნავთობის მიმწოდებელი ქვეყანაა და მისთვის დაწესებული სანქციების გამო, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის მიწოდების კლებას მოელიან. თუმცა აჟიოტაჟის გადავლის და ამერიკის მიერ რეზერვებიდან ნავთობის მიწოდების ზრდის გამო, ბარელი ნავთობის ფასი 110 დოლარამდე შემცირდა. ლითონები და მინერალები 22%-ით გაძვირდა. ბუნებრივი აირი 111%-ით არის გაძვირებული.
მნიშვნელოვნად არის გაძვირებული სურსათი. მათ შორის, ბოლო ერთ წელიწადში ყავა 22%-ით გაძვირდა, ხორბალი 43%-ით, ზეთი 35%-ით, რძე 35%-ით, შაქარი 20%-ით.
ბარელი ნავთობის (Crude oil) საშუალო თვიური ფასი, აშშ დოლარი
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე გლობალურად ფასების სწრაფად დასტაბილურება იყო მოსალოდნელი, რადგან მსოფლიო პანდემიის ეკონომიკაზე გავლენიდან გამოდიოდა. თუმცა ომმა და მისმა გავლენამ მსოფლიო ეკონომიკაზე ეს მოლოდინები უკვე შეცვალა, ფასებმა ისევ ზრდა დაიწყო. დასავლეთის ქვეყნები მზად არიან, ენერგორესურსები და მნიშვნელოვანი პროდუქცია ძვირად იყიდონ, ოღონდ რუსეთისგან არ შეიძინონ.
ინფლაციის შესაკავებლად აშშ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.5% პუნქტით გაზარდა და ახალი გამოწვევებიდან გამომდინარე კიდევ ზრდაა მოსალოდნელი. ამერიკის მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას აშშ/ევროს გაცვლითი კურსის ისტორიული გამყარება მოჰყვა შედეგად. 1 დოლარის ფასი 1.05 ევრომდე ჩამოვიდა, რაც ევროს არსებობის ისტორიაში მინიმალური ნიშნულია.